"5-11 წლის ბავშვებში "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენების სარგებელი რისკებს აჭარბებს" - რას აცხადებენ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში? - კვირის პალიტრა

"5-11 წლის ბავშვებში "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენების სარგებელი რისკებს აჭარბებს" - რას აცხადებენ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში?

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მეცნიერები აცხადებენ, რომ "ფაიზერ/ბიონტექის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სავარაუდო სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს. მანამდე ვაქცინის შემქმნელმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამასთან, კომპანიების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე 12-დან 15 წლამდე ასაკის ვაქცინირებულ ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 11 წლის ასაკის ბავშვები ვაქცინის უფრო მცირე დოზით აცრეს.

თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების "ფაიზერის" ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. "ფაიზერმა" აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) საკუთარი ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცების თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.

შეგახსენებთ, აშშ-ის მარეგულირებლებს "ფაიზერის" ვაქცინის 12 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების ნებართვა გაცემული აქვთ. ამ დრომდე აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 190 მილიონი ადამიანი, აქედან 11 მილიონი - 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდია, რომელიც "ფაიზერითაა" აცრილი.

"ინტერპრესნიუსი"