"თალიბანი" მიესალმება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან მათი შესაძლო ამოღების შესახებ - კვირის პალიტრა

"თალიბანი" მიესალმება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან მათი შესაძლო ამოღების შესახებ

"თალიბანი" მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან მათი შესაძლო ამოღების შესახებ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აბდულ კაჰარ ბალხიმ განაცხადა.

"ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას საამიროს ლიდერების "შავი სიიდან" ამოღების შესახებ,"- აღნიშნა "თალიბანის" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა და ამიტომ სხვა ქვეყნებმაც უნდა შეიტანონ პოზიტიური ცვლილებები "თალიბანის" მიმართ მათ დამოკიდებულებასა და ურთიერთობებში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ექსტრემისტული დაჯგუფებების სიიდან "თალიბების" ამოღების საკითხს განიხილავს. ამასთან რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება გაერო-ს დონეზე უნდა მოხდეს.