"ვაქცინაცია ერთ-ერთი იარაღია და არა "ვერცხლის ტყვია" პანდემიასთან ბრძოლაში" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაცია ერთ-ერთი იარაღია და არა "ვერცხლის ტყვია" პანდემიასთან ბრძოლაში"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერი სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ პანდემიის დასასრულებლად მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი.

"ვაქცინაცია მხოლოდ ერთი იარაღია. ის არ არის "ვერცხლის ტყვია". ვაქცინები ძალზე ეფექტურია მძიმე დაავადებებისგან დასაცავად, მაგრამ დაინფიცირების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტური არ არის,"- განაცხადა ჯანმო-ს მეცნიერმა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში უთანასწორობა უდიდესი პრობლემაა და თუკი მსოფლიო სოლიდარობას არ გამოიჩენს, პანდემიის დასრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

"პანდემიის დასრულებას მეტი დრო დასჭირდება, თუ მსოფლიო არ გადაწყვეტს გამოიჩინოს სოლიდარობა, გააზიაროს პანდემიასთან ბრძოლის ის საშუალებები, ვაქცინები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რაც დღეს გვაქვს, რათა შევაჩეროთ სიკვდილი. მსოფლიოში ყოველ კვირაში კოვიდ 19-ით ჯერ კიდევ 40 000-45 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ეს უნდა შეწყდეს,"- აღნიშნა სუმია სვამინათანმა.

ამასთან, მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მომავალი პანდემიისთვის მომზადების მიზნით ინვესტირება განახორციელოს, რათა თავიდან აიცილოს დამანგრეველი შედეგები, რომელიც მსოფლიომ ბოლო 20 თვის განმავლობაში განიცადა.

"სამყარომ კვლავ უნდა იფიქროს პანდემიისთვის მზადყოფნაზე," - აღნიშნა სვამინათანმა და დასძინა, რომ არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს : "როგორ მოვემზადოთ მომავალი პანდემიის პრევენციისთვის? და თუ ეს შეუძლებელი იქნება, როგორ აღმოვაჩინოთ ის ადრეულ ეტაპზე და როგორ გავუმკლავდეთ მას?"

"ინტერპრესნიუსი"