"ერდოღანის ნაბიჯები ჰიტლერის მოქმედებას ჰგავს. რით დაასრულა ფიურერმა?..." - როგორ ეხმაურება რუსული მედია თურქეთის ლიდერის სკანდალურ გადაწყვეტილებას - კვირის პალიტრა

"ერდოღანის ნაბიჯები ჰიტლერის მოქმედებას ჰგავს. რით დაასრულა ფიურერმა?..." - როგორ ეხმაურება რუსული მედია თურქეთის ლიდერის სკანდალურ გადაწყვეტილებას

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, ათი ქვეყნის ელჩების გაძევებას, რუსული მედია აქტიურად აშუქებს.

რუსული ცნობილი მედიასაშუალება - "რადიო კომსომოლსკაია პრავდა" (Радио Комсомольская правда) აქვეყნებს პუბლიკაციას - "რეჯეფ ერდოღანის ნაბიჯები 1930-იანი წლების ადოლფ ჰიტლერის მოქმედებას ჰგავს. გავიხსენოთ, რით დაასრულა ფიურერმა...". სტუდიაში ჟურნალისტებთან - ელენა აფონინასთან და ანდრეი ბარანოვთან სასაუბროდ მიწვეული პოლიტოლოგი ალექსი მარტინოვი კრიტიკულად აფასებს თურქეთის მეთაურის ნათქვამს.

ელენა აფონინას კითხვაზე - რეჯეფ ერდოღანი ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა, იგი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების როლს და საქმიანობასაც ეჭვქვეშ აყენებს... რას სურს თურქეთის პრეზიდენტს და რას გააკეთებს რუსეთი ამ დროს? - ალექსი მარტინოვი პასუხობს:

"ზოგიერთი სხვა ექსპერტისაგან განსხვავებით, რომელიც თურქეთის ლიდერის ნაბიჯით აღფრთოვანებული არის, - შეხედეთ, დასავლეთი ფეხზე დაიკიდა, მის ელჩებს ქვეყნიდან აგდებსო, - თურქი ლიდერის განცხადებას პირადად, მე, კრიტიკულად ვუდგები. მან ისტორიის გადაწერა დიდი ხნის წინ დაიწყო - არა მარტო თურქეთის (ოსმალეთის), არამედ - მეორე მსოფლიოს ომის მოვლენებისაც... ეს სუპერთავხედობის გამოვლინებაა".

ანდრეი ბარანოვის თქმით, თურქეთი თავისი მდგომარეობით კარგად სარგებლობს, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა არავის სურს. თურქეთის მდებარეობა სტრატეგიულია - მას ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთის რეგიონი - სირიის სახით, ამიერკავკასია - სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის სახით, იქიდან კი - ჩვენი ჩრდილო-კავკასია ერთი ხელის გაწვდენაზეა. ყველას ახსოვს რეჯეფ ერდოღანის განცხადებები საქართველოდან - ბათუმიდან საბერძნეთამდე - სალონიკამდე არსებულ ტერიტორიებზე პრეტენზიების შესახებ. აი, მისთვის მაშინ უნდა გაეცათ პასუხი, მაგრამ საქართველომ და საბერძნეთმა, რატომღაც, დუმილი არჩიეს. ყოველ შემთხვევაში, მე მათ პროტესტს ვერ ვიხსენებ... ახლაც, ელჩების გაგდებაზე მისი დემარში, ფაქტობრივად, რეაქციის გარეშე რჩება. რეჯეფ ერდოღანი ხვდება, რომ მასთან ურთიერთობას არავინ გააფუჭებს. აი, ჩვენც ხომ ჩამოგვიგდო თვითმფრინავი, შევურიგდით, ახლა უკრაინაში, დონბასში წავა თავისი "ბაირახტრებით", დაბომბავს და დაანგრევს..."

ალექსი მარტინოვის აზრით, "თურქეთის ლიდერის მოქმედება 1930-იან წლებში ადოლფ ჰიტლერის მოქმედებას შეიძლება შევადაროთ, რომელსაც ოსმალეთის ლიდერების - "მლადოთურქების" პოლიტიკა ძალიან მოსწონდა. ისიც ერდოღანივით მსგავს, კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ მასთან დავა და ურთიერთობის გამწვავება არავის სურდა, ყველა დათმობაზე მიდიოდა და უნდოდათ, რომ მას მზერა აღმოსავლეთისაკენ - რუსეთისაკენ მიემართა... ახლაც, თურქეთს არაფერს ეუბნებიან და მას ისევ ჩრდილოეთისაკენ - რუსეთისაკენ, კავკასიისაკენ უბიძგებენ... არადა, რეჯეფ ერდოღანს უნდა ახსოვდეს, რომ იგი სიკვდილს თავისმა რუსმა კოლეგამ - ვლადიმერ პუტინმა გადაარჩინა, როცა 2015 წელს, სამხედრო გადატრიალების დროს, დაურეკა და შეატყობინა, რომ მის რეზიდენციას ამბოხებულები დაბომბვას უპირებდნენ. მან სულ მცირე ხნით გაასწრო". (წყარო)

----------

რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკი კომსომოლეცმა" (Московский комсомолец) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "როგორ აფასებენ ექსპერტები რეჯეფ ერდოღანის გადაწყვეტილებას დასავლელი ელჩების ქვეყნიდან გაძევებაზე" (ავტორი - რენატ აბდულინი).

"თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, რომელიც ცნობილია თავისი იმპულსური და გაბედული ნაბიჯებით, ათი ქვეყნის - აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიის - ელჩები "პერსონა ნონ-გრატად" ("არასასურველ პიროვნებად") გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები არიან და, რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებში ანკარის მოკავშირეებს წარმოადგენენ, თურქი ლიდერი არ შეჩერდა და მაინც თავისი გაიტანა.

რა აერთიანებთ ამ ქვეყნებს, რომელთა ელჩებმა თურქეთის პრეზიდენტი გააბრაზეს? ირონიულია, რომ თურქეთ-დასავლეთის ურთიერთოების გამწვავების მიზეზი ხუთი წლის წინ მომხდარი ამბავი გახდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ათი ქვეყნის ელჩი თურქი აქტივისტის - ორმან კავალუს მხარდადმჭერებად გამოვიდნენ, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს დააპატიმრეს. ამ უფლებადამცველს, როგორც სტამბოლში ანტისამთავრობო პროტესტების ერთ-ერთ ორგანიზატორს, თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი 2013 წელს წაუყენა, მაგრამ სასამართლომ იგი გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ თურქმა სამართალდამცველებმა კვლავ გაიხსენეს ოსმან კავალა და მას ამჯერად ბრალი დასდეს 2016 წელს მომხდარი სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში. იგი ისევ დააკავეს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის ერთობლივი განცხადება, რომელსაც ოქტომბრის შუა რიცხვებში ელჩებმა ხელი მოაწერეს და გამოაქვეყნეს, ძალზე უპასუხისმგებლო ნაბიჯია და თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. კაცმა რომ თქვას, ბევრი არ ელოდა, რომ ანკარის მხრიდან საქმე ამ დონის დიპლომატიურ დემარშამდე მივიდოდა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანმა "თამასა მაღლა ასწია" და ისედაც რთული ურთიერთობა ჩამოთვლილ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაამწვავა.

მოდი, ექსპერტ-თურქოლოგების კომენტარებს მოვუსმინოთ:

როგორც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-მუშაკი ალექსანდრე ვასილიევი ამბობს, თურქეთის ლიდერის მოქმედებას საგარეო-პოლიტიკური სარჩულიც აქვს და - საშინაო-პოლიტიკურიც:

"ჯერ ერთი, რომ "ახალ თურქეთს" ძველი ოსმალეთის იმპერიიდან დეზინტეგრაციის მიზეზები გადმოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დიდი ეროვნული დიასპორების არსებობა, ვთქვათ, ქურთისტანის პრობლემა. მთავრობა ხშირად უგულებელყოფს ეროვნული უმცირესობების მოთხოვნებს, რასაც ადამიანის უფლებების დარღვევა მოსდევს. თავის მხრივ, დასავლეთი სანქციებს უცხადებს თურქეთს, რომელიც მთავრობის ნეგატიურ რეაქციას იწვევს და სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია რეჯეფ ერდოღანის რეიტინგის დაცემა ქვეყნის შიგნით. გავიხსენოთ, რომ 2015 წელს მას მსგავსი მდგომარეობა ჰქონდა და ეროვნულ-პატრიოტული ლოზუნგებით რუსეთთან ურთიერთობა გაამწვავა. გარკვეული ხნით ამომრჩეველი მას გვერდით დაუდგა... ახლაც, როცა 2023 წლის არჩევნები ახლოვდება, ქვეყანაში კი ცუდი ეკონომიკური ვითარებაა, პრეზიდენტს მტკიცე ნაბიჯების გადადგმა და ხალხისადმი იმის ჩვენება უნდა, რომ "რეჯეფი მაგარია".

ანკარა და ვაშინგტონი ბევრ საკითხში ვერ თანხმდებიან. ვფიქრობ, ამერიკას რეჯეფ ერდოღანის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი კომპრომატები აქვს, რომელიც ანკარას ირანისადმი სტრატეგიული პროდუქციით და ტექნოლოგიებით დახმარებაში ამხელს. არჩევნების დროს ეს კომპრომატი "ამოტივტივდება". რეჯეფ ერდოღანს დასაკარგი არაფერი აქვს: თურქეთი ნატოს წევრია, მას ესმის, რომ მას ვერც ერთი, იმ ათი ქვეყნიდან, ვერაფერს დააკლებს, გარდა ამისა, თუ მას მაინც "შეაჩვენებენ", რეზერვში რუსეთთან დაახლოების ფაქტორი აქვს - მჭიდრო პირადი დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინთან".

თავის მხრივ, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის აზიური და აფრიკული კვლევების ცენტრის წამყვანი თანამშრომელი ალექსი ობრაზცოვი ამბობს, რომ რეჯეფ ერდოღანის მოქმედება ფართო საერთაშორისო კონტექსტით უნდა იქნეს განხილული: მისი განცხადება ამტკიცებს, რომ მარადიული ალიანსების ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

"დღეისათვის ბლოკები სიტუაციურია და მათ გრძელვადიანი ხასიათი არ აქვს. თურქეთი, თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ ახსენებს პარტნიორებს, რომ ის ნატოში თავს დაჩაგრულად გრძნობს და ამიტომ მხოლოდ თავის სასარგებლო პოლიტიკას გაატარებს.

რას გააკეთებს დასავლეთი ასეთ სიტუაციაში, ჯერჯერობით გაურკვეველია. სავარაუდოდ, განცხადებების იქით საქმე არ წავა. ამერიკას აღშფოთება შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით ვაშინგტონს ანკარაზე ზეწოლის ბერკეტები აღარ აქვს - რაც ჰქონდა, უკვე გამოიყენა, ერდოღანი კი ისევ დგას. კაცმა რომ თქვას, ისიც გასარკვევია, ვინ ვის უფრო სჭირდება", - ასეთ კომენტარს აკეთებს ალექსი ობრაზცოვი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ