გახდება თუ არა ისლამისა და ფემინიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ერიკ ზემური მაკრონის რეალური კონკურენტი? - ვინ არის "ფრანგულ ტრამპად" წოდებული პუბლიცისტი - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა ისლამისა და ფემინიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ერიკ ზემური მაკრონის რეალური კონკურენტი? - ვინ არის "ფრანგულ ტრამპად" წოდებული პუბლიცისტი

ფრანგი პუბლიცისტი ერიკ ზემური, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, საფრანგეთის რთულ მდგომარეობას მიგრანტთა ქვეყანაში შესვლას უკავშირებს. იგი, როგორც ჩანს, სხვა საზოგადო მოღვაწეებისგან განსხვავებული აზრისაა, მამაკაცთა უფლებებს იცავს და არც ნაცისტური რეჟიმის იდეათა წინააღმდეგია.

ქვეყანაში ჩატარებული ბოლო სოციალური გამოკითხვის მიხედვით, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მას მოსახლეობის 17% უჭერს მხარს, რითაც ყველა დანარჩენ კანდიდატს უსწრებს, მოქმედი პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის გარდა. "ფრანგული ტრამპი - ეს თქვენ ხართ!" - დაწერა უცნობი მოსაუბრის ციტატა თავის წიგნში პუბლიცისტმა და როგორც ჩანს, იგი ამაყობს კიდეც ამ შედარებით.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ამერიკის ექსპრეზიდენტ ტრამპს, არც ფრანგ პუბლიცისტს აქვს პოლიტიკური გამოცდილება.  ექსპერტები აფასებენ, რომ, ტრამპის მსგავსად, ისიც საოცარ წინადადებებს ამბობს და ამით საზოგადოებას ხიბლავს, პროფესიონალ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს კი - იმედს უცრუებს.

როგორც აღმოჩნდა, ფრანგ პუბლიცისტ ზემურს, ექსპრეზიდენტ ტრამპის მსგავსად, ქალები სექსუალურ შევიწროებაშიც ადანაშაულებენ. იგი არ აპირებს არავისთან ბოდიშის მოხდას, მათ შორის - არც საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმანებთან და ფერადკანიანებთან, რის გამოც უკვე ორჯერ გაასამართლეს.

ვინ არის ერიკ ზემური

63 წლის ერიკ ზემური უკვე დიდი ხანია, პუბლიცისტიკითაა დაკავებული. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია "ფრანგული სუიციდი". წიგნში იგი ღიად ებრძვის "ფემინიზაციასა" და საზოგადოებას მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ძველ ღირებულებებს, როგორიცაა - ოჯახი, ეროვნება, სახელმწიფო და სხვა.

ზემურს იდეალად წარსული მიაჩნია, რომელიც მემარცხენე იდეებისგან თავისუფალია, სადაც არც თანასწორობაა და არც რასიზმთან ბრძოლა, წარსული, სადაც "ავტობუსის ახალგაზრდა მძღოლს შეეძლო ცელქი ხელით უეცრად მგზავრი ქალის სხეულს შეხებოდა და ამის გამო ქალი მას სექსუალური ძალადობის გამო არ უჩივლებდა".

კიდევ ერთი სკანდალური პოზიცია პუბლიცისტის პოლიტიკურ შეხედულებას ეხება, როცა ზემურმა სცადა, გაემართლებინა მარშალ ანრი პეტენის შეხედულებები და ვიშის რეჟიმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდა.

როგორც ფრანგი პუბლიცისტი ამტკიცებს, ვიშის რეჟიმი ნაცისტებს ებრაელებს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს გადასცემდა, რადგან რეჟიმს ფრანგი ებრაელების დაცვა სურდა. ზემურის ეს განცხადება ისტორიულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია, საფრანგეთის ვიშისტურმა მთავრობამ, რომელსაც მარშალი ანრი ფილიპ პეტენი ხელმძღვანელობდა, ნაცისტებს გადასცა ებრაელები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორის ათასობით საფრანგეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ თავად ზემური ემიგრანტი ალჟირელი ებრაელების ოჯახში გაიზარდა.

ექსპერტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ბოლომდე არ იზიარებენ "ფრანგული ტრამპის" შეხედულებებს და სოციალურ ქსელში ხუმრობენ კიდეც. ერთ-ერთმა ფრანგმა პოლიტოლოგმა ზემურის პაროდია გააკეთა და "ტვიტერზე" დაწერა:

"სინამდვილეში, კარლ IX-ს პროტესტანტების დაცვა სურდა" - ცნობილია, რომ მეფე კარლ IX-ის დროს დაიწყეს პროტესტანტების მასობრივი მკვლელობა და მის დროს მოეწყო "ბართლომეს ღამეც".

პუბლიკაციების გარდა, ზემურს პოპულარობა CNews-ის ეთერში გასულმა საავტორო შოუმ მოუტანა. როგორც ამბობენ, ტელევიზია უპირატესობას საავტორო გადაცემებს ანიჭებს და წამყვანებს შესაძლებლობას აძლევს, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე იდეებიც გააჟღერონ.

ზემურის შოუ შაბათს საღამოს გადიოდა და საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობდა. შოუში ის მუდამ საუბრობდა მიგრანტებზე, ისლამსა და ფრანგულ იდენტობაზე. მისი ოპონენტები კი ხშირად მაღალჩინოსნები, მათ შორის - საფრანგეთის 7 მინისტრი გახლდათ.

"რაც უფრო ცნობილი პიროვნება ხდება, მით უფრო იმყარებს თავის მემარჯვენე იდეებს, როგორც ჩანს, წარმატება მას სიმამაცესაც მატებს", - ამბობს ფრანგი პროფესორი ფილიპ მარლერი.

სექტემბერში პუბლიცისტის შოუ დახურეს. მარეგულირებელმა საბჭომ ტელევიზიას მოსთხოვა, შოუ დაეხურათ, ზემური კი, მემარჯვენე იდეების გამო, არა ჟურნალისტად, არამედ - პოლიტიკოსად ჩაეთვალათ. ფრანგული კანონების მიხედვით, არხს სხვა პოლიტიკოსებისთვისაც იგივე დრო უნდა დაეთმო, რა დროც ზემურს ეთმობოდა. ამ პერიოდისთვის პარიზის ქუჩებში ზემურის მხარდამჭერი პლაკატებიც გააკრეს, წარწერით - "ზემური პრეზიდენტად" და მისი საარჩევნო შტაბისთვის ფართობიც კი იქირავეს.

სოციალური გამოკითხვის შედეგად, რომელიც საფრანგეთში ოქტომბერში ჩატარდა, ცნობილი გახდა, რომ თუ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზემური მიიღებს მონაწილეობას, ამ ეტაპზე მას მოსახლეობის 17% დაუჭერს მხარს. შედეგების შედარებისას აღმოაჩინეს, რომ ფრანგი პუბლიცისტი ყველა პოლიტიკოსის რეიტინგს უსწრებს და მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს კი ქვეყნის პრეზიდენტი 24%-იანი მხარდაჭერით იკავებს. მიუხედავად ამ შედეგისა, ზემურს ოფიციალურად მისი კანდიდატურა ჯერ კიდევ არ დაუსახელებია.

მარინ ლე პენი, რომელიც ფრანგულ პოლიტიკაში მაკრონის ყველაზე მძლავრ ოპონენტად ითვლებოდა და 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, სოციალური გამოკითხვისას ზემურს ჩამორჩება, მას გამოკითხულთა 15% უჭერს მხარს.

ლე პენისგან განსხვავებით, ზემური არ ცდილობს, მისი მემარჯვენე აზრები საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან მოითხოვა, საფრანგეთში შემოიღონ ახალი კანონი და აიკრძალოს უცხოური სახელები, როგორიცაა - მუჰამედი, ჯორდანი, კევინი და სხვა.

უცნაურ შეხედულებებს ზემური პოლიტიკოსთა მიმართაც ახმოვანებდა.

"როცა იგი სირიის ცაზე თავის ვერტმფრენებს უშვებს, იმ პრინციპებს ეყრდნობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ XIX საუკუნეში: ომი, ეს ნორმალური საშუალებაა პოლიტიკის წარსამართად; ლეგიტიმური საშუალებაა უდიდესი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. პუტინი იცავს მის მოკავშირეებს", - წერდა ზემური რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის შესახებ.

"ზემური ბოროტ ჯინს ჰგავს, რომელიც ბოთლიდან ამოუშვეს", - ამბობს ზემურის პოლიტიკური იდეების შეფასებისას პროფესორი მარლერი.

"იგი ფრანგული ისტორიის პანდორას ყუთია. ღიად საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებზეც ბოლო 40 წლის განმავლობაში ფრანგი პოლიტიკოსები შენიღბულად საუბრობდნენ. ისლამზე, მიგრაციაზე, ფრანგულ ღირებულებებზე საუბრობდნენ სარკოზიც, ოლანდიც და შირაქიც, თუმცა ზემური ამ ყველაფერს ზედმეტი მორიდების გარეშე ამბობს".

შემოდგომაზე რამდენიმე ქალმა ზემურს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. პირველი ბრალდება მას გაელ ლანფანმა წაუყენა, რომელიც მუნიციპალური საბჭოს დეპუტატია. ქალმა განაცხადა, რომ 2000-იან წლებში ზემურმა მას მისი ნების გარეშე აკოცა. ამ განცხადების შემდეგ მსგავსი ბრალდება პუბლიცისტს კიდევ შვიდმა ქალმა წაუყენა.

"დაველოდები, როდის დამპატიჟებთ თქვენთან, რომ გაგაუპატიუროთ", - წერია შეტყობინებაში, რომელიც ფრანგმა პუბლიცისტმა ერთ-ერთ ქალს გაუგზავნა.

ჟურნალისტთა კითხვებს ზემურმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა თავის გამოსვლებში სექსუალური ძალადობა მან უწყინარ ფლირტად შეაფასა, რისი უფლების წართმევას მამაკაცებისთვის ფემინისტები აქტიურად ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ არცერთი ეს ბრალდება სასამართლომდე არ მისულა, თუმცა რამდენიმე პროვოკაციულმა განცხადებამ ზემურს დიდი ზიანი მიაყენა.

2011 წელს იგი გაასამართლეს, რადგან განაცხადა, რომ, "ნარკომოვაჭრეთა დიდი ნაწილი ფერადკანიანები და არაბები არიან". 2019 წელს პუბლიცისტი მეორედ გაასამართლეს, რადგან ფრანგ მუსლიმანებს კოლონიზატორები უწოდა. (წყარო)