"პენტაგონი შავ ზღვას ყურადღებას აქცევს, მაგრამ მისი გეგმები რუსეთის შეკავების წინააღმდეგ ბუნდოვანია" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პენტაგონი შავ ზღვას ყურადღებას აქცევს, მაგრამ მისი გეგმები რუსეთის შეკავების წინააღმდეგ ბუნდოვანია" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა

ამერიკულ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "პენტაგონი შავ ზღვას ყურადღებას აქცევს, მაგრამ მისი გეგმები რუსეთის შეკავების წინააღმდეგ ბუნდოვანია" (ავტორი - კარუნ დემირჭიანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი), განხილულია აშშ-ის თავადაცვის მინისტრის - ლოიდ ოსტინის ამასწინანდელი ვიზიტის შედეგები შავიზღვისპირა ქვეყნებში - საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ლოიდ ოსტინი შეეცადა, თბილისისთვის და კიევისთვის ვაშინგტონის მხარდაჭერა ეჩვენებინა, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა მკაფიოდ ფორმულირება იმისა, თუ როგორი სახით აქვს მას განზრახული შავი ზღვის რეგიონში სულ უფრო გაძლიერებული რუსული აგრესიის მოგერიება.

"როგორია ჩვენი სტრატეგია? რატომ არ ვფიქრობთ შავი ზღვის რეგიონზე? ამ კითხვებზე პასუხები არ არის", - აცხადებს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელიც პრეზიდენტების - ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, გარკვეული დროის განმავლობაში, ევროპაში დისლოცირებული ამერიკული არმიის სარდალი იყო, ახლა კი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრში მუშაობს. მისი თქმით, "იარაღის ის შეზღუდული რაოდენობა, რომელიც ამერიკამ რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას მიაწოდა (იგულისხმება საქართველო და უკრაინა), მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია და გრძელვადიან, მდგრად სტრატეგიას არ ეფუძნება".

შავი ზღვის რეგიონი ათი წელია, ბრძოლის ველად ითვლება, სადაც ერთმანეთს პროდასავლური და პრორუსული ძალები უპირისპირდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი საკმაოდ ხშირად გამოდის გამარჯვებული ამ კონფრონტაციაში. 2008 წელს დემოკრატიზაციის გზაზე მდგარ საქართველოსა და [ავტორიტარულ] რუსეთს შორის ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ, მოსკოვის მხარდაჭერით, საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა. 2014 წელს რუსეთმა უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა და მისი ოკუპირება განახორციელა, ასევე, დაეხმარა დონბასს კიევთან ბრძოლაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში პრორუსული მთავრობა დაემხო.

რუსეთი სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავს შავი ზღვის სამხედრო ფლოტის აღჭურვაში, ბოლო თვეების განმავლობაში კი მოსკოვი თავისი ძალების დემონსტრირებას დასავლეთის (ნატოს) ქვეყნების გემების წინააღმდეგ ახდენს, რომლებიც შავ ზღვაში გამართულ ერთობლივ წრთვნებში მონაწილეობენ.

ჯო ბაიდენი სიტყვით უკრაინას [და საქართველოს] მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ მათ მიმართ ვაშინგტონის პრაქტიკული შეთავაზება სულ უფრო მცირდება, რაც ლოიდ ოსტინის ტურნემაც აჩვენა: თავდაცვის მინისტრი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ რუსეთს მოუწოდა - შავ ზღვაში დესტაბილიზაციას ნუ იწვევ და კიბერთავდახმებს თავი დაანებეო.

"ისე ქარაგმულად ლაპარაკობენ, რომ ვერაფერს გაიგებ", - ამბობს ჯიმ ტაუსლენდი, ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერი-თანამშრომელი, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს პენტაგონში მუშაობდა, - "ისე ჩანს, შავ ზღვაში თითქოსდა რაღაც ხაზი არსებობს, რომლის გადაბიჯებას ჩვენ არ ვაპირებთ".

რასაკვირველია, აშშ ეხმარება საქართველოს და უკრაინას, რომლებთაც ნატოში მიღების პრეტენზია აქვთ - აწვდის მათ საპატრულო კატერებს, ნება დართო "ჯაველინების" შესყიდვაზე, გააფართოვა და გაზარდა ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო სწავლებების რაოდენობა... გარდა ამისა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ყოფნისას ხელი მოაწერა შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ, სამხედრო მომზადების სფეროში (მართალია, მასში ახალი არაფერია, უფრო ძველის გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ მაინც), ბრიუსელში ჩასვლისას კი ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთისგან თავს დაიცავს ახალი ანტირაკეტული ტექნიკით და მეხუთე თაობის ავიაციითო.

მაგრამ სადაა მათი კონკრეტული შინაარსი? რა დგას ამ განცხადებების უკან, რომლებიც თბილისში, კიევში და ბუქარესტში ვიზიტის დროს გაჟღერდა?", - ასეთი კითხვები ებადება იან ბჟეზინსკის, ატლანტური საბჭოს უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, რომელიც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს თავდაცვის მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა, - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმ შავიზღვისპირა ქვეყნების მიმართ, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, ორმაგი მიდგომები აქვს. სწორედ ამიტომ სარგებლობს რუსეთი სიტუაციით".

ალიანსი აშკარად არის შეშფოთებული რუსეთთან კონფლიქტის პერსპექტივით. ნატო ემზადება, რუსეთს წინააღმდეგობა რამდენიმე ფროტზე გაუწიოს, მაგრამ აშკარად არ სურს, ცეცხლზე ნავთი დაასხას, განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობას ეხება: ეს ქვეყნები ხომ ისეთ ტერიტორიულ დავებში არიან ჩაბმულნი, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს. კერძოდ, საფრანგეთი და გერმანია სკეპტიკურად უყურებენ მათ მიღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ - საქართველომაც და უკრაინამ - თავიანთი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გაგზავნეს, რეფორმებსაც ახორციელებენ და იღებენ ზომებს თავიანთი თავდაცვის სისტემების ნატოს სისტემებთან შეთავსებადობის მიზნით.

სხვათა შორის, იმ დროს, როცა ლოიდ ოსტინი შავი ზღვის ქვეყნებში დადიოდა და ამბობდა, - არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გადაწყვეტილებაზე ახალი წევრის მიღების საკითხშიო და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას გმობდა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა - უკრაინის სამხედრო გაძლიერება "რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს" და რომ ამ ქვეყნის ნატოში მიღება მოსკოვისათვის დასავლეთის მიერ წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავსო.

კარგია, რომ ლოიდ ოსტინის ვიზიტმა რუსეთის ლიდერის ყურადღება მიიპყრო - 2014 წლიდან აშშ-ის არცერთი თავდაცვის მინისტრი არ ყოფილა რუმინეთში და საქართველოში, უკრაინას კი პენტაგონის შეფი უკანასკნელად 2017 წელს ეწვია - მაგრამ შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის განხილვისას თურქეთის როლიც არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც ბოსფორ-დარდანელის სრუტეებს აკონტროლებს. შეიძლება ითქვას, ანკარის პოლიტიკა ნატოს საერთო ძალისხმევას გარკვეულწილად ასუსტებს - თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს მოსკოვთან იარაღის შესყიდვის სფეროში: სარაკეტო კომპლექს C-400-ის შეძენამ კიდევ უფრო გაართულა შავი ზღვის რეგიონული პრობლემების გადაჭრა საერთო ძალისხმევით.

მართალია, კაპიტოლიუმის ბორცვზე (კონგრესში) შავი ზღვისადმი დაინტერესება მატულობს - დღეს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების ქვეკომიტეტში მოსმენებია დანიშნული, მაგრამ ჯო ბაიდენის გუნდისაგან კომპლექსური გეგმის შემუშავება გვიანდება. "გლობალური სტრატეგიის მიმოხილვის" შედგენა ჭიანურდება და მხოლოდ წლის ბოლოს თუ იქნება მზად. არადა, ექსპერტები გვაფრთხილებენ: - თუ მიდგომები არ განახლდება, ძალთა ბალანსის შეცვლა აშშ-ის სასარგებლოდ გვიანი იქნებაო. "ჩვენ მოვლენებს ჩამოვრჩებით. ახლა ჯერ კიდევ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება, მაგრამ სამომავლოდ სასწორის გადახრა ჩვენს სასარგებლოდ რთული იქნება", - ამბობს ჯიმ ტაუსლენდი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ