"სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ, გერინგმა ციანიდით თავი მოიკლა. ვინ მოახერხა მისი შეტანა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, აქამდე უცნობია" - როგორ დასაჯეს ნაცისტი მაღალჩინოსნები? - კვირის პალიტრა

"სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ, გერინგმა ციანიდით თავი მოიკლა. ვინ მოახერხა მისი შეტანა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, აქამდე უცნობია" - როგორ დასაჯეს ნაცისტი მაღალჩინოსნები?

როგორ დასაჯეს ნაცისტი მაღალჩინოსნები?

1946 წელს, ნიუნბერგის პროცესზე მიღებული განაჩენის მიხედვით, ნაცისტი მაღალჩინოსნები, პირველად, სიკვდილით 16 ოქტომბერს დასაჯეს. 1951 წელს ლონდსბერგის ციხეში კი დამნაშავეების ბოლო სიკვდილით დასჯა მოეწყო.

სიკვდილმისჯილთაგან 12 ადამიანს ჩამოხრჩობა მიესაჯა. 16 ოქრომბრის ღამეს, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ, სამი საათით ადრე, გერმანელმა პოლიტიკოსმა, სამხედრომ და ნაცისტური პარტიის წევრმა ჰერმან გერინგმა ციანიდით თავი მოიკლა. ვინ მოახერხა ჰერინგისთვის საწამლავის კაფსულის შეტანა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, აქამდე უცნობია. დანარჩენი სიკვდილმისჯილები ნიუნგერგის ციხის სპორტდარბაზში დასაჯეს.

16 ოქტომბერს ციხის უფროსი ბადრაგთან ერთად, პირველად, იოახიმ ფონ რიბენტროპის საკანთან მივიდა. ის ნაცისტური გერმანიის გავლენიანი პოლიტიკოსი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ღამის პირველ საათზე ბადრაგმა მას ხელები თოკით შეუკრა და საკნიდან გაიყვანა. რიბენტროპი ეშაფოტზე აიყვანეს და სანამ გაასამართლებდნენ, ჰკითხეს, სიკვდილის წინ თუ სურდა რაიმეს თქმა. მისი ბოლო სიტყვები იყო:

"ღმერთო დაიცავი გერმანია. ჩემი უკანასკნელი სურვილია, შენარჩუნდეს გერმანიის ერთიანობა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთგაგებით მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს".

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც რიბენტროპი ხელმძღვანელობდა, უკანა პლანზე მოექცა, ამიტომ პოლიტიკოსმა ნაცისტურ ელიტაში თავისი სამინისტროს კადრები შუცშტაფელის წევრებით გაავსო. ეს დაჯგუფება ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში შედიოდა და სწორედ ისინი მიიჩნევიან ჰოლოკოსტში მთავარ დამნაშავეებად. შუცშტაფელები, იგივე ss-ელები, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უზრუნველყოფდნენ დაპყრობილი ტერიტორიებიდან ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტაციას. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ომის დამთავრების შემდეგ, რიბენტროპი ნიურნბერგის პროცესის მთავარ დამნაშავეთა სიაში მოხვდა.

რიბენტროპის სიტყვის შემდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში მშვიდობასა და სულის გადარჩენას ეხებოდა, უფროსმა სერჟანტმა ჯონ ვუდემ მას თავზე შავი თავსაბურავი ჩამოაცვა და კისერზე თოკი მოუჭირა. ჯალათმა თავისი საქმე შეასრულა.

როგორც ცნობილია, ამერიკული არმიის ჯალათს - ჯონ ვუდეს, ასობით სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა სისრულეში მოყვანილი, თუმცა ნაცისტების სიკვდილით დასჯის ორგანიზება კარგად ვერ მოახერხა. ჩამოსახრჩობი ყულფები არაწორად იყო დამზადებული და ზოგიერთ პატიმარს ყულფი თავზე არ ეტეოდა. სიკვდილით დასჯის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ვილჰელმ კაიტელს, რომელიც ნაცისტური გერმანიის ვერმახტის - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა. როგორც ცნობილია, სამხედრო მაღალჩინოსანმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, ჩამოხრჩობა დახვრეტით შეეცვალათ და, როგორც სამხედროს ეკადრებოდა, ისე გარდაცვლილიყო, თუმცა სასამართლომ თხოვნა არ დააკმაყოფილა, ის ნიუნბერგის ციხეში ჩამოახრჩვეს.

რაც შეეხება ჯონ ვუდეს, აღმოჩნდა, რომ მას არც ყულფი და არც თოკის სიგრძე გაუთვლია სწორად და სიკვდილმისჯილები სწრაფი სიკვდილის ნაცვლად, გაგუდვით იღუპებოდნენ. რიბენტროპი ჩამოხრჩობიდან 15 წუთის განმავლობაში ეწვალა, სანამ სიკვდილი დადგებოდა.

სიკვდილით დასჯის პროცესი გაჭიანურდა, ამიტომ ჯალათი და მისი დამხმარეები აჩქარდნენ, რადგან სწორედ 16 ოქტომბრის ღამეს იგეგმებოდა ყველას გასამართლება. სიკვდილით დასჯის შემდეგ, ბოლოს, დარბაზში გერინგის გვამი შეიტანეს და სახრჩობელის ქვემოთ დაასვენეს, ეს ერთგვარი სიმბოლური აქტი იყო.

გარდაცვლილთა გვამებს ფოტოები გადაუღეს და კუბოებში ჩაასვენეს. მეორე დღეს გარდაცვლილთა გვამები, დაცვის თანხლებით, მიუნხენის კრემატორიუმში გადაასვენეს.

როგორც ცნობილია, კრემატორიუმის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, ვისი გვამები უნდა დაეწვათ. იქ მყოფებს უთხრეს, რომ კუბოებში გარდაცვლილი ამერიკელი სამხედროები იყვნენ ჩასვენებული. კრემაციამდე ყველა გვამს ამოწმებდნენ, შიშობდნენ, რომ შესაძლოა, ვინმეს გარდაცვლილი მაღალჩინოსნების გვამები მოეპარა. ოპერაცია საიდუმლოდ მიმდინარეობდა და რამდენიმე საათს გაგრძელდა. გარდაცვლილთა ფერფლი დიდ ყუთში მოათავსეს და ორი დღის შემდეგ მდინარე იზარში საიდუმლოდ მიმოაბნიეს, ისე, რომ ზუსტი ადგილი არავინ იცის.

ნაცისტი მაღალჩინოსნების ბოლო სასამართლო პროცესი 1951 წლის 7 ივნისს შედგა. ისინი ლენდსბერსკის ციხეში გაასამართლეს, მათ შორის იყო ss-ის გენერალი ოსვალდ პოლი, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა ვარშავის გეტოს დანგრევას, რომელიც ებრაელთა უდიდესი დასახლება იყო. (წყარო)