ჩეინიმ თავის ნატქვამზე პასუხი უნდა აგოს - კვირის პალიტრა

ჩეინიმ თავის ნატქვამზე პასუხი უნდა აგოს

ამერიკის წიგნების მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის მემუარები. დიდი პოლიტიკის ვეტერანი წიგნში გამოთქვამს თავის შეხედულებას 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დაწყების მიზეზებზეც.

მისი თქმით, "ყველაფერი დაიწყო სამხრეთ ოსეთის ძალთა პროვოკაციით. მათ რუსი მეთაურების ხელმძღვანელობით დაცხრილეს ქართული სოფლები. ამას მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანება საპასუხო ზომების შესახებ, რამაც, ჩანს, პუტინს ქართველების წინააღმდეგ აგრესიული სამხედრო ოპერაციის გაშლის საბაბი მისცა".

ბატონი ჩეინის უკმაყოფილებას იწვევს თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის მიმართ. მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და მის გუნდს არ უნდა ეთქვა უარი პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსების გეგმებზე. გარდა ამისა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აკრიტიკებს ვაშინგტონის აუჩქარებლობას ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის საქმეში. "ნათლად უნდა გავაგებინოთ რუსეთს, ჩვენს მეგობრებს და მოკავშირეებს, რომ ჩვენ აგრესიულად შევეცდებით თავისუფალი სამყაროს საზღვრების გაფართოებას, - აცხადებს დიკ ჩეინი და დასძენს: მოსკოვმა ძველებურად არ უნდა ისარგებლოს თავისუფალი მსოფლიო ეკონომიკის სიკეთით და ამავდროულად, დააშანტაჟოს სხვა ქვეყნები, თავის ჭკუაზე გადასწიოს და გადმოსწიოს სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრები, ძალის გამოყენებით ციხეში ჩაყაროს ნებისმიერი, ვინც კი, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის.

აშშ-ში ყველაზე მეტი კამათი მოჰყვა მემუარების იმ ნაწილს, რომლებშიც დიკ ჩეინი ცდილობს, გაამართლოს 2003 წელს მიღებული გადაწყვეტილება ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის მეთოდები, რომლებსაც უმცროსი ბუშის პრეზიდენტობის დროს იყენებდნენ.

Amnesty International-ის აქტივისტების მოთხოვნით, რომლებმაც საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დიკ ჩეინის მოღვაწეობის გამოძიება, რომელსაც ისინი სამხედრო დამნაშავედ მიიჩნევენ.

"კომერსანტი", რუსეთი