ბარაქ ობამა: "როგორი პარტნიორული ურთიერთობები გვჭირდება" - კვირის პალიტრა

ბარაქ ობამა: "როგორი პარტნიორული ურთიერთობები გვჭირდება"

"მივმართავ იმ სახელმწიფოებსა და ხალხებს, რომლებიც მშვიდობისა და კეთილდღეობის ძიებაში არიან"

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მეათე წლისთავზე გვახსოვს, რომ 9/11 შეტევა მიმართული იყო არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მთელი მსოფლიოს, მთელი კაცობრიობისა და ჩვენი საერთო იმედის წინააღმდეგ.

გვახსოვს ისიც, რომ თითქმის 3000 უდანაშაულო მსხვერპლს შორის ასობით ადამიანი 90 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა რასისა და აღმსარებლობის  წარმომადგენელი ქალები და მამაკაცები, ახალგაზრდები და მოხუცები. ამ მწუხარების მეათე წლისთავზე ჩვენ მათ ოჯახებსა და ქვეყნებთან ერთად პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. მადლიერების გრძნობით ვივსებით, როდესაც გვახსენდება, თუ როგორ შეიკრა ერთ მუშტად მსოფლიო ათი წლის წინ, წუთიერი დუმილის გამოსახატავად უამრავი ქალაქი გაჩერდა. ხალხი ლოცულობდა ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებსა და ღვთისმსახურების სხვა ადგილებში. და ჩვენ აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არასდროს დაგვავიწყდება, თუ როგორ გამოხატავდნენ სოლიდარობას ადამიანები, როგორ იდგნენ ანთებული სანთლებით ხელში ჩვენს საელჩოებთან მოტანილ ზღვა ყვავილებს შორის.  გვახსოვს, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, კვირების განმავლობაში, ჩვენ ვმოქმედებდით როგორც ერთიანი საერთაშორისო თანამეგობრობა. როგორც ფართო კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, ჩვენ ვაიძულეთ "ალ-ქაიდას" წევრები, დაეტოვებინათ საწვრთნელი ბანაკები ავღანეთში, დავამხეთ თალიბები და საშუალება მივეცით ავღანელ ხალხს, ეცხოვრა  ტერორის გარეშე. თუმცა, მერე რთულმა წლებმა შეასუსტა 11 სექტემბრის შემდგომ არსებული გლობალური პარტნიორობის სულისკვეთება.

ჩემი, როგორც პრეზიდენტის, საქმიანობა მიმართული იყო გლობალური თანამშრომლობის განახლებისთვის, რომელიც ასე გვჭირდებოდა ჩვენ წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ურთიერთთანამშრომლობის ამ ახალ ეპოქაში სხვადასხვა ქვეყანასა და ხალხთან დავამყარეთ საერთო ინტერესებსა და პატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობები.

როგორც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ტერორისტები ვერ გაუტოლდებიან ჩვენს მოქალაქეებს, მათ სიძლიერესა და გამძლეობას. მკაფიოდ აღვნიშნე, რომ აშშ არც ამჟამად ეომება ისლამს და არც არასდროს შეებრძოლება. მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვინც იერიში მიიტანა მრავალ ქვეყანაზე და დახოცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი - მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი, რომელთა უმრავლესობა მუსლიმანი იყო.

ამ კვირას ჩვენ ვიხსენებთ "ალ-ქაიდას" ყველა მსხვერპლს და მათი ოჯახებისა და ქვეყნების სიმამაცესა და გამძლეობას ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკასა თუ აზიაში. ერთობლივი მუშაობით ჩავშალეთ "ალ-ქაიდას" შეთქმულებები, მოვახდინეთ ოსამა ბინ ლადენისა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდი ნაწილის ლიკვიდაცია და დამარცხების გზაზე დავაყენეთ "ალ-ქაიდა". ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობა გვიჩვენებს, რომ სამართლიანობისა და ღირსებისაკენ მიმავალ ყველაზე სანდო გზა ზნეობრივი ძალაა და არა უგუნური ტერორიზმი და ძალადობა. აშკარაა, რომ ძალმომრეობითი ექსტრემიზმი წარსულს ჩაჰბარდა, მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც  სურს შენება და არა ნგრევა.

მივმართავ იმ სახელმწიფოებსა და ხალხებს, რომლებიც მშვიდობისა და კეთილდღეობის ძიებაში არიან - ამერიკის შეერთებული შტატების სახით თქვენ პარტნიორი გყავთ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ შინ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, ის გააგრძელებს ლიდერობის უნიკალური როლის შესრულებას მსოფლიოში. ჩვენ გამოგვყავს ერაყიდან ჩვენი ჯარის იქ დარჩენილი ნაწილები და პასუხისმგებლობას გადავცემთ ავღანეთის მხარეს ავღანეთში - ამით მხარს ვუჭერთ ერაყელებისა და ავღანელების ძალისხმევას, მისცენ მეტი შესაძლებლობა საკუთარ ხალხს და უზრუნველყონ საკუთარი ხალხის უსაფრთხოება. არაბულ სამყაროსა და მის მიღმაც ყოველთვის დავიცავთ ღირსებას და ადამიანების საყოველთაო უფლებებს. მთელ მსოფლიოში კვლავაც გავაგრძელებთ იმ მძიმე სამუშაოს, რასაც ჰქვია მშვიდობისათვის ბრძოლა, სიღარიბის დაძლევისათვის აუცილებელი განვითარების ხელშეწყობა, საკვების უვნებლობის გაძლიერება, ჯანდაცვის გაუმჯობესება და მართვის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებების პოტენციალის გამოვლენას.

ამავდროულად, ჩვენ კვლავ ვივალდებულეთ, ქვეყანაში გამოგვეცოცხლებინა საკუთარი ღირებულებები. როგორც ემიგრანტების ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად იღებს ყოველი ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენელს. უახლესი თაობის ამერიკელები - ისევე, როგორც ყველა უდანაშაულო მსხვერპლი, რომლებიც ათი წლის წინ დავკარგეთ - მუდამ გვახსენებენ, რომ მიუხედავად წარმომავლობისა, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური განსხვავებებისა, ჩვენ გვაერთიანებს ერთი იმედი, რომ შევძლებთ გავაუმჯობესოთ მსოფლიო ჩვენი და მომავალი თაობებისათვის. ეს უნდა იქცეს დაღუპულთა მიერ დატოვებულ მემკვიდრეობად.

მათ, ვინც 11 სექტემბერს თავს დაგვესხნენ, ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის შუღლის ჩამოგდება სურდათ, მაგრამ დამარცხდნენ.

ამ ტერორისტული აქტის მეათე წლისთავზე ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად პატივს მივაგებთ მათ, ვინც დავკარგეთ ამ ბრძოლაში. მათი ხსოვნის აღსანიშნავად კვლავ ვადასტურებთ, რომ პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთების ერთგული ვრჩებით. ეს არის ის, რაც ესოდენ გვჭირდება ისეთი სამყაროს ასაშენებლად, სადაც ყველა ადამიანს ექნება ღირსეული, თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება.