მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

აშშ-ის მთავრობა აძლიერებს რუსეთისა და ჩინეთის კრიტიკას მათ მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში სირიის ხელისუფლების გამკიცხავ რეზოლუციაზე ვეტოს დადების გამო.სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ვერ შეძლო თავისი უშუალო მოვალეობის შესრულება, "რუსეთსა და ჩინეთს მოუწევთ სირიელი ხალხისთვის იმის ახსნა, თუ რატომ დაბლოკეს რეზოლუციის მიღება. ქვეყნები, რომლებიც იარაღს აწვდიან ბაშარ ასადს, უნდა ჩაუფიქრდნენ თავიანთ საქციელს. სირიის სახელისუფლებო ძალები ამ იარაღს მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ იყენებენ",  - თქვა ქალბატონმა ჰილარიმ.

ესპანეთი თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში. ქვეყანაში განთავსდება ჩამჭერი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული ხომალდები. ამის შესახებ ბრიუსელში განაცხადა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ. მისი თქმით, სისტემა "ეგისით" აღჭურვილი ოთხი ხომალდი 2013 წელს განთავსდება სამხრეთ ესპანეთში.

2001 წლის დამლევს ჩრდილოეთის ალიანსის ძალებმა, რომლებიც უმეტესად ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლებისგან შედგებოდა, აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით თალიბების ხელში მყოფ ქაბულს შეუტიეს. ამას თალიბთა ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. არავის ეგონა, რომ ქაბული ასე სწრაფად დაეცემოდა, მაგრამ დასავლეთისთვის ასევე მოულოდნელი გახდა ისიც, რომ 10 წლის შემდეგ ნატო კვლავ იძულებულია, ებრძოლოს "ალ-ქაიდას" წევრებს.

დელიში ხელმოწერილი შეთანხმება ინდოეთს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნისა და მისი იარაღით აღჭურვის საშუალებას მისცემს, ინდოეთი გარკვეულწილად, თავის თავზე აიღებს ავღანეთის უსაფრთხოების გარანტის როლს მას შემდეგ, რაც 2014 წელს ნატო დაიწყებს ქვეყნიდან გასვლას.

KvirisPalitra.Geწყნარი ოკეანის არქიპელაგი ტოკელაუ, სამოას კვალდაკვალ, დეკემბრიდან სხვა სასაათე ზოლში გადავა - ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება წელიწადის ერთ დღეს - 30 დეკემბერს ჩამოაშორებს. ბი-ბი-სის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მთავარ საქმიან პარტნიორთან, ახალ ზელანდიასთან ურთიერთობის განსავითარებლად. ამჟამად ტოკელაუს არქიპელაგში შემავალ სამ კუნძულზე დრო 23 საათით განსხვავდება ახალი ზელანდიის დროისგან; ეს კი ართულებს ბიზნესკონტაქტებს.

29 დეკემბრის შემდეგ ტოკელაუსა და სამოაში 30 დეკემბრის ნაცვლად  31 დეკემბერი დადგება.