არსებობს კითხვა, რომელიც დიდი ხანია საქართველოსთან დაკავშირებით ჩნდება. "ვინ უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და რა უფლებებით უნდა ისარგებლოს მან?" იმ ხალხს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, უმასპინძლებენ საუკეთესოდ, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მათ სურთ აქ დარჩენა, დროებითი სამუშაოს მოძებნა, ან უნდათ, რომ ჰქონდეთ მხოლოდ ვიზიტორის სტატუსი? დადებითად აისახება ეს საქართველოზე ? სწორედ ეს არის ის შეკითხვები, რომლებიც შრომითი მიგრაციის კანონთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გაისმის. აღნიშნული საკითხები აისახა შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში, რომელიც საპარლამენტო კომიტეტების ფართო განხილვის საგანია.ადამიანთა უმრავლესობას მდიდარ ქვეყნებში ცხოვრება და მუშაობა სურს, ამიტომ ასეთ ქვეყნებში ძნელია კვოტებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის უმეტეს სახელმწიფოში მოსახლების 10-15%-ს უცხოელები შეადგენენ. მსგავსი მაჩვენებელი აქვს აშშ-საც, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ემიგრანტთა რაოდენობა ყველაზე მაღალია (40 მლნ-ზე მეტი), ხოლო მუსულმანურ სამყაროში, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც მიმდინარეობს ნავთობწარმოება, ემიგრანტთა რაოდენობა მოსახლეობის 50% აჭარბებს. მეორეს მხრივ, ეკონომიკის განვითარების კუთხით მსოფლიოს ნომერ მესამე ქვეყანა – იაპონია – მკაცრად ზღუდავს ემიგრანტების რაოდენობას, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 2% აღწევს.
ამჟამად, საქართველოსათვის პრიორიტეტულ პროცესს წარმოადგენს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ეკონომიკურად, საქართველოს მსგავად დაბალ განვითარებულ არც ერთ სახელმწიფოს არ ჰქონია ევროკავშირთან მსგავსი შეთანხმების დადების შესაძლებლობა. უვიზო რეჟიმის დამყარება იქნება უდიდესი მიღწევა ქვეყნისთვის, ამიტომ მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ საკითხს. მაგრამ ეს თემა არ არის საზოგადოების ფართო განხილვის საგანი. მსგავსი ხასიათის მოლაპარაკებებისთვის ეს ბუნებრივიცაა. საქართველოს მთავრობა კი ცდილობს, მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, თუ უბრალო გადაწყვეტილება, აღნიშნულ პროცესს დაუკავშიროს. თუმცა ამის გადამოწმება შეუძლებელია. ევროკავშირი, ამ საკითხზე რასაკვირველია დუმს, ვინაიდან ყოველივე ეს საქართველოს გადასაწყვეტია. ევროკავშირი კონკრეტულ მოთხოვნებს უვიზო რეჟიმისთვის არ აყენებს, ის მხოლოდ ზოგად რჩევებსა და მონახაზს სთავაზობს ქვეყანას. გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იღებს.
გასულ წლებში, ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზები არსებობდა, თუმცა ამჟამინდელი რეგულაციებით გაზარდა იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა. მთავრობისთვის კი ქმედითი და სამართლიანი ბიუროკრატიული პროცესების დანერგვა ძნელი აღმოჩნდა. ამჟამად, შრომითი მიგრაციის კანონის მონახაზი სრულიად ახალ ბიუროკრატიულ პროცესებს აწესებს იმ უცხოელთათვის, რომელთაც სურთ საქართველოში მუშაობის დაწყება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ?
კანონმდებელთა შორის არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება. პირველის მიხედვით, მსგავსი ქმედება საქართველოს მხრიდან არის ერთგვარი პასუხი ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მიერ ქართველებისთვის სამუშაო პირობების გართულებაზე. ყოველივე ეს ჯანსაღ აზრს მოკლებულია. ამ მოსაზრების მიხედვით, რადგან გავლენიან ქვეყნებს გააჩნიათ შრომის კონსტროლის მკაცრი აპარატი საქართველომაც მსგავსი ზომები უნდა მიიღოს. ეს დიდი შეცდომაა. სამუშაოს ან უსაფრთხოების მოპოვების მიზნით ათასობით აფრიკელი და მუსულმანი მიდის ევროკავშირში, ისევე როგორც მილიონობით ლათინო ამერიკელი თუ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მცხოვრები გადაკვეთს აშშ-ის საზღვარს. ამ მხრივ, საქართველოს უცხოელთა დიდი რაოდენობით შემოსვლა არ ემუქრება, ვინაიდან ხელფასისა და სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
მთავარი კითხვაა, არის თუ არა ეს ყოველივე საქართველოსთვის უმჯობესი ?
საქართველოში მომუშავე უცხოელთა უმრავლესობას უფრო მეტი თანხა შემოაქვს ქვეყნის ბიუჯეტში ვიდრე მასზე შეიძება დაიხარჯოს. ზემოთ ხსენებული კანონის მიხედვით, აქ მომუშავე უცხოელთა ხელფასი მკვეთრად ჩამორჩება მათსავე სამშობლოში იმავე სამსახურში აღებული ხელფასის რაოდენობას. აღნიშნული შემოსავალი კი საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია. მთავრობის მიერ იმიგრანტთათვის სამუშაო პირობების გაუარესება უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე. ეს იქნება კიდევ ერთი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერი ქვეყნის წინსვლის გზაზე.
თუკი საკითხს მივუდგებით რაციონალურად, დავასკვნით, რომ არანაირი რეგულაციის მიღება საჭირო არ არის. ევროკავშირი საქართველოსგან არც მოითხოვს და არც იმის რეკომენდაციას აძლევს მას, რომ მიგრანტთა შრომა რაიმე კანონით დაარეგულიროს. მაშინ რა აუცილებელია რომ მთავრობამ საქმე გაირთულოს ამ რეგულაციების დანერგვის პროცესით.
იაპონია მკაცრად ზღუდავს ქვეყანაში იმიგრანტთა რაოდენობას, სწორედ ამიტომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. ფაქტი სახეზეა. ღია ქვეყნები, რომლებიც უცხოელების მიმოსვლას და დასაქმებას არ ზღუდავენ, მეტ სარგებელს იღებენ. ის ქვეყნები კი, რომლებიც ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებენ, როგირც მიგრანტებისთვის ასევე რიგითი მოქალაქეებისთვის აფერხებენ ეკონომიკურ წინსვლას და ხალხს აიძულებენ, ეძებონ უკეთესი შესაძლებლობები სხვა ქვეყნებში.