ახლის შენება და ძველის შენარჩუნება - კვირის პალიტრა

ახლის შენება და ძველის შენარჩუნება

სამშენებლო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით თბილისში იგრძნობა, ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებაა. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა, რაც რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. ჯერ ერთი, თუ ვინმე ან თვით მთავრობა რომელიმე ძველ შენობას დაანგრევს, მაშინ ამ შენობას უკან უკვე ვეღარასოდეს დააბრუნებ. ეს თავისებურება არ ახასიათებს სხვა სფეროს, სადაც შეგიძლია გააუქმო ნებისმიერი ის ცვლილება, რომელიც არ ამართლებს. მეორე - ამ შენობებში ხალხი ცხოვრობს. ისინი ვიღაცას ეკუთვნის და სხვადასხვა მოგონებასთან ასოცირდება. დასასრულ, ამ საქმეში გასათვალისწინებელია სხვადასხვა ჯგუფის მეტად განსხვავებული შეხედულებებიც.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბევრი მშვენიერი ძველი შენობაა. უმრავლესობა ცარიელია ან სულაც ინგრევა. ეს შენობები ბოლო წლებში ხშირად გადასულა ხელიდან ხელში და ახლა მთლად ნათელი არაა მათი კუთვნილების საკითხი.

ეს ხდება თბილისში ჩამოსული ტურისტების მზარდი რაოდენობის ფონზე. ტურისტებს უყვართ ნგრევის პირას მისული ძველი შენობების დათვალიერება. არასდროს მინახავს, ტურისტი განახლებული შენობის წინ იღებდეს ფოტოსურათს. სამაგიეროდ, ხშირად ვხედავ, თუ როგორ პოზირებენ ისინი ძველი კარებისა და ჩამოყრილი ბათქაშის ფონზე. ცხადია, ამ დეტალების სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ ძველი შენობები არ უნდა გარემონტდეს. უბრალოდ, საჭიროდ ვთვლი, აღვნიშნო ის, თუ რაში პოულობენ ტურისტები სიამოვნებას, რადგან ისინი არიან და კიდევ უფრო მეტად იქნებიან საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. მას ძველი ქალაქებით მდიდარი ნებისმიერი ქვეყანა აწყდება. ეს არის ბრძოლა დასასრულის გარეშე. ცენტრალური ევროპის, პრაღის, კრაკოვისა თუ ბუდაპეშტის მცხოვრებთაგან ხშირად მსმენია, რომ თბილისი ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც თვითონ იყვნენ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში. სწორედ მაშინ მოუხდათ მათ ძველი შენობების შენარჩუნება-აღდგენის პრობლემის გადაწყვეტა. ამ ქალაქებმა ყოველივე იმის შენარჩუნება შეძლეს, რაც მათი იყო. ახლა ისინი ნაყოფს იმკიან. როგორი ახალიც უნდა იყოს ქალაქი, ის მაინც ცდილობს შეინარჩუნოს თუნდაც არც ისე დიდი ხნის წინანდელი ისტორიული არქიტექტურა.

ამ პრობლემის გადაწყვეტის გზების ფართო სპექტრი არსებობს. ხალხსაც მრავალი განსხვავებული აზრი აქვს ამის თაობაზე. ერთ-ერთია შევარდნაძის მმართველობის დროინდელი მიდგომა, როცა არაფერი კეთდებოდა. მაშინ იშვიათი იყო ძველი შენობების როგორც დემონტაჟი, ისე შეკეთება. ამან ძალაუნებურად შეუწყო ხელი ძველი შენობების შენარჩუნებას, მაგრამ სხვა სარგებელი არ მოუტანია. მეორე მიდგომა გულისხმობს ტოტალურ დემონტაჟს, რაც გამოიყენეს კიდეც, მაგალითად, ე. წ. სობოროსა და რიყის შენობების მიმართ სამოცდაათიან წლებში. როგორიც უნდა იყოს ახალი შენობა, მის აშენებას უთუოდ მოჰყვება ხოლმე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. თუმცა, ამ მხრივ პარლამენტის შენობა, ალბათ, არ ითვლება, რადგან ის გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს. ამ ორ მიდგომას შორის რამდენიმე ვარიანტია: პირველთან ახლოს დგას კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობა, როცა ძველ შენობებს კი არ ანგრევენ, არამედ პირვანდელ სახეს უბრუნებენ. ამ მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ ქალაქი იღებს იმ იერს, როგორიც ოდესღაც ჰქონდა. ეს ზრდის ტურისტების რაოდენობას, მაგრამ ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს; მეორე მიდგომის მიხედვით, ძველ შენობებს უმეტესწილად დემონტაჟს უკეთებენ, მაგრამ ზოგჯერ ფასადს უტოვებენ. ამ დროს ფასადს ცვლიან ახალი მასალების გამოყენებით, მაგრამ მიუჩვეველი თვალისთვის ცვლილება შეუმჩნეველია. ამას დისნეილენდიზაციას უწოდებენ. ეს იაფი და იოლი გზაა, თანაც, ამით სამუშაო ადგილები იქმნება. თუმცა, ეს მიდგომა ვერ იღებს საერთაშორისო თანამეგობრობისა თუ ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებით დაინტერესებულ პირთა მხარდაჭერას.

ამ მეთოდების შერჩევისა და გამოყენების დროის თაობაზე ერთი აზრი არ არსებობს. დაპირისპირება მწვავეა ხოლმე. დაპირისპირებული ჯგუფები ერთნაირია ყველგან. უპირველესად ესენი არიან უძრავი ქონების დეველოპერები. ისინი ცდილობენ, უძრავ ქონებაში ინვესტირებით ფულის გაკეთების გზები მოიძიონ და იმავდროულად, დაასაქმონ ხალხი, რასაც ხშირად ძველი უბნების გამოცოცხლება და ყველა აუცილებელი სარემონტო სამუშაოს ჩატარება მოჰყვება ხოლმე. თუმცა, მათთვის მთავარი ფულის კეთებაა. ხშირად ისინი ვალში იგდებენ თავს ამა თუ იმ უძრავი ქონების დასაუფლებლად. მეორე ჯგუფში შედიან ისინი, ვინც თვლის, რომ ყველა შენობა პირვანდელი იერით უნდა აღდგეს და რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ შენობებზე, ისევე, როგორც გარემოსა და საზღვრების დაცვაზე. ჩვეულებრივ, ამ ჯგუფმა ფინანსებისა ბევრი არაფერი იცის და ის უფრო იციან, თუ რისი გაკეთება არ უნდათ, ვიდრე ის, რისი გაკეთებაც უნდათ. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ზრუნვა ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებაზე. იმ ქალაქებს, რომლებიც ამ საქმეს კარგად ართმევენ თავს, დაფინანსების მიღება შეუძლიათ. თუმცა, ამ საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩვეულებრივ დიდი გავლენა არა აქვთ. კიდევ ერთი ჯგუფია თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ყველაზე მრავალსახოვანი ჯგუფია. მართალია, ახალი საცხოვრებელი უნდა, მაგრამ ცვლილებას ძნელად ეგუება.

დასასრულ, კიდევ ერთი მხარეა სახელმწიფო. ის ყველაზე ძლიერია, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. უმეტესად სწორედ მას ეთქმის მთავარი სიტყვა, თუ რა უნდა გაკეთდეს.

ბოლო წლებში საქართველოში ამ ჯგუფებს შორის კომუნიკაცია არც ისე კარგი იყო. არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, რომ ისინი ერთმანეთს დაელაპარაკონ. ბევრი, ვინც ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნების პრობლემის მიმართ გულგრილი არაა, გაბრაზებულია. მაგალითად, ე. წ. გუდიაშვილის მოედნის ჯგუფი. თუმცა, მუნიციპალიტეტი დიდად არ წუხს მათზე, რადგან იცის, რომ იქიდან ამომრჩეველთა ხმებს მაინც ვერ მიიღებს. გარდა ამისა, დაპირისპირების სტილიც აგრესიულია. თუმცა, ეს გასაგებია, თუ გავითვალისწინებით, რომ ძნელია ინფორმაციის მიღება იმაზე, თუ რა იგეგმება და ვინ იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფოს უბრალოდ საქმის კეთება უნდა. უნდა, ასე თუ ისე თავისუფალი იყოს ამგვარი პრობლემებისგან და როცა ინვესტორს პოულობენ, დეტალებზე ფიქრით არ იწუხებენ თავს; ისინი კი, ვინც პროტესტს აცხადებენ ხოლმე ამა თუ იმ დეტალზე, თავიანთ პრობლემად არ აღიქვამენ, რომ დაპირისპირების მიზეზად გადაქცეული შენობები ჩამოშლის პირას არის და არც არავის აქვს მათი გადასარჩენი გეგმა. ამიტომაც არის, რომ მოსახლეობა იშვიათად თანხმდება თავისი ძველი საცხოვრებელი შენობის აღდგენას.

თუმცა, საქართველოს პრობლემების დიდ სქემაში ეს პრობლემა არც ისე მძიმეა. ის სამ გადაწყვეტილებას მოითხოვს: პირველია გამჭვირვალობა. სახელმწიფოს ვალდებულებაა თავისი გეგმების განსაჯაროება, თუ რა უნდა გაკეთდეს, სად და როდის. ძალიან ძნელია დოკუმენტების მოპოვება და იმის გარკვევა, თუ რა იგეგმება. საქართველოში საკუთრების გაურკვეველი სტრუქტურის მქონე ძალიან ბევრი უცხოური კომპანიაა. არსებული ტენდენციით, სახელმწიფოსთვის გამჭვირვალობა საშიშროებაა. ეს არასწორია. გამჭვირვალობა გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოა. იგივე შეიძლება ითქვას დეველოპერებზე. ისინიც უნდა შეეცადონ, დაიცვან გამჭვირვალობა; მეორეა კომუნიკაცია. სახელმწიფო და ბევრი დეველოპერი ხშირად თვლიან, რომ საზოგადოების ინფორმირება საჭიროა არ არის, ხომ გამოჩნდება, რა კარგი საქმე გაკეთდა და ყველა ბედნიერი იქნება. სამწუხაროდ, ეს სქემა არასდროს ამართლებს. გაცილებით უკეთესია, მკაფიოდ წარმოადგინო და განიხილო გეგმის ყოველი პუნქტი და ხალხი გააცნობიერებს და დაეთანხმება მოსალოდნელ შედეგებს. განხილვების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე, ალტერნატივებზე, როგორია საპროექტო განაცხადი.

მათ, ვინც ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებაზე ზრუნავს, არა აქვს ძველი შენობებისთვის ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი საპროექტო განაცხადები. განაცხადის მოსამზადებლად უთუოდ საჭიროა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც გამჭვირვალობაზეც არის დამოკიდებული. თუმცა, მთავარია, განხილვა შემდგომ ნაბიჯებზე აკეთებდეს აქცენტს და არა კრიტიკაზე.