iygdkhgx - კვირის პალიტრა

iygdkhgx

ახლახან სკანდინავიის ქალაქები - სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი და ჰელსინკი მოვიარე და შევნიშნე, რომ ქალების უმრავლესობას ახალგაზრდა ადგილობრივი დიზაინერების ხელით შეკერილი ტანსაცმელი აცვია. შოპინგზონებში გახსნილ სპეციალურ მაღაზიებში დიზაინერები თავიანთ ნახელავ ტანსაცმელს კერავენ და ყიდიან. იქ არც ისე ბევრია საერთაშორისო ბრენდების მაღაზია.

მე ხალხს გავესაუბრე და მეტად სდაინტერსო რამ გავიგე: როგორც ადგილობრივი დიზაინერების რამდენიმე მაღაზიაში მითხრეს, მთავრობას გახსნილი ჰქონია სახელოსნოები, სადაც ახალგაზრდა დიზაინერები სხვა დიზაინერებთან ერთად იაფად ქირაობენ ფართს. შესაბამისი ორგანო საამისოდ სუბსიდიებსაც გასცემს, რათა მეწარმეობის განვითარებას შეუწყოს ხელს. ახალგაზრდა მოქირავნეებს ორი წლით შეუძლიათ ნაქირავები ფართით სარგებლობა. ამ ორი წლის განმავლობაში ისინი ერთობლივად ყიდიან წარმოებულ პროდუქციას, ერთმანეთსაც ეხმარებიან და თან ერთიმეორისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ვინც მათ შორის წარმატებას მიაღწევს, ის საკუთარი მაღაზიის გასახსნელად და დამოუკიდებელი ბიზნესის ასაწყობად გარანტირებულ სესხს იღებს მთავრობისგან.

ახალგაზრდა დიზაინერთა მაღაზიებში ისიც შევიტყვე, რომ აქაურები იშვიატად დადიან მათთან და რომ მაღაზიები, ძირითადად, არც ისე მდიდარი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე მუშაობენ. სკანდინავიელთა უმეტესობა, განსაკუთრებით ქალები, სახელგანთქმულ ადგილობრივ დიზაინერებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე საერთაშორისო ბრენდებს. მე ძალიან კარგად ვერ ვერკვევი ქალთა მოდაში, მაგრამ ადგილობრივ დიზაინერთა ნამუშევრებმა ჩემზე დიდი შთამბეჭდილება დატოვეს. ისინი საერთაშორისო ბრენდებზე გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ.

ეს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში არსებულ მნიშვნელოვან სოციალურ ტენდენციაზე მიანიშნებს. საინტერესოა, თუ მოაღწევს ის საქართველომდე და როგორ მოხდება ეს. საზოგადოდ, ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ ვინ არის მათ მიერ შეძენილი პროდუქციის მწარმოებელი. ისინი მათ საცხოვრებელთან ახლოს ინდივიდუალურად წარმოებული პროდუქციით (მათ შორის, საკვები პროდუქტებით) უფრო ინტერესდებიან, ვიდრე შორს წარმოებული საერთაშორისო ბრენდების პროდუქტებით. თანაც, დღეს ადგილობრივი კულტურა ყველგან განიცდის აღორძინებას.

საქართველოში ბევრი ნიჭიერი დიზაინერი და ხელოსანია. "პირიმზე", რომელიც ოდესღაც სავსე იყო ხელოსნებით, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. შორიახლოს საერთაშორისო ბრენდებზე მომუშავე პატარა მოლია, მაგრამ, როგორც ჩანს, მომხმარებლები მას არ სწყალობენ. საერთოდ, ქალაქის მთავარ ქუჩებზე ბევრია მაღაზიაა, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების პროდუქციით ვაჭრობს, მაგრამ ისინი ყოველთვის ცარიელია. ამ დროს კი დიზაინერებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელთა სახელოსნოები საქართველოში ცოტაა. ყოველ შემთხვევაში, თვალით ასე ჩანს.

ინვესტიციებსა და ბიზნესის განვითარებაზე მრავალი ქვეყნის მთავრობა მუშაობს. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში ფოკუსს დიდ ბიზნესზე უფრო აკეთებენ. ამ საკითხზე მრავალი შეხვედრა იმართება, მაგრამ დღემდე ქვეყანაში ინვესტირება მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო ბიზნესს თუ განუხორციელებია. პრობლემა თვითონ საქართველოს ნაკლებად უკავშირდება, - ქვეყანა მიმზიდველ ბიზნესგარემოს მატარებელ ქვეყნად ითვლება. უბრალოდ, დღეს მსოფლიოში დასაბანდებელი კაპიტალის სიმწირეა. ამ დროს კი ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ახალგაზრდა მცირე მეწარმეები იღებენ, ძალიან ცოტაა.

ფოკუსი დიდ ბიზნესზე ოცის წლის წინ კეთდებოდა მსოფლიოში. ახლა კი ყველა, ვინც კი თავისი ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას ცდილობს (ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა შედარებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში), მეწარმეებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეწარმეებზე, აკეთებს აქცენტს. "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია" ყოველ წელს არკვევს ერთ საკითხს: ხალხს მყარი სამუშაო ურჩევნია რომ ჰქონდეს თუ უფრო საკუთარი თავის ბოსი რომ იყოს. პასუხი ყოველთვის ერთნაირია. თუ აშშ-ში, კანადასა და ჩრდილოეთ ევროპაში ურჩევნიათ საკუთარი თავის ბოსი თავად იყვნენ, სამხრეთ ევროპაში, პირიქით, მყარ სამუშაოს ანიჭებენ უპირატესობას. ეს ყოველთვის მახსენებს იურიდიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკის ხარისხის მქონე ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებელ უნივერსიტეტდამთავრებულთა ბატალიონებს. არის კი ამდენი სამაგიდე სამუშაო ადგილი ქვეყანაში? საქართველოს ეკონომიკას პირველ რიგში ახალი ბიზნესების წამომწყები ხალხი სჭირდება.

თუმცა, მთელი სამხრეთ ევროპის მსგავსად, არც ისე ბევრს უნდა, რომ ამდენი რისკი აიღოს თავზე ან ამხელა სამუშაო გასწიოს. ჩრდილოეთ ევროპასა და ამერიკაში არც ერთ სხვას არა აქვს ისეთი სტატუსი, როგორიც მას, ვინც საკუთარ, თუნდაც ძალიან მცირე ბიზნესს იწყებს. ამ კულტურულ თავისებურებას მთავრობები ყველანაირად უჭერენ მხარს. ხომ არ მოვიდა დრო, საქართველოს მოქალაქეებმაც გაარკვიონ, თუ როგორ უყურებენ ისინი მეწარმეებს, ხოლო სახელმწიფომ კი იმაზე იფიქროს, თუ როგორ შეუძლია მეწარმეებს დაეხმაროს. კარგი დასაწყისი იქნებოდა მცირე კოლექტიური სახელოსნოების გახსნა. ტურისტებს ისინი უეჭველად მოეწონებათ. რაც შეეხება მოსახლეობას, ადრე თუ გვიან, ალბათ, ისიც მოუხშირებს ამ სახელოსნოებში სიარულს.