უფრო მეტი მცირე სახელოსნო გვჭირდება - კვირის პალიტრა

უფრო მეტი მცირე სახელოსნო გვჭირდება

ახლახან სკანდინავიის ქალაქები -  სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი და ჰელსინკი მოვიარე და შევნიშნე, რომ ქალების უმრავლესობას ადგილობრივი დიზაინერების ხელით შეკერილი ტანსაცმელი აცვია. შოპინგზონებში გახსნილ სპეციალურ მაღაზიებში დიზაინერები თავიანთ ნახელავ ტანსაცმელს ყიდიან. იქ არც ისე ბევრია საერთაშორისო ბრენდების მაღაზია.

ხალხს გავესაუბრე და საინტერესო რამ გავიგე: როგორც მითხრეს, მთავრობას გახსნილი ჰქონია სახელოსნოები, სადაც ახალგაზრდა დიზაინერები სხვა დიზაინერებთან ერთად იაფად ქირაობენ ფართს. შესაბამისი ორგანო სუბსიდიებსაც გასცემს, რათა მეწარმეობის განვითარებას შეუწყოს ხელი. ახალგაზრდა მოქირავნეებს ორი წლით შეუძლიათ ამ ფართით სარგებლობა. ორი წლის განმავლობაში ისინი ერთობლივად ყიდიან წარმოებულ პროდუქციას, ერთმანეთსაც ეხმარებიან და თან ერთიმეორისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ვინც მათ შორის წარმატებას მიაღწევს, საკუთარი მაღაზიის გასახსნელად და დამოუკიდებელი ბიზნესის ასაწყობად გარანტირებულ სესხს იღებს მთავრობისგან.

ისიც შევიტყვე, რომ ეს მაღაზიები არც ისე მდიდარი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებსაც ემსახურებიან. სკანდინავიელთა უმეტესობა კი, განსაკუთრებით ქალები, სახელგანთქმულ ადგილობრივ დიზაინერებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე საერთაშორისო ბრენდებს. მართალია, კარგად ვერ ვერკვევი მოდის ტენდენციებში, მით უფრო ქალთა, მაგრამ ამ დიზაინერთა ნამუშევრებმა ჩემზე დიდი შთამბეჭდილება მოახდინეს. ჩემი აზრით, მათი ნახელავი საერთაშორისო ბრენდებზე უკეთესია. ეს განვითარებული ქვეყნების მნიშვნელოვან სოციალურ ტენდენციებზე მიანიშნებს. საინტერესოა, თუ მოაღწევს ის საქართველომდე და როგორ განვითარდება...

საზოგადოდ, ტანსაცმლის შეძენისას ყველას აინტერესებს, ვინ არის პროდუქციის მწარმოებელი. უპირატესობას კი ადგილობრივი წარმოების პროდუქციას (მათ შორის, საკვებ პროდუქტებს)  ანიჭებს. თანაც, დღეს ადგილობრივი კულტურა ყველგან განიცდის აღორძინებას.

საქართველოში ბევრი ნიჭიერი დიზაინერი და ხელოსანია. "პირიმზე", რომელიც ოდესღაც სავსე იყო ხელოსნებით, დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. ქალაქის მთავარ ქუჩებში ბევრი მაღაზიაა, რომლებიც საერთაშორისო ბრენდებით ვაჭრობს, მაგრამ უმეტესად ცარიელია. დიზაინერებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელთა სახელოსნოები კი საქართველოში ცოტაა, ყოველ შემთხვევაში, თვალით ასე ჩანს.

ინვესტიციებსა და ბიზნესის განვითარებაზე მრავალი ქვეყნის მთავრობა მუშაობს. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში აქცენტს დიდ ბიზნესზე აკეთებენ. ამ საკითხზე მრავალი შეხვედრა გამართულა, მაგრამ დღემდე ქვეყანაში ინვესტიცია მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო ბიზნესს თუ განუხორციელებია.

საქართველო დღეს მიმზიდველი ბიზნესგარემოს მატარებელ ქვეყნად ითვლება და ეს პრობლემა ქვეყანას ნაკლებად ეხება - საქმე ის არის, რომ დღეს მსოფლიოში დასაბანდებელი კაპიტალის სიმწირეა. ის მხარდაჭერა კი, რომელსაც საქართველოში ახალგაზრდა მცირე მეწარმეები იღებენ, ძალიან ცოტაა.

აქცენტი დიდ ბიზნესზე მსოფლიოში ოცის წლის წინ კეთდებოდა. ახლა კი ყველა, ვინც თავისი ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას ცდილობენ (ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა შედარებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში), განსაკუთრებით ახალგაზრდა მეწარმეებზე დებს ფსონს. "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია" ყოველ წელს განიხილავს საკითხს: ხალხს მყარი სამუშაო ურჩევნია, თუ ის, რომ საკუთარი თავის ბოსი იყოს. პასუხი ყოველთვის ერთნაირია - აშშ-ში, კანადასა და ჩრდილოეთ ევროპაში ურჩევნიათ საკუთარი თავის ბოსი იყვნენ, სამხრეთ ევროპაში, პირიქით, მყარ სამუშაოს ანიჭებენ უპირატესობას.

ეს უკანასკნელი კი სამუშაოს მაძიებელ უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდების ბატალიონებს მახსენებს. არის კი ამდენი სამუშაო ადგილი ქვეყანაში? საქართველოს ეკონომიკას პირველ რიგში ახალი ბიზნესის წამომწყები ახალგაზრდები სჭირდება. თუმცა, სამხრეთ ევროპის მსგავსად, არც ისე ბევრს სურს, რომ რისკზე წავიდეს და ამხელა პასუხისმგებლობა აიღოს თავზე. ჩრდილოეთ ევროპასა და ამერიკაში საკუთარი ბიზნესის მწარმოებელს (თუნდაც მცირესი) ბევრად ძლიერი სტატუსი აქვს, ვიდრე მყარი სამუშაოს მქონეთ. ბიზნესის წამომწყებთ მთავრობები აქტიურად უჭერენ მხარს. ხომ არ დადგა დრო, საქართველოს მოქალაქეებიც საკუთარი თავის ბოსები გახდნენ, ხოლო სახელმწიფომ იმაზე იფიქროს, როგორ დაეხმაროს მათ? ვფიქრობ, კარგი დასაწყისი იქნებოდა მცირე კოლექტიური სახელოსნოების გახსნა. ტურისტები ამით უეჭველად დაინტერესდებიან. რაც შეეხება მოსახლეობას, ადრე თუ გვიან, ალბათ, ისიც მოუხშირებს ამ სახელოსნოებში სიარულს.