ინიციატივები, გადაწყვეტილებები და დაგეგმვა - კვირის პალიტრა

ინიციატივები, გადაწყვეტილებები და დაგეგმვა

ესეც ახალი მთავრობა! უკვე შეიძლება იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა აკეთოს უკეთ საქმე საქართველოს მთავრობამ. არ ვკითხულობ იმას, რა კეთდება, უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ შეძლებს ის თავისი ახალი გადაწყვეტილებების რეალიზებას. მოკლედ, ახალმა პრემიერ-მინისტრმა სამი პრიორიტეტი უკვე დაასახელა: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, დასაქმება.

ჯერ კიდევ ადრეული რევოლუციის შემდგომ პერიოდში, ლიბერტარიანული იდეოლოგიით აღჭურვილი რამდენიმე ადამიანი გამალებით ამტკიცებდა, რომ ამ თემებზე საუბარი მთავრობისთვის სახიფათოა. რა თქმა უნდა, ბიზნესისა თუ რომელიმე სხვა სფეროს რეგულირებაზე ხელების გასავსავება სრულიად გასაგები პოზიციაა, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში. თუმცა, რეგულირების გამო იდეოლოგიური შეშფოთებისა არ მესმის. რეგულირება ხომ თავისთავად არც ცუდია და არც კარგი, ეს უბრალოდ რეგულირებაა.

დღეს სამუშაო ადგილების პრობლემა ახალმა მთავრობამ ოფიციალურად აღიარა. არა, ამ ნაბიჯით საქართველო სოციალიზმისკენ ნამდვილად არ მიილტვის, რაც უნდა იყოს, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის საკითხი ჯანმრთელი სკეპტიციზმით ბალანსირდება. უბრალოდ, საქართველოს განვითარებას ძლიერ წაადგება, თუ ლიბერტარიანული იდეოლოგია უკან დარჩება და განვითარების ტალღა ყოველ ოჯახში შეაღწევს.

რაც შეეხება ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობას, აქ ხელისუფლებას სხვაგვარი პრობლემა აქვს: ამ სფეროებში ინიციატივა ინიციატივას ისე ცვლის, რომ არსებითი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. ამის მიზეზი კი ქვეყნის ხელმძღვანელობაში არსებულ უთანხმოებაში უნდა ვეძებოთ. დღემდე ვერ გადაუწყვეტიათ, რა უნდა გაკეთდეს, რადგან საჭირო გადაწყვეტილებების ხორცშესხმის შესაძლო პოლიტიკური შედეგების თავზე აღება არავის სურს. ცხადია, ეს ცუდი მიზეზია იმის გასამართლებლად, თუ რატომ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. ამის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი გზაა იმის ჩვენება, თუ როგორი იქნება ესა თუ ის სექტორი პოლიტიკური ჰორიზონტის გარეთ, დაახლოებით 10 წლის შემდეგ _ რამდენი საავადმყოფო, რამდენი ექიმი, რამდენი მედდა იქნება, ვინ გადაიხდის, რამდენი და რა სიდიდის ფერმა აშენდება, რას მოიყვანენ და ვის მიჰყიდიან? ხელმძღვანელობაში რომ შეთანხმდნენ იმაზე, თუ საით უნდა წავიდეს ამა თუ იმ სექტორის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ დაგეგმვა გაცილებით იოლი გახდება, რადგან საჭირო იქნება მხოლოდ შუალედური წლიური სამიზნეების განსაზღვრა. თუ არ იქნება ცნობილი, საით უნდა წავიდეთ, მაშინ პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხშირი და პერიოდული ინიციატივების ჭაობში ჩაეფლობა და ყოველთვის გაურკვეველი დარჩება, რა იყო დაგეგმილი დასაწყისში. შესაბამისად, გაურ კვეველი დარჩება, თუ რა და როგორ უნდა გაიზომოს წინსვლის დასადგენად.

ამ ხელისუფლებას ერთი ცუდი ჩვევა დასჩემდა: თავის გადაწყვეტილებებს თავისთვის იტოვებს, ინიციატივებს ადამიანთა მცირე ჯგუფი აყალიბებს და უკვე განხორციელებისთვის გამზადებულ ინიციატივებს ახმაურებენ ხოლმე საჯაროდ. არადა, კარგი იქნებოდა, რომ ესა თუ ის საკითხი ჯერ საჯაროდ განხილულიყო და მხოლოდ მერე მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. მთავრობას უნდა შეეძლოს მინიშნება, რომ დაინტერესებულია გრძელვადიანი _ ათწლიანი გეგმის შემუშავებით; რომ მოხარული იქნება, თუ გაიმართება საჯარო განხილვა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო 2022 წელს. ამით გზა მიეცემოდა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის აზრთა გამოხატვისა და საჯარო განხილვის პროცესს. თანაც გამოჩნდებოდა, თუ როგორი ურთიერთქმედება შეუძლიათ სხვადასხვა სექტორსა თუ სამინისტროს. ეს საკითხი ტრადიციულად მთავრობის გადაუწყვეტელი პრობლემაა.

მოკლედ, კარგი იქნებოდა, თუ ყოველი სამინისტრო 2022 წლის საქართველოს შესახებ თავის ხედვას დაწერდა და სხვა სამინისტროებს გააცნობდა. ასე შესაძლებელი გახდებოდა სხვისი აზრების გარკვევაც.

ახლა ჯანდაცვის საკითხი. ქართველებს ძვირი უჯდებათ მკურნალობა. საქართველოს ჯანდაცვის დღევანდელი პოლიტიკა დამქირავებელზე დაფუძნებული ჯანდაცვის ამერიკული სისტემის პასიური ვერსიაა. ამერიკის სისტემა მდიდარ ქვეყნებს შორის არა მარტო ყველაზე ძვირად ღირებულია (მთლიანი შიდა პროდუქტის დიდ პროცენტს შეადგენს), არამედ ყველაზე ცუდიცაა _ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე თავისი უარყოფითი ეფექტით. ყველა იმ ქვეყანამ, რომლებმაც წარმატებული ეფექტი მიიღო, სისტემა მთავრობის ან მთავრობის მიერ ინტენსიურად რეგულირებადი ორგანიზაციების მიერ ბაზისურ ჯანდაცვის მიწოდებაზე დააფუძნა. შემდეგ კი თუ ვინმეს უფრო მეტი მოუნდება, კერძო სექტორი მოემსახურება.

დავუბრუნდეთ სოფლის მეურნეობას. რთული საკითხია, თუ კონკრეტულად ვინ უნდა მიიღოს სარგებელი ამ დარგისგან _ ფერმერმა, მომხმარებელმა, მთლიანად ეკონომიკამ, გარემომ თუ სოფლის მეურნეობის ინვესტორებმა? ცხადია, ის ყველა მათგანს ემსახურება. ამიტომ, ბუნებრივია, ყველას ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებული და დაბალანსებული. ეს კი, ცოტა არ იყოს, რთული ამოცანაა. ყოველ შემთხვევაში, ინტერესთა ჯგუფის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს ხმისა და არჩევანის უფლება პოლიტიკის შემუშავებაში.

და კიდევ ერთხელ სამუშაო ადგილების შესახებ. უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორი ტიპის სამუშაო ადგილები გვჭირდება. ხელისუფლების ცალკეული წინმსწრები კომენტარებით ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება ხალხის დასასაქმებლად ინფრასტრუქტურის ფაქტორის გამოყენებას ფიქრობს. გასაგებია, რომ ამ გზით არა მარტო ხალხი დასაქმდება, არამედ ქვეყანას ახალი გზები და ხიდები შეემატება, მაგრამ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უსაფრთხოებისა თუ სხვა სამსახურები. ისინი შედარებით იოლად გასცემენ ფულს იმ ადამიანების დასასაქმებლაად, რომლებიც არცთუ ბევრ საქმეს აკეთებენ. ეს წინასაარჩევნოდ დამსაქმებლის პოპულარობას ზრდის, მაგრამ ძალიან დიდი ფული მიაქვს და გრძელვადიან გადაწყვეტილებად ვერ გამოდგება. ფულის ასე დარიგება საქმეს არ წაადგება. ეს არ არის სამუშაო ადგილების შექმნა. ეს უფრო ქველმოქმედებაა. ფაქტია, რომ მთავრობას სამუშაო ადგილების შექმნის დიდი შესაძლებლობა არ გააჩნია.

საქართველოს ყველაზე მეტად ახალი ბიზნესი და მეწარმეები სჭირდება. სხვათა შორის, ეს სამხრეთ ევროპის ტრადიციული სისუსტე და ჩრდილოეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტრადიციული სიძლიერეა. ყველაზე კარგი, რაც ახლა მთავრობასა და კერძოდ, დასაქმების სამინისტროს შეუძლია გააკეთოს, მცირე ბიზნესების შექმნა და მისი დაცვაა. დასაქმების მინისტრის გამოცდილება და ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებები დაკავშირებული ინფრასტრუქტურასა და პროექტებთან, ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი პერსპექტივა. სამინისტრომ უნდა მიხედოს მცირე ბიზნესის ინტერესებს. სწორედ მცირე ბიზნესში მუშაობს ამჟამად დასაქმებულთა დიდი ნაწილი და სწორედ აქ არის შესაძლებელი შემდგომში სამუშაო ადგილების უმეტესი ნაწილის შექმნა.