საქართველო: ღია თუ ჩაკეტილი? - კვირის პალიტრა

საქართველო: ღია თუ ჩაკეტილი?

ადრე პოლიტიკური პარტიები მემარჯვენე-მემარცხენე ორიენტაციის მიხედვით იყოფოდნენ, დღევანდელ პარტიებზე კი ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, ამერიკაში რესპუბლიკელები, წესით, მემარჯვენეები არიან, მაგრამ სესხებით დაფინანსებულ ძვირად ღირებულ ომებს (მაგალითად, ერაყში) აჩაღებენ. მისი მეტოქე მემარცხენე დემოკრატები კი, ბილ კლინტონის თაოსნობით, ბიუჯეტს სოციალური დახმარებების ჩამოჭრის ხარჯზე აბალანსებენ. საქართველოშიც ანალოგიური მდგომარეობაა, - მემარჯვენე-მემარცხენეობის სკალა უსარგებლოა. ამ სკალით პარტიების შეფასების მცდელობა უნაყოფო იქნება.

დღეს საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს ისეთ მთავრობას, რომელიც სიღარიბეს დასაქმებითა და ინდივიდუალური ფულადი დახმარებით შეებრძოლება. საქართველომ წარმატებას მიაღწია კორუფციისა და ბიუროკრატიის დაძლევაში. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ მთავრობა საშიში აღარ არის, თუმცა ყველაფრის მაკონტროლებელი გახდა.

საბჭოთა კავშირისთვის ყველაზე ნიშანდობლივი გარე სამყაროსგან გამიჯვნა იყო. მოსკოვი გამიზნულად ინარჩუნებდა ჩაკეტილობას. ეს მისთვის თვითგადარჩენის საწინდარი გახლდათ. მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირი ათწლეულების განმავლობაში ღაფავდა სულს. შესაბამისად, იზრდებოდა გახსნილობაც. პირველად კაპიტალის ბაზარი გაიხსნა.

დღეს, როცა კაპიტალის ბაზარი თითქმის მთლიანად ინტერნაციონალიზებულია, ძნელია დაჯერება, რომ სულ რაღაც ორმოცი წლის წინ პარიზიდან ნიუ-იორკში ფულის ბრუნვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შემდეგ საზღვრებზე ხალხის მასობრივად მიმოსვლა დაიწყო. ევროკავშირმა 80-იან წლებში მუშახელის შეუზღუდავი მიმოსვლა დაუშვა. ეს ნაბიჯი შედეგიანი აღმოჩნდა. მსოფლიოში იმატა მიგრაციულმა ნაკადებმა. თავის მხრივ, ინტერნეტის გავრცელებამაც მისცა ბიძგი მსოფლიოს გახსნას. თუმცა გახსნილობას სირთულეებიც მოჰყვა: ახალი იდეები, კულტურების შერევა და კონკურენცია. ამან კი შეაშფოთა და დააბნია ის ადამიანები, რომელთაც დანარჩენი მსოფლიო ჯერ კიდევ კარგად არ გაუცნიათ. ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დაძლევის ყველაზე იოლი გზა კი დამალვა და ჩაკეტილობაა. ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ისეთები, რომლებიც ღიაობასა და ტოლერანტობას ირჩევენ, და ისეთებიც, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. დღეს საქართველოს პოლიტიკური დაჯგუფებების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ვიღაცას ხელს აძლევს ღია, ვიღაცას - დახურული საქართველო.

ღია მოდელის მოწინააღმდეგეთა ბანაკისთვის პრობლემად იქცა ის, რომ მსოფლიო სულ უფრო ღია ხდება და შესაბამისად, მატულობს მათზე წნეხი. არადა, ღიაობა განვითარებული მსოფლიოს შემადგენელ ნაწილად ყოფნის წინა პირობაა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში წარმატების მიღწევა სურს, ღია უნდა იყოს, თუმცა ზოგიერთი დიდი ქვეყანა მაინც ჩაკეტილი მოდელის შენარჩუნებას ცდილობს. ამის კარგი მაგალითია რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ჩაკეტილობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ხანგრძლივად მისი შენარჩუნება შეუძლებელია! პატარა ქვეყნებს შორის არც ერთი არ არის ერთდროულად ჩაკეტილიც და საერთაშორისო თანამეგობრობის ნამდვილი წევრიც. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის შემადგენელ ნაწილად ყოფნა. თურქეთი ამ მხრივ კარგი მაგალითია, - იქ ბევრი ესწრაფვის ევროკავშირში შესვლას. ამისთვის საჭიროა უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის უზრუნველყოფა და ამ საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების გამჭვირვალობა. ეს კი ქემალისტებს, რომლებიც სეკულარულები და სამხედროებთან მჭიდრო კავშირში არიან, არ ეპიტნავებათ. ამჟამინდელი მმართველი პარტია (რომელსაც ბუნდოვანი ისლამისტური მიდრეკილებები აქვს) ქვეყანაში მიმდინარე განვითარების მოთავე, თავისუფალი მეწარმეობის ქომაგი და ევროკავშირის წევრობის მიმართ კეთილგანწყობილი პარტიაა, ოღონდ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია გაზარდოს ქვეყნის განვითარების პოტენციალი. მეორე მხრივ, ის ევროკავშირში წევრობის კულტურულ ასპექტებზე წუხს.

რა მიმართულებით წავა საქართველო? საინტერესოა, რომელი პარტია რა ადგილს დაიკავებდა საქართველოს ღიაობა-ჩაკეტილობის სკალაზე? საქართველო კიდევ ერთხელ თავის თავში ჩაიკეტება, როგორც რეგიონის სხვა ბევრი ქვეყანა, თუ განაგრძობს ღიაობის პრინციპის გაშლას? ეს არ არის წმინდა თეორიული კითხვა, ეს არათუ პარტიების კლასიფიკაციას შეუწყობს ხელს, არამედ ქვეყნის მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. რა თქმა უნდა, მე, როგორც ამერიკელს, ამ საკითხზე ჩემი პოზიცია მაქვს. თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების მისაღებია. მთავარი ის არის, რომ ერთდროულად ორივე გზის არჩევა შეუძლებელია.