მომავალი საქართველოში - კვირის პალიტრა

მომავალი საქართველოში

საქართველოში შეხვედრებს თავისებურად ნიშნავენ. სხვა ქვეყანაში ასე ხდება: მაგალითად, ოთხშაბათს უკავშირდები სასურველ პირს და სთავაზობ, პირობითად, ერთი კვირის შემდეგ - ოთხშაბათს, შუადღის პირველ საათზე, კონკრეტულ ადგილას ლანჩზე შეხვედრას; ერთი კვირის შემდეგ მას ზუსტად შუადღის პირველ საათზე შეთანხმებულ ადგილას ხვდებით. საქართველოში კი ეს წესი არ მუშაობს. აქ ასე გპასუხობენ: "მშვენიერია, ოთხშაბათს დილით შევეხმიანოთ ერთმანეთს". მსგავსი პოზიციის არასოდეს მესმოდა. მსოფლიოში, თითქმის ყველგან, ადამიანები რამდენიმე კვირით თუ დღით ადრე გეგმავენ შეხვედრებს და ხელმეორე დასტური სულაც არ არის საჭირო. საქართველოში კი, თუ იმ დღეს, დილითვე, ხელმეორედ არ დაადასტურე შეხვედრის სურვილი, დანიშნულ ადგილას კაციშვილი არ მოვა. სხვაგან ასეთი ქცევა უხეშობად შეიძლება ჩაითვალოს, აქ კი ეს წესადაა მიღებული. ვეჭვობ, ეს თავისებურება უკავშირდება იმას, თუ როგორ ესმით საკუთარი მომავლის განცდა ქართველებს... ადამიანები, როგორც წესი, ფიქრობენ თავიანთ მომავალზე, მასზე პასუხისმგებლობას გრძნობენ და შეუძლიათ ის დაგეგმონ კიდეც. საქართველოში კი, როცა მომავალზე ფიქრობენ, მაშინვე უსუსურობის გრძნობა ეუფლებათ - შეუძლებელია ვიცოდეთ, რა მოხდება მომავალში, ვერაფერს გავაწყობთ, ამიტომ ჯობს, ახლა არ მივაქციოთ ამას ყურადღება..."

ამგვარ ლოგიკას დადებითი მხარეც აქვს. ასეთი აზროვნება შფოთსა და წუხილს ანელებს, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემებს წარმოშობს. კერძოდ, საქართველოში გამუდმებით ელიან ისეთი პოლიტიკური ლიდერის გამოჩენას, რომელიც საქართველოს პრობლემებს მოუგვარებს. მაგრამ პირველი პრობლემა ის არის, რომ ეს ლიდერებიც აქაურები არიან და შესაბამისად სხვებივით დღევანდელი დღით ცხოვრობენ. არასოდეს გამიგია, ქართველ პოლიტიკოსს ეთქვას, ამას და ამას ათ წელიწადში გავაკეთებ ან თუნდაც ხუთ წელიწადშიო. რა? ოცი წელი? აჰ, ახლავე დაივიწყეთ! ისე, ერთი ან ხუთი წლის დასახელებასაც ერიდებიან, პირველი - ერთი წელი უბრალოდ სასაცილოა, ოცი კი - ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენლად დიდი დრო(!). მოკლედ, დაპირების შესრულებისთვის ჩვეულებრივ 2-3 წელს ასახელებენ - ეს ვადა ჯადოსნურად მოქმედებს.

ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო ინიციატივების, აღტყინების ქვეყანაა. აქ შეგიძლია ნებისმიერ დროს წამოისროლო რაიმე იდეა, აღფრთოვანდე მისი დიდებულებით, ახმაურდე ყველას გასაგონად და მერე სასწრაფოდ შეუდგე მის ხორცშესხმას. ანუ ინიციატივა ისეთი უნდა იყოს, რომ თვალში ეცემოდეს ყველას და მოითხოვდეს დაუყოვნებლივ რეაგირებას. რა თქმა უნდა, სიტყვა "დაუყოვნებლივ" ეფექტურია, მაგრამ საქმე სულ სხვაა, - ეს არის დაგეგმვა, შეთანხმება, ფურცელზე თუ ინტერნეტში პროექტის ზედმიწევნით აღწერა. ლამაზი სურათები და გრაფიკები არაფერს ნიშნავს. მთავარია, ყველასათვის გასაგებად და თვალსაჩინოდ ყოველი დეტალის, მათ შორის, ბიუჯეტისა თუ სამუშაო განრიგის განხილვა. შემდეგ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებ. ეს საქმე კი ეფექტზე ნამდვილად არ არის გათვლილი. თანაც მის გაკეთებას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს. სამწუხაროდ, ამ დროს აქ სხვაგვარი ფენომენი იწყებს მუშაობას: რა აუცილებელია ამდენი დროის ხარჯვა დაგეგმვაზე, თუ სავსებით შესაძლებელია, რომ საქმის კეთების დროს აზრი შევიცვალოთ."

ზემოთ ნათქვამზე ახალშექმნილმა დასაქმების სამინისტრომ დამაფიქრა. ასე მგონია, ეს სამინისტრო ფულის დარიგებას აპირებს, არადა, ფულის დარიგება და ხალხის დასაქმება სხვადასხვა რამ არის.

დღევანდელ საქართველოში პროფესიული ტრენინგების ჩატარების საქმე არასახარბიელო მდგომარეობაშია; მკაფიოდ არ არის გათვლილი, ესა თუ ის პროფესიონალი რომელი სამუშაოსთვის არის საჭირო. მშენებლობებზე თურქი და ჩინელი მშენებლები მუშაობენ, რადგან თანამედროვე სამშენებლო პროექტის განხორციელების უნარის მქონე პროფესიონალი ქართველი არც ისე ბევრია. არსებობს თუ არა გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ალბათ, არა და სხვათა შორის, არც წარმოების, ჯანდაცვისა და განათლების სექტორებში. ამისათვის ჯერ უნდა გაიმართოს საჯარო განხილვები, როგორი უნდა იყოს შორეული მომავლის სამუშაო ძალა, რამდენი, რა სახის სამუშაო ადგილები იქნება საჭირო. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს, რა ტრენინგები უნდა გაიაროს სამუშაო ძალამ და ვინ ჩაუტაროს. ყოველივე ეს მეტად ძნელი საქმეა. როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არც ამ საკითხზეა გამორიცხული პოლიტიზებული გადაწყვეტილებები, მაგრამ უამისოდაც არაფერი გამოვა, გრძელვადიანი უმუშევრობის დონე მაღალი დარჩება და ქვეყანას თავისი ტალანტების იმპორტის გაგრძელება მოუწევს. ასეთი დაგეგმვა სხვაგვარი დაგეგმვისგან დიდად არ განსხვავდება. უნდა განისაზღვროს, რისი მიღწევა გვსურს და რა ვადაში, უნდა განვიხილოთ, დეტალურად შევიმუშაოთ ხედვა და ერთმანეთთან შევათანხმოთ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავბრუნდეთ უკან, დღევანდელობაში და შევიმუშაოთ ისეთი ეტაპობრივი გეგმა, რომელიც დღევანდელი მდგომარეობიდან მიგვიყვანს იქ, სადაც გეგმის მიხედვით გვსურს. საინტერესოა, როდის დაიწყება ამ გზით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, როდის მიიღებს განხილვებში მონაწილეობას საზოგადოება?

თუმცა, მოდი, ლანჩის გეგმებს დავუბრუნდეთ. რომელია უკეთესი - ერთი კვირით ადრე შეხვედრის დათქმა და მასზე დროულად მისვლა, თუ სტილი - "მოდი, დილით შევეხმიანოთ ერთმანეთს?" თუ წინსწრებით დაგეგმვას არ მივეჩვევით, მაშინ საქართველოს მომავალი სამუშაო ძალა და ყველა სხვა პროგრამა ეჭვქვეშ დადგება. ყველაფერს დაგეგმვა სჭირდება. და მაინც, რატომ უნდა ველოდოთ დილას, რომ საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება შეხვედრის შესახებ? მოდი, ცოტა უფრო გავერკვეთ საკუთარ მომავალში. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ვერავინ შეგვიშლის ხელს ამაში. დაგეგმვას ერთი თავისებურება აქვს: თუ სწორად დაგეგმავ, ვითარება ნამდვილად გაუმჯობესდება.