ისევ იმდენი სასჯელი?! - კვირის პალიტრა

ისევ იმდენი სასჯელი?!

"ნაციონალური მოძრაობის" მონოპოლიას ორმა მოვლენამ მოუღო ბოლო. ორივე ადრეულ ეტაპზე მოხდა: პირველი იყო შევარდნაძის მთავრობის წევრთა დასჯა, მეორე - 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური ცვლილება.

როცა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბრის ბოლოს მოვიდა, სახელმწიფოს კაპიკი ფული არ ჰქონდა. შევარდნაძის მთავრობის ის წევრები, რომლებიც ფულს წლების განმავლობაში აკეთებდნენ, ქვეყნის დატოვებას ან ფულის გატანას ცდილობდნენ.

პალერმოს ყოფილი მერის, ლელუკა ორლანდოს რჩევით (სხვათა შორის, ახლახან ხელმეორედ აირჩიეს), ახალმა ხელისუფლებამ ამ ინდივიდებს მაქსიმალურად გამოწურა ფული ციხიდან გაშვების სანაცვლოდ. ეს მეთოდი კარგად მოქმედებდა. ვაღიარებ, რომ მაშინ გარკვეული სიმპათიით ვუყურებდი ამ პროცესს. მანამდე ყველა ხედავდა, თუ როგორ სწოვდნენ ეს ინდივიდები ეკონომიკას ფულს. ყველამ იცოდა, რომ სასამართლოებში ვერ ნახავდი სამართალს. არჩევანი შეზღუდული იყო. სისტემამ არ იცოდა, თუ როგორ უნდა მოჰქცეოდა მათ და შეიმუშავა საპროცესო გარიგებების პრინციპი, რომლის მთავარი და ჩემთვის სრულიად გასაგები მიზანი იყო ამ ხალხისგან ფულის ამოღება. ზოგიერთმა მათგანმა გაქცევა მოასწრო, ძირითადად, რუსეთში, ზოგიც დარჩა და გადაიხადა. მე ზოგიერთ მათგანს ახლაც კი ვხედავ ქუჩაში.

მაგრამ სისტემას გარკვეული ხარვეზებიც ჰქონდა. პირველი პრობლემა იყო ის, რომ არ იქნა გამოყენებული სტანდარტული მიდგომა. უნდა გამონახულიყო რაღაც გზა, რომ ეს ფულიანი ხალხი რაიმე სპეციალური სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო და ფორმალურად სასჯელი მიეღო რაღაც ვადით. სინამდვილეში ზოგიერთი საერთოდ არ გასამართლებულა. გაუგებარი მიზეზების გამო მათ არ გაუვლიათ ასეთი პროცესი. თან ყველაფერი გაუმჭვირვალედ ხდებოდა. არავინ იცოდა, ვის და რამდენი უნდა გადაეხადა, ანდა სად მიდიოდა ეს გადახდილი ფული. არა მგონია, რომ ვიღაცების ჯიბეში მიდიოდა, თუმცა, ვინ იცის...

ერთხანს შეჩერების მაგივრად ეს სისტემა ამჟამინდელ სისხლის სამართლის სისტემად გარდაიქმნა. რახანია გვაქვს ეგრეთ წოდებული ნულოვანი ტოლერანტობა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ვინმეს აპატიმრებენ, მას ორი გზა აქვს - ან ფულს იხდის და შემცირებულ სასჯელს იღებს, ან სასამართლოში მიდის, აგებს და მრავალ წელს ციხეში ატარებს. მმართველმა პარტიამ ყველა მოსამართლე შეცვალა და არავინ მინახავს (რომელიც მთავრობაში არ მუშაობს), ვისაც სჯერა, რომ საქართველოს მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან. ყველამ ვიცით, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ციხე. სისტემა სრულ კონტროლს აძლევს პროკურორებს ხელში. არ ცხადდება გარიგებების თანხები ან სხვა დეტალები. გარდა ამისა, სისტემამ განაპირობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების შიდა სტრუქტურების - კუდ-ისა და სოდ-ის - აღზევება. ეს სტრუქტურები კანონის ფარგლებს გასცდნენ და ვისაც უნდა, იმას ავიწროებენ.

მეორე რამ, რაც მათ გააკეთეს და ცუდად დასრულდა, იყო 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური ცვლილებები. ეს გაკეთდა ისეთი ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მიშასა და ზურაბ ჟვანიასთვის კომფორტული იქნებოდა სამუშაოდ. ეს გაკეთდა კანონდარღვევით, ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე. ამ ცვლილებისთვის ხმა პარლამენტარებს დაშინებით მიაცემინეს. ვამაყობ იმით, რომ მაშინ ერთადერთი უცხოელი ვიყავი, ვინც საჯაროდ გამოვიდა ტელევიზიაში ამ ცვლილების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ დარჩა დრო მის წინააღმდეგ ამოქმედებისთვის. ისე, სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს ცვლილება ასე მყისიერად. მმართველმა პარტიამ ამ ცუდი ჩვევის გამოყენებაც დაიწყო. მათი ლიდერები ამბობდნენ, რომ ჩქარობდნენ და არ ეცალათ კონსტიტუციის დეტალებზე სხვებთან ერთად სალაპარაკოდ - ისინი ხომ ახალ სახელმწიფოს აშენებდნენ. მათ შემდგომშიც განაგრძეს ასეთი ქმედებები. რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ, სურვილისამებრ იღებდნენ კანონებს, მცირე განხილვებს თუ უშვებდნენ, ისიც ზოგჯერ.

არადა, რამდენი კარგი რამ მოხდა: ადმინისტრაციული რეფორმები, წვრილი კორუფციის აღსასრული, გზების შეკეთება. მოკლედ, საერთო ჯამში ნამდვილი სახელმწიფო შეიქმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არსებითად დასჯაზე იყო დამყარებული. ხალხს უყურებდნენ როგორც პრობლემას და თვლიდნენ, რომ საჭირო იყო მათზე გადავლა. არადა, ხალხმა აირჩია ისინი და ხალხისთვის უნდა ესმინათ. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაითვალისწინოს ეს, რადგან პარლამენტში ახლაც მსგავს ვითარებაში შედიან. ზოგიერთი უკვე დასჯისკენ მოუწოდებს. სახელმწიფომ ვინმე რომ დასაჯოს, დასჯის მექანიზმი, მისი შემსრულებელი ინსტიტუციონალური ჩარჩო უნდა შექმნას. ამას კი დრო სჭირდება. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ძალაუფლების განაწილება საქართველოსთვის კარგი უნდა იყოს. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ სიბრაზე მოტივაციად არ იქცეს და შავი სიების შედგენა აკვიატებაში არ გადაიზარდოს. რასაც დღეს გავაკეთებთ, ხვალ მოვიმკით.