ორივე მხარე ცდება - კვირის პალიტრა

ორივე მხარე ცდება

არჩევნების შესახებ ორი განსხვავებული ისტორია გამოიკვეთა და ორივე მცდარი. არჩევნებამდე ვაშინგტონში დაფუძნებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) "ქართულ ოცნებაზე" "ნაციონალური მოძრაობის" აშკარა უპირატესობის ამსახველ გამოკითხვებს აქვეყნებდა პერიოდულად. "ნაცმოძრაობაში" დღემდე ფიქრობენ, რომ ინსტიტუტის გამოკითხვები სინამდვილეს სწორად ასახავდა, მაგრამ ისინი ისეთივე შეცდომას უშვებდნენ, როგორიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დაუშვა, როცა ყურადღება არ მიაქცია პასუხის არგამცემთა 46%-იან არმიას და ჩათვალა, რომ პასუხის არგამცემები რატომღაც ისეთივე პროპორციით უჭერდნენ მხარს "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას", როგორი განაწილებაც იყო პასუხის გამცემებში.

"ნაცმოძრაობაში" ეგონათ, რომ ციხის ვიდეოფირებმა ამომრჩეველთა წარმოუდგენლად დიდი ნაწილი ელვისებურად განაწყო მათ წინააღმდეგ და შესაბამისად, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ასეთი შეფასება არა მარტო მცდარია, არამედ პრობლემატური შეიძლება გახდეს, თუ მას "ნაცმოძრაობა" მალევე არ დაანებებს თავს. უპირველესად უნდა ითქვას, რომ არასერიოზულია იფიქრო ისე, თითქოს რაიმე ვიდეოჩანაწერებმა, როგორი შემაძრწუნებელიც უნდა ყოფილიყო, ასე სწრაფად და მასშტაბურად გადააბრუნა ამომრჩეველთა გონება. სინამდვილე ის არის, რომ "ქართული ოცნება" გაცილებით პოპულარული იყო ვიდეოფირების გამოჩენამდეც (ანუ პირიქით, "ნაცმოძრაობა" გაცილებით ნაკლებპოპულარული იყო), ვიდრე "ნაცმოძრაობას" ჰგონია. ახლა, როცა "ნაცმოძრაობაში" თვითგანახლების პროცესი მიმდინარეობს (რაც  წარმატებულ ოპოზიციად ჩამოყალიბების საწინდარია), "ნაცმოძრაობის" წევრები საკუთარ თავთან მაინც უნდა იყვნენ გულწრფელი. ცხადია, უფრო იოლია საკუთარი მარცხი ვიდეოფირს გადააბრალო, ვიდრე პარტიაში  სისტემური პრობლემის არსებობა აღიარო. ასეთმა განწყობამ უარეს შემთხვევაში შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტის დასაწყებად საჭირო თვითანალიზი შეაჩეროს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების პრობლემა ის არის, რომ ისინი ამას წარმოადგენდნენ როგორც "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მაჩვენებლების ჭიდილს. სინამდვილეში სათაურში სხვა რამ უნდა ყოფილიყო: "კითხვებზე პასუხის არგამცემთა არმია".

ეს არმია შიშზე იყო ამოზრდილი. შიში "ნაცმოძრაობის" ზეობის დროს ბევრისთვის ცხოვრების არასასურველ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. სწორედ შიში აიძულებდა ხალხს, არ გაერისკა და არ აღმოჩენილიყო არასწორ მხარეს. თუ არასწორ მხარეს აღმოჩნდებოდა, მას სამართლიანად მოპყრობის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ამ შეგრძნებამ დააჭერინა ბევრს "ქართული ოცნებისთვის" მხარი. ეს ნათლად ჩანდა გამოკითხვებში.

"ნაცმოძრაობამ" საქართველოს მოსახლეობის შეხედულებები ვერ გაიაზრა. მას საუკეთესო პოლიტიკური კონსულტანტები ჰყავდა, განსაკუთრებით კომპანია "გრინბერგ როზნერი" - ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში, მაგრამ მაინც შეცდა.

"ნაცმოძრაობაში" ყველა ელოდა, რომ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ წააგეს. ახლა ის მაინც უნდა გაიგონ, თუ რატომ წააგეს. პირველი ნაბიჯის სახით კარგი იქნებოდა, ქეთრინ შულცის წიგნი "როცა ცდები" წაეკითხათ. წიგნი  ქართულ ენაზე ახლახან გამოიცა.

თუმცა ამავე დროს "ქართულ ოცნებაშიც" ვერ გაუგია ბევრს, თუ რა მოხდა სინამდვილეში 1-ელ ოქტომბერს. ისინი ფიქრობენ, რომ გაყალბებისა და ზეწოლის გამო იმაზე ნაკლები ამომრჩეველთა ხმა მიიღეს, ვიდრე ელოდნენ. მათი აზრით, "ქართული ოცნებისთვის" მხარდაჭერის მასშტაბი სინამდვილეში ტოტალური იყო და ყველა, ვინც კი მათ მხარი არ დაუჭირა, "ნაცმოძრაობასთან" უშუალო და კორუფციულ კავშირში იყო. ისინი თვლიან, რომ "ვარდების რევოლუციასა" და ამჟამინდელ სახელისუფლებო ცვლილებას შორის მორალური იგივეობაა, მაგრამ ცდებიან.

რა თქმა უნდა, გაყალბება და ამომრჩევლებზე ზეწოლა სხვადასხვა რეგიონში ნამდვილად იყო. თუმცა, საერთო ჯამში, არჩევნები ამომრჩეველთა ნების სამართლიანი გამოხატულება იყო. ზოგი იტყვის, ამის მიზეზი "ნაცმოძრაობის" დემოკრატიულობააო, სხვა კი - "ნაცმოძრაობას" სამართლიანად სურდა არჩევნების მოგება და იმიტომ მოუვიდა ასეო. ყველა შემთხვევაში ეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. გაცილებით ძნელია იმის გარკვევა, თუ რამდენ ოპოზიციის შესაძლო მხარდამჭერზე იყო ზეწოლა. სამეგრელოში, სხვა რეგიონებთან შედარებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 5%-ით ნაკლები მივიდა. ეს სწორედ შესაძლო ზეწოლაზე მეტყველებს. მაგრამ საბოლოოდ ამომრჩევლები მონდომებული უნდა იყვნენ, რომ გარისკონ, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ხმა მისცენ თავიანთ რჩეულს. ასეთ შემთხვევაში არგამოცხადებულთა წილი მცირე იქნება.

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საღამოს 8 სთ-ზე გამოცხადებული ეკზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებას სხვანაირი ელფერი დაჰკრავდა, ვიდრე იმ ვითარებას, როცა შევარდნაძემ 2003 წლის 23 ნოემბერს თავისი ცნობილი ფრაზა -„"სახლში მივდივარ" თქვა. 2003 წელს შევარდნაძის დარჩენა ძალიან ცოტას თუ უნდოდა. თითქმის ყველა აღიარებდა, რომ ის უნდა გადამდგარიყო და საქმე სააკაშვილის გუნდისთვის გადაებარებინა. მიმდინარეობდა მასობრივი დემონსტრაციები. იმ კვირას უამრავი ხალხი მოვიდა პროსპექტზე, მათ უნდოდათ, ეს ისტორიული მოვლენა დამახსოვრებოდათ. ეს წელი კი განსხვავებულია. მართალია, განწყობა ნამდვილად საზეიმო იყო, მაგრამ ქუჩებში უფრო ნაკლები ხალხი ჩანდა. ყველაზე ხმაურიანი 17-20 წლის ახალგაზრდობა იყო, რომელსაც 2003 წლის მოვლენებში სრული მონაწილეობა, ალბათ, არც მიუღია ასაკის გამო. ახლა მათაც უნდოდათ იგივე. მართალია, თბილისში "ქართულ ოცნებას" გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აქაც ცხოვრობენ. თუმცა არც ერთი მათგანი ქუჩაში არ გამოსულა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თვლიან, რომ ყველა ის, ვინც შეშფოთებულია ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლით, "ნაცმოძრაობის" ბრმა მხარდამჭერია და ფული აქვს აღებული, ან რაღაც სხვაგვარი ბოროტი მანქანებით არის შეცდომაში შესული. ასეთი შეხედულება არასწორია. საქართველოში ახლაც ასიათასობით მოქალაქე უჭერს მხარს "ნაცმოძრაობას" ლეგიტიმური მიზეზების გამო და შესაბამისად, "ქართული ოცნების" სამართლიანი შიში აქვს.

პარადოქსია, მაგრამ ასეთივე შეცდომა დაუშვა "ნაცმოძრაობამ" წლების წინ, როცა ჩათვალა, რომ ის, ვინც მხარს არ უჭერდა და თუნდაც უბრალოდ აკრიტიკებდა, კორუმპირებული, საქართველოს მოდერნიზაციის წინააღმდეგი ან კრემლის აგენტი იყო. ახლა უკვე "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს საგრძნობი ნაწილი მისი მხარდამჭერი არ არის, უნდა გააცნობიეროს, რომ ამას გარკვეული ლეგიტიმური მიზეზები აქვს და უნდა შეძლოს მასთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარება. თუ ისინი ამ ჯგუფს არაფრად ჩააგდებენ ან რაიმე დამამცირებელ იარლიყს მიაკერებენ, მაშინ ეს ჯგუფი უფრო გაიზრდება და აგრესიული გახდება.

ქვეყანაში მოქალაქეთა ურთიერთდაპირისპირებული ორი ან სამი ჯგუფის არსებობა ნორმალურია. ასე მუშაობს დემოკრატია.  ამ სისტემაში წარმატების გასაღები უპირველესად განსხვავებული შეხედულებების არსებობის აღიარებაა. უნდა გავუგოთ, პატივი ვცეთ და მოვუსმინოთ ხოლმე მათ, ვისაც ასეთი შეხედულებები აქვთ. საქართველოს უახლოეს წარსულში ასეთი რამ ნაკლებად ხდებოდა. სამაგიეროდ, ახლა ნამდვილად მოხდება და ეს სახელმწიფოსა და ერს გააძლიერებს.