"ნაცები" - კვირის პალიტრა

"ნაცები"

მსურს სააკაშვილის ადმინისტრაციაში მომუშავე ზემდგომ საჯარო მოხელეებზე ვილაპარაკო. ეს არის მრავალი ნიჭიერი ადამიანისგან შემდგარი მნიშვნელოვანი ჯგუფი. ოდნავ ქვემოთ ჩემს მოსაზრებებს ვეტყვი მათ.

უფრო და უფრო ხშირად მესმის ტერმინი "ნაცები", რომლითაც სააკაშვილის ყოფილ მთავრობაში მომუშავე ან მის მხარდამჭერ პირებს, ანდა სულაც ივანიშვილისა თუ "ოცნების" კრიტიკოსები უწოდებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ნაცისტურმა პარტიამ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ომი გააჩაღა და მილიონობით ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი დახოცა. ამ სიტყვის ასე იოლად აქეთ-იქით სროლა პოლიტიკური ოპონენტებისკენ, თუნდაც კერძო საუბრებში, იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცას ცოტა გაურკვეველი ისტორიული პერსპექტივა ჰქონია ან პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულია. რა თქმა უნდა, "გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ზედმეტობები ჰქონდა, - იყო კორუფცია, ზოგიერთ სფეროში, ალბათ, მასშტაბურიც. როგორც ადრე, ახლაც ბევრი მოარული ისტორიაა ხალხში და მათი რაღაც ნაწილი, ალბათ, მართალიცაა.

ახალი მთავრობა ვალდებულია და გამოიძიებს კიდეც ამ ბრალდებებს და ყველა ის, ვისაც ფული მოუპარავს ან სხვანაირად დაურღვევია კანონი, დაისჯება. თუმცა, როცა ეს დანაშაულები ხდებოდა, ამ დროს გაცილებით მეტი ხალხი პატიოსნად ასრულებდა დაკისრებულ სახელმწიფოებრივ ყოველდღიურ მოვალეობებს. ალბათ, გარკვეულ მომენტში ბევრმა მათგანმა შეიტყო სხვადასხვა დარღვევის შესახებ, მაგრამ განგაში არ აუტეხია სამსახურიდან გაგდების ან უარესის შიშით. კი, შეცდა, უნდა აეტეხა. თუმცა, მათი ქცევა საერთაშორისო დონის დანაშაულად ვერ ჩაითვლება. სამაგიეროდ, ეჭვი არ არის, რომ ამ ხალხს ზემოდან მომავალი ბევრი სულელური იდეა შეუჩერებია. ეს დაფარულად, ყველასგან შეუმჩნევლად ხდებოდა, მაგრამ ხშირად ხდებოდა. რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელიწადში "ოცნების" გუნდის ზემდგომი წევრებიც დაუშვებენ შეცდომებს, ისეთ რამეებს ჩაიდენენ, რომელთა განსაჯაროების შემთხვევაში სირცხვილი არ ასცდებათ. ზოგი ქვემდგომი ასეთ რამეებს დაფარავს ან არ შეიმჩნევს და არ გამოააშკარავებს. ეს მომენტი არ უნდა დაგვავიწყდეს.

ყველა იმ ახალ ლიდერს, მინისტრსა და სხვა სახელმწიფო ორგანოს ახალ თუ მომავალ ხელმძღვანელებს მინდა ვუთხრა, რომ ქვემდგომებს აუცილებლად შეხვდნენ, ყოველ მათგანს ასე, თითო-თითო საათი გამოუყონ. არაა აუცილებელი, ყველა მათგანს სურდეს სამსახურში დარჩენა. მათ, პირველ რიგში, შეიძლება უბრალოდ თავიანთი აზრის გამოთქმა და ხელმძღვანელისგან ყურის გდება უნდოდეს. სამსახურიდან წასვლაც უფრო ლოგიკურად მოხდება. მთავარია, ქვემდგომებთან ლაპარაკი-გასაუბრება და არა სამსახურიდან წასვლის წერილის დაწერის შესათავაზებლად შიკრიკის მივლინება.

არ უნდა დაგავიწყდეთ ასევე, რომ "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის არსებობის ბოლო თვეებში მინისტრების კორპუსი საფუძვლიანად გადახალისდა. საჯარო მოხელეებისთვის უფლებების მისანიჭებლად "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს მიუღია საჯარო სამსახურის ამომწურავი პოლიტიკა ან კანონი და მაშინაც, როგორც სხვა დროს, ახალმა მინისტრებმა ათობით მათი ქვემდგომი უცერემონიოდ დაითხოვეს სამსახურებიდან. აი, ამ დათხოვნილ ხალხთანაც იქნებოდა კარგი შეხვედრა. და დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ მოიგეთ. ამიტომ იყავით სულგრძელები. ისე, ტრანსფორმაცია სახეზეა: თუ არჩევნების შემდგომ პირველ თვეს ახალი ლიდერები ეჭვის თვალით და პირქუშად იყურებოდნენ, ახლა შერბილება დაეტყოთ. ასეც უნდა იყოს. მოიქეცით, როგორც გამარჯვებულები.

"ნაციონალურ მოძრაობას" საშინელი შეხედულება ჰქონდა: ვინც მათთან არ იყო, მათ წინააღმდეგ იყო. როცა სხვები და მათ მიერვე დანიშნული სახალხო დამცველი იმის თქმას შეეცადნენ, რომ პატიმრებს უდიერად ექცეოდნენ, მათ ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდეს. უფრო მეტიც, ამის მთქმელ არასამთავრობოებს მიკერძოებულობა და გრანტების ჭამა დააბრალეს. ახლა, თუ ვინმე "ქართულ ოცნებას" გააკრიტიკებს, ბევრი მას მიშისტობას ან "ნაცობას" დააბრალებს. საინტერესო ისაა, რომ ამ მხრივ ყველაზე ხისტები "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან. თვითონ კოალიციის წევრები და ხელმძღვანელობა ამ მხრივ გაცილებით უფრო შემრიგებლურია. მათ უფრო ფართო ხედვა აქვთ, ვიდრე მათ მხარდამჭერებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს უკანასკნელები, ადრე თუ გვიან, კოალიციას მიჰბაძავენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება ის, თუ როგორ დაიცავს ახალი მთავრობა ე. წ. მეგანგაშეებს. ასეთები საქართველოში დღემდე არ გამოჩენილან. ახალი მთავრობისთვის საუკეთესო გზა იქნება არა მარტო მომავალი მეგანგაშეების დაცვა, არამედ ატეხილი განგაშის საგანზე კონსტრუქციული რეაგირება და სათანადო ღონისძიებების გატარება.

და კიდევ ორიოდე სიტყვა იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც ამ მომენტში ყურადღებას არ აქცევენ, სამსახურის დატოვებას სთხოვენ, სამსახურიდან ითხოვენ ან გაურკვევლობაში ტოვებენ. პირველ რიგში, მომთმენები იყავით. ახალ ხელმძღვანელობას უამრავი რამ აქვს გასაკეთებელი როგორც შიგნით, ისე გარეთ. ზოგიერთი თქვენგანი უკვე მირბის და ახალ სამსახურს იწყებს პოლიტიკაში, მედიასა თუ ანალიტიკურ ორგანიზაციაში. ასე ციკლიდან ამოვარდნილი პოლიტიკოსები იქცევიან. ჩემი გამოკვლევით ასე განსაკუთრებით ის ხალხი იქცევა, რომელიც ყველაზე თავდაჯერებული, ამპარტავანი ან ძნელად დასამშვიდებელი იყო, ანდა მისი წრის გარეთ არსებულ ადამიანებს ზედაც არ უყურებდა. გაურკვევლობაში კი უფრო მეტად ის ხალხია, ვინც უფრო იოლად დამშვიდდა და მზადაა მოსასმენად. სწორედ ესაა ის მუშა ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და აქეთ-იქით არ იყურებოდა. მათ მინდა მივმართო ახლა:

თუ გეტყვიან, რომ უნდა დატოვოთ სამსახური, ეს სამყაროს დასასრული არ უნდა იყოს თქვენთვის. ჩემს ცხოვრებაში მე რამდენიმეჯერ დამატოვებინეს სამსახური და ყოველ ჯერზე ჩემთვის კარგი აღმოჩნდა. ანუ სხვანაირად რომ ვთქვა, დარჩენა წასვლაზე უარესი იქნებოდა. თქვენ რამდენიმე წელი მეტად მომთხოვნი ჯგუფის ხელმძღვანელობით მუშაობდით. ახლა შესაძლოა, ახალი ჯგუფის ხელმძღვანელობით იმუშაოთ. თუ ასე არ მოხდა, კარგი იქნება, ახალი ცხოვრების დაწყება სცადოთ. თქვენს ოჯახს უფრო მეტი ელაპარაკეთ, ვიდრე მუდმივად თქვენს ბლექბერიში ჩარგოთ თავი. გაიაზრეთ, რა გინდათ ცხოვრებისგან. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, ცხოვრებაში ღრმად ჩაიხედოთ. ადამიანების უმრავლესობას ასეთი შესაძლებლობა არა აქვს. ეს დასასრული კი არა, ახალი მიმართულების არჩევის მშვენიერი შესაძლებლობაა. აღიარეთ ეს! ხოლო მათ, ვინც სხვებს "ნაცებს" უწოდებს, ვთხოვ, ეს არ გააკეთონ.