კლიმატის ცვლილება და საქართველო - კვირის პალიტრა

კლიმატის ცვლილება და საქართველო

მათ, ვისაც ჯერ არ სმენია, მინდა ვაუწყო, რომ მიმდინარე კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობებს უკავშირდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია საწვავის - ბენზინისა და ქვანახშირის - მოხმარება.  ეს კარგად იცის იმ ხალხის უმრავლესობამ, რომელიც ძლიერი საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. კორელაცია განათლებასა და კლიმატის ცვლილების აღიარებას შორის აშკარა და პირდაპირია. განათლებული ხალხი ამას ხვდება და ეთანხმება. რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკს ქარიშხალმა "სენდიმ" გადაუარა და ქალაქს ისეთი ზიანი მიაყენა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, რომ ფაქტობრივად, ყველამ დაინახა კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ქარიშხალს შორის. მიუხედავად ამისა, სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ეს პრობლემა იშვიათად განიხილება საქართველოში.

ხშირად გაიგებ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, და იგივე მსმენია საქართველოს წინა მთავრობის ბევრი წარმომადგენლისგანაც, რომ კლიმატის ცვლილება ვერ მტკიცდება. ეს დიდი კორპორაციებისა და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ძველი ტაქტიკაა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაწყვეტა მუდმივად სხვა დროისთვის გადადონ ხოლმე. ზოგიერთი, როცა თავის პოზიციას ვეღარ იცავს, ცდილობს, მოგებული და წაგებული პოზიციები თანაბრად წარმოაჩინოს. როცა მეცნიერებმა პირველად აჩვენეს, რომ თამბაქოს მოწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებდა, თამბაქოს მწარმოებელმა დიდმა კომპანიებმა არ მიიღეს ეს ფაქტი, რადგან არ უნდოდათ უზარმაზარი მოგების დაკარგვა. მერე, წლების შემდეგ, იმდენად ნათელი გახდა ამ ფაქტის ჭეშმარიტება, რომ ამ კომპანიებმა მოსახლეობისთვის ფაქტის „წინააღმდეგობრივად მოჩვენება დაიწყეს. კერძოდ, ისინი ფინანსურად ეხმარებოდნენ მედიასაშუალებებს და სანაცვლოდ ზეგავლენას ახდენდნენ ახალ ამბებზე (მაგ.„საშიშია თუ არა სიგარეტი?), რომლებიც, თავის მხრივ, ბევრ მწეველს უქმნიდნენ ან უძლიერებდნენ იმ შთაბეჭდილებას, რომ მოწევა სასიკვდილო არ იყო და შეიძლებოდა მისი გაგრძელება.

არსებობენ ძალიან ძლიერი კომპანიები, რომლებიც იმავენაირად იქცევიან კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებაზე საუბრის დროს„ორივე მხარე“ უნდა წარმოჩნდეს. სინამდვილეში ორი მხარე არ არსებობს, ასე ამბობენ მეცნიერები. საპირისპირო აზრს ადგანან მხოლოდ ის მეცნიერები, რომლებსაც ნავთობისა და ქვანახშირის კომპანიები უხდიან ფულს. ასე რომ, ამ ფაქტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უკვე წარსულს ჩაბარდა.

არსებობს ასეთი წიგნი Fast Forward (ითარგმნება როგორც "სწრაფად წინ"; ეს წიგნი არაკომერციულმა გამომცემლობამ გამოსცა). მასში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მსოფლიოსთვის კლიმატის ცვლილება. არც გაერო და არც ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა არ ცდილობს იმდენს, რომ ეს პრობლემა რაღაცნაირად გადაწყდეს. მხოლოდ ევროკავშირია განწყობილი მართლა სერიოზულად. წიგნში ნათქვამია, რომ პრობლემა ევროკავშირის წინამძღოლობით ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ დიდმა ქვეყნებმა - ინდოეთმა, ჩინეთმა, აშშ-მა. დასავლეთ ევროპაში ეს საკითხი ხალხის მუდმივი საწუხარია და მედია მას მუდმივად აშუქებს.

რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება საქართველოსთვის? - რამდენიმე რამეს. პირველ რიგში, საქართველოს თავისი ადგილმდებარეობისა და ტოპოგრაფიის გამო უფრო იოლად გამოუვა საჭირო და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე სხვა ქვეყნების უმრავლესობას. საქართველოში ახლა, ალბათ, ყველას აკერია პირზე რუსული თუ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სინამდვილეში აღდგენად ენერგიაზე (მაგ. წყლის, ქარის) გადასვლის სისწრაფეა. დღეს საქართველოში სამომავლოდ ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობის განხილვა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი იქნება. უფრო მეტიც, თუ საქართველო კაშხლებს ააგებს და აქედან მიღებული დენის ექსპორტირებას დაიწყებს, ის აღდგენადი ენერგიის ერთადერთი ექსპორტიორი იქნება მსოფლიოში.

საერთაშორისო მოქალაქეობრივ საქმიანობას ყოველთვის აქვს აზრი. ის რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება. მაგალითად, ამჟამად საქართველო თავის მოკავშირეებს ერაყში (ამერიკის მისია) და ავღანეთში (ნატოს მისია) ეხმარება. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა კი იმ ფენების კეთილგანწყობას მოუტანს საქართველოს, რომელიც მას ამჟამად არანაკლებ სჭირდება. ესაა ევროპის სოციალ-დემოკრატების ხმა, რომლებიც მანამდე ძალიან წუხდნენ რუსეთის მიმართ წინა მთავრობის აგრესიულობით და ამერიკელ რესპუბლიკელებთან მისი ზედმეტად კონფორმისტული დამოკიდებულებით. თუ საქართველო კლიმატის ცვლილების კონტროლირების საქმეში რეგიონის ლიდერად გადაიქცევა, ეს ძალიან გააუმჯობესებს მის რეპუტაციას დასავლეთ ევროპაში.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ხალხს წლობით უწევდა ლოდინი მანქანის საყიდლად. რამდენიმე წლის წინ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისეთი ეფექტური მანქანების ბაზრობა შექმნა, რომ საქართველო მეორადი მანქანების ნომერ პირველ ექსპორტიორად იქცა. წინა მთავრობა ამით ამაყობდა კიდეც. თუმცა, დანარჩენი მსოფლიო უფრო წინაა წასული და საერთოდ არ აღელვებს მანქანების ციებ-ცხელება. თუ ენრიკე პენალოზას ცნობილ სიტყვებს დავესესხებით, "განვითარებული არ ეთქმის იმ ქვეყანას, სადაც ღარიბებს მანქანები ჰყავთ. განვითარებულია ის ქვეყანა, სადაც მდიდრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ".

ასი პროცენტით სწორია. საქართველოში ხალხი რომ ასეა დაკავებული მანქანებით, ბევრი მანქანის ყოლით, დიდი მანქანების შეძენით, დასავლეთევროპელის თვალისთვის ცოტა... მესამე სამყაროდ უფრო აღიქმება. საქართველო იმ ქვეყანათა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, სადაც არ წარმოებს მანქანების წლიური ტექნიკური შემოწმება. უფრო მეტიც, საქართველო იმ ქვეყანათა მცირე რიცხვშია, სადაც ტყვიის შემცველი ბენზინი იყიდება და მოიხმარება, რაც ზრდის ტყვიით გარემოს დაბინძურებას. არადა, ცნობილია, რომ ტყვია ბავშვის ტვინის განვითარებას აფერხებს და კიდევ სხვა უარყოფით შედეგებსაც განაპირობებს.

მაშ ასე, ახლა, როცა უკვე ვიცით, რომ კლიმატის ცვლილება ნამდვილად ხდება, დაიწყებენ თუ არა ამ პრობლემაზე ფიქრს, განხილვებსა და გადაჭრის გზების ძიებას საქართველოში? შეიტანენ თუ არა ამ საკითხს პოლიტიკურ დებატებში? როგორც ალ გორმა თქვა, ეს ნამდვილად ის არის - უხერხული სიმართლე. უხერხული იმიტომ არის, რომ ამ პრობლემის დავიწყება უფრო იოლია. ეს პრობლემა არც ცალკეული პირების და არც ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია. მას მთელი მსოფლიო თუ მოერევა ერთობლივად. პრობლემის გადაწყვეტა კი შესაძლებელია, თუ სახელმწიფოები თავიანთ ხალხებს ახალ გაგებას გამოუმუშავებენ სიცოცხლის მნიშვნელობასა და მისგან გამომდინარე პასუხისმგებლობებზე. საქართველოსთვის კითხვა ასე ისმის: ვაღიარებთ თუ არა რაც შეიძლება მალე ამ იდეის ჭეშმარიტებას?