პროფკავშირები, თანასწორობა და სამუშაო ადგილის სტაბილურობა - კვირის პალიტრა

პროფკავშირები, თანასწორობა და სამუშაო ადგილის სტაბილურობა

2004 წლიდან დღემდე საქართველოში დამსაქმებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი კანონმდებლობა იყო მსოფლიოში. დღემდე პროფკავშირის მუშაობა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ახლა კი ვითარება იცვლება. არჩევნების შემდეგ მიტინგების უწყვეტი ნაკადი მივიღეთ. პროფკავშირების ორგანიზების საქმე რენესანს განიცდის.

აშშ-ში, ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში პროფკავშირების მიმართ დამოკიდებულება ძალიან განსხვავებულია. აშშ-ში, მინიმუმ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ, კომუნიზმს როგორც იდეალს არავითარი გავლენა არ ჰქონია თვით პროფკავშირების ორგანიზატორებს შორისაც კი. საზოგადოებას არ ეშინია, რომ პროფკავშირები კომუნიზმში, სოციალიზმში ან რაღაც სხვა უბედურებაში დაგვაბრუნებენ. ერთადერთი იმის შიში არსებობს, რომ პროფკავშირებმა შეიძლება ბიზნესს მოუტანონ ზიანი. ევროპაში ამ საკითხს უფრო ადამიანის უფლებების თვალსაზრისით განიხილავენ. ევროპელები იქითკენ იხრებიან, რომ მუშახელის თვითორგანიზება და საკუთარი უფლებებისთვის მათი ერთობლივი ბრძოლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია. ამერიკელები კი ამას უმეტესწილად უბრალო მუშახელისთვის სასარგებლო საშუალებად აღიქვამენ. მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ ის ეკონომიკისთვის ძალიან საშიშია, კორუფციას და პოლიტიკურ ლობირებას ძალიან იოლად ექვემდებარება. ეს ნამდვილად ასეა.

ქართველები პროფკავშირებს ისეთ ორგანიზაციებად აღიქვამენ, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოს ეკუთვნოდა და მის მიერ იმართებოდა (საბჭოთა პერიოდის დროს - პარტიის მიერ). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო იმდენად კორუმპირებული და ღარიბი იყო, რომ პროფკავშირებისთვის არ სცხელოდა. შევარდნაძის გადადგომისა და ნაციონალების მოსვლის შემდეგ ორგანიზებული პროფკავშირული მოძრაობა ძალიან შესუსტდა. იგივე მოუვიდა შრომის კოდექსსაც. პრინციპულ თუ ფილოსოფიურ საკითხად იქცა ის, რომ დამსაქმებლების ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესსა და ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებდა. პროფკავშირის ყოველ წევრს მერკანტილურ, ანტიპროგრესულ და საშიშ ელემენტად თვლიდნენ.

მასწავლებელთა პროფკავშირები ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია. პირველ რიგში, არ დაგვავიწყდეს, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, როცა მასწავლებლებს თვითორგანიზება სურთ. უბრალოდ სამინისტრო ვერ იყო გარკვეული იმაში, თუ რა ექნა -  მოსწონებოდა თუ შეძულებოდა ისინი, ანდა რა პრობლემას ხედავდა ის მათში. რა თქმა უნდა, ბევრი მასწავლებელი იქნა სამსახურიდან უცერემონიოდ დათხოვილი. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ პროფკავშირის დაცვის ქვეშ ყოფნა სრულიად ლოგიკური საჭიროება იყოს. მეორე მხრივ, აქ ორ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე: 1. სამუშაო ადგილის სტაბილურობა და 2. მასწავლებლები სახელმწიფოზე მუშაობენ.

საერთოდ, მე ძალიან ვუჭერ მხარს პროფკავშირებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი მათი წევრების უსაფრთხოებაზე ან ანაზღაურების გაზრდაზე იღწვიან. მუშახელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მენეჯმენტთან პირდაპირ და ერთობლიად აწარმოოს მოლაპარაკებები. თუმცა, მე არ მომწონს, როცა პროფკავშირები ან შრომის კოდექსები სამუშაო ადგილის სტაბილურობის დაცვას ცდილობენ. სინამდვილე ისაა, რომ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ტემპი გამუდმებით იზრდება და მომავალში ალბათ აღარ იარსებებს ისეთი ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას იცხოვრებს მუდმივად. ბევრისთვის სამუშაოდან დათხოვნა უბრალოდ აუცილებელიც კი არის, რადგან მხოლოდ ამ გზით იძენს ახალ უნარ-ჩვევებს და ახალი ადგილების მოძიების ჟინს. ბუნებრივია და საჭიროა, რომ ბაზარი საკმარისად გაძლიერდეს და ხალხის ენერგია ცვლილებების განხორციელებისკენ წარიმართოს. დამქირავებლებს ნამდვილად უნდა შეეძლოთ უმცროსი თანამშრომლების სამუშაოდან დათხოვნა. საშიში ნაბიჯი იქნება დამქირავებლების იქითკენ იძულება, რომ დაასაბუთონ მათ მიერ გატარებული ყოველი დათხოვნა.

მასწავლებელთა პროფკავშირებთან დაკავშირებულია მეორე პრობლემა: ისინი საჯარო სექტორის პროფკავშირებს წარმოადგენენ (ასე უწოდებენ მათ აშშ-ში). როცა სამთავრობო მუშაკები პროფკავშირებს ქმნიან და შემდეგ აქციებს მართავენ, ამან შეიძლება მთელ მოსახლეობაზე იქონიოს უარყოფითი გავლენა. აშშ-ში მაგალითად მასწავლებლების პროფკავშირები ისეთი ძლიერები არიან, რომ ისინი მართლაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიან მთლიანი საგანმანათლებლო სისტემისთვის. არსებობს სტაჟის ცნება, რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდის აშშ-ის მრავალ შტატში მასწავლებლების გაგდებას. ცხადია, ეს აუარესებს მასწავლებელთა შესაძლებლობებს. თუმცა, ისინი განაგრძობენ მუშაობას, რადგან სამუშაო ადგილის სტაბილურობა უნდათ. აშშ-ში სახელმწიფო ორგანოებზე მრავალი პოლიციელი და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელი მუშაობს. მათ დიდი პენსიები აქვთ. სახელმწიფოს კი აღარ უნდა ამაში ფულის ჩადება და ამიტომ სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს. თუმცა, პენსიაზე გასული პოლიცია და საგანაგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ, რომ ეს არ მოხდეს, რომ შეღავათინი პირობები არ დაეკარგოთ.

პროფკავშირები იმიტომ არსებობენ, რომ ხალხი კომპანიების მმართველებს არ ენდობა. რაც უფრო ნაკლებგამჭვირვალე და ნაკლებსაიმედოა კომპანიის მმართველი, მით უფრო წარმატებულია პროფკავშირი. ეს არ უნდა დაავიწყდეთ კომპანიების მმართველებს და მათ მეგობრებს მთავრობაში, როცა ისინი შრომისა და პროფკავშირების მარეგულირებელ აქტებს ადგენენ. მათ სწორი შრომის კოდექსი უნდა შეადგინონ და სათანადოდ უნდა უზრუნველყონ მისი შესრულება, თორემ პროფკავშირები გაიფიცებიან და კოდექსის შეცვლას ზეწოლით მოახდენენ. მმართველობა უფრო გამჭვირვალეც უნდა იყოს. ამჟამად საქართველოში ბევრი ბიზნესი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს ეკუთვნის.

დაბოლოს, ყოველივე ამაში თანასწორობის მომენტიც არის. ამერიკაში ორმოცდაათიან და სამოციან წლებში ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სრულგანაკვეთიანი მუშაკი ათჯერ და ოცჯერ მეტ ფულს აკეთებდა ვიდრე ყველაზე დაბლანაზღაურებადი მუშაკი, რადგან მაშინ პროფკავშირები ძლიერების მწვერვალზე იყვნენ. მას შემდეგ პროფკავშირების წევრთა რაოდენობა ძალიან შემცირდა ამერიკაში და ახლა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუშაკები ასჯერ უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშაკები. ამან ბევრს გაუჩინა საწუხარი. საქართველოც ამ პრობლემის წინაშე დგას. საქართველოში ბევრი უმუშევარი და დაბალანაზღაურებადი სამუშაოა. მაგრამ თუ რესტორნებსა და მანქანებს შეხედავ, იმასაც დაასკვნი, რომ ზოგიერთი ძალიან ფულს აკეთებს. ეს ვითარება პროფკავშირებისთვის შეიძლება ნაყოფიერი ნიადაგი იყოს მუშაკების გასაწევრიანებლად და საერთო მიზნისკენ დასარაზმად.