Dog Poop - ძაღლის ნეხვი - კვირის პალიტრა

Dog Poop - ძაღლის ნეხვი

თბილისში უპატრონო ძაღლები კი გვხვდება, მაგრამ ქალაქის ძაღლების ძირითადი ნაწილი დაბინავებულია და პატრონი ჰყავს. ცხადია, მათ რეგულარულად ასეირნებენ ქუჩაში და საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ისინი ქუჩაშივე ისაქმებენ ხოლმე. ამას მათი პატრონები ზოგჯერ უკიდურესი შემწყნარებლობით უყურებენ. არადა, ეს ნამდვილად რთული მოვლენაა. მოდით, თანმიმდევრულად განვიხილო

ჯერ უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლი ეკონომიკური განვითარების გარკვეულ საზომად შეიძლება მივიჩნიოთ. არც ისე დიდი ხნის წინ თითქმის არავის ჰქონდა იმის შესაძლებლობა საქართველოში, რომ ძაღლები გამოეკვება. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის შინაურმა ცხოველებმა სიცოცხლე ქუჩებში ჯგუფური ხეტიალით დაამთავრეს. საბედნიეროდ, დღეს ასე აღარ ხდება. სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორი ლაზათით მოვლილ ძაღლებს დაარონინებენ ხოლმე თბილისის მაცხოვრებელნი. ასეც უნდა იყოს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში.

ახლა ისიც უნდა ითქვას, რომ დიდი შეუგნებლობაა, როცა ძაღლის მიერ ტროტუარზე მოსაქმებულს პატრონი არ იმჩნევს და გზას თავის შვებამოგვრილ ოთხფეხა მეგობართან ერთად აუღელვებლად აგრძელებს. არადა, რაც კი მის ძაღლს უკავშირდება, ყველაფერზე ხომ თავად არის პასუხისმგებელი?! ისინი და ბევრი სხვაც ამას კარგად ხვდებიან, რადგან ტროტუარზე დატოვებულ ძაღლის სამახსოვროში შემთხვევით ფეხის გაპოხვა ნამდვილად ვერავის აღაფრთოვანებს. მიუხედავად ამისა, ძაღლის ბევრი მეპატრონე ამ პრობლემას არაფრად აგდებს. ჰოი, რა ეგოიზმია! ბევრ ქვეყანაში აურევია მას კეთილმეზობლური ურთიერთობები. კიდევ კარგი, საქართველოში მეზობლებს შორის ასეთი გაუგებრობები არ ხდება. თუმცა, ამის მიზეზი სულ სხვაა: უბრალოდ, ქართველები მეზობლებს ბევრ რამეს პატიობენ ხოლმე. მოკლედ, თბილისში მნიშვნელოვანი ძაღლური პრობლემა მძვინვარებს, რაც მყუდრო ქუჩებსა და შუკებში სეირნობას მთელ ეშხს უკარგავს. და რის გამო? მოსახლეობის რაღაც პაწაწინა ნაწილი თავისი ძაღლების მოსაქმებულს შუა ტროტუარზე რომ გიტოვებს, იმიტომ?

საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაწყვეტა იოლია. ამ გზას ალბათ ბევრი დაეთანხმება. თითქმის ყველა მდიდარ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც ძაღლის მეპატრონეს სეირნობის დროს სპეციალური მცირე პაკეტის ტარებას ავალდებულებს. ჩვეულებრივ, ეს პაკეტები პირდაპირ ხელში უკავიათ როგორც პოლიციის, ისე მეზობლების დასანახავად. პოლიციის იმიტომ, რომ ის ხშირად აჩერებს ძაღლის იმ გამსეირნებლებს, რომლებსაც არ ეტყობათ, რომ პაკეტები აქვთ. თუ აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც ასეა, მაშინ ისინი ჯარიმდებიან. ამიტომ ყველას ურჩევნია, რომ ხელით ატაროს პაკეტები და პოლიციამ საკითხავადაც კი არ გააჩეროს. თვით ჯარიმის ოდენობა კი დიდიც შეიძლება იყოს - ასე, ას ლარამდე. უსაფრთხოების ღვედების მსგავსად, დიდი ჯარიმები კარგად მოქმედებს ხოლმე.

ისმის კითხვა: ვინ იქნება დამჯარიმებელი აქ, საქართველოში? ამ მხრივ საქმე არც ისე იოლადაა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. ქართველებს ძალიან უყვართ მანქანები და მთელი ქვეყანა მანქანებითაა სავსე. მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან პოლიციის მანქანებს საბჭოთა სტილის მეგაფონები ადევთ თავზე, რაც პოლიციას საშუალებას აძლევს, ხალხს მანქანიდან გადმოუსვლელად დასჭექოს ხოლმე. მახსოვს, არჩევნების შემდეგ, როცა დამნაშავეობის დონე გაიზარდა და პირველად, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, რუსთაველის გამზირზე ფეხოსანი პოლიციელები დავინახე, გავგიჟდი სიხარულისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ფეხოსნები გაქრნენ. მე კი რა ოცნებები მქონდა! ისიც კი წარმოვიდგინე, თუ რა დარბაისლურად დაიწყებდნენ პოლიციელები სამეზობლოების შემოვლას. იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს ეს მაინც მოხდეს? კაცი იმედით ცოცხლობს. მოკლედ, დღეს მხოლოდ მანქანოსანი პოლიციელები გვყავს და არც ამას უშავს რა. მანქანებიდანაც შეიძლება იმის დანახვა, თუ რა უკავია ძაღლის მეპატრონეს ხელში - პაკეტი თუ სხვა რამ.

არა, მაინც მიკვირს, რატომ არ იღებს ასეთ კანონს მერია? ამის გაკეთება ხომ ასე იოლია. თან პოპულარული იქნებოდა. საერთოდ, რა საკითხებზე მსჯელობენ ახლა? ძალიან იშვიათია, როცა საქართველოში მერია თუ საკრებულო ისეთ არაპოლიტიკურ და ნაკლებ აღმაფრთოვანებელ საკითხზე მსჯელობს, რომელიც მათი ქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებდა. მაგრამ იქნებ მათ ასეთი კანონები მიუღიათ და მე არ გამიგია? თუ ასეა, მათი პიარ კამპანიები უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

საერთოდ, კარგი იქნება, საკრებულოებმა ამომრჩევლებისთვის საინტერესო ამა თუ იმ წვრილმან საკითხზე დაიწყონ მუშაობა და შემოიღონ შესაბამისი მარეგულირებელი აქტები, ვიდრე დღედაღამ ის არჩიონ, თუ ვინ ვის მხარეზეა. საკრებულოს წევრები საკუთარ თავს უფრო აქცევენ ყურადღებას და საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ამომრჩევლებზე და მათ სურვილებზე. ერთ-ერთი ასეთი სურვილი ნამდვილად იქნება ძაღლების მონასაქმისგან ტროტუარების მუდმივი სისუფთავის უზრუნველყოფა. აი, შეეკითხეთ და დარწმუნდებით.