შრომის კოდექსი და სამოქალაქო სამსახურის რეფორმა
შრომის კოდექსი და სამოქალაქო სამსახურის რეფორმა
ამჟამინდელი შრომის კოდექსი დამსაქმებლისთვის შეიქმნა და დასაქმებულს ძალიან ცოტა უფლებას უტოვებს. ეს იმ აზრით გაკეთდა, რომ მუშაკისთვის თუნდაც რაიმე ერთი უფლების მინიჭებაც კი დამსაქმებელს წამგებიან პოზიციაში ჩააყენებს და დაქირავების განწყობას მოუსპობს. ამაში გარკვეული ლოგიკა მართლაც არის. მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპისა და არაბული სამყაროს ნაწილში, სამუშაოდან დაქირავებულების დათხოვნა იმდენად მძიმე ბიუროკრატიული პროცესია დამსაქმებლებისთვის, რომ ამ უკანასკნელთ ყოველი ახალი პირის დაქირავების აუცილებლობა საგონებელში აგდებთ ხოლმე. საქართველოში ბევრი უმუშევარია და ამის
რეალური საშიშროება არსებობს.

ამერიკაში დამსაქმებელს უფრო ემხრობიან, ევროპაში კი - დასაქმებულს. ამის და ზოგიერთი სხვა მიზეზის გამო ამერიკაში უფრო ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ამერიკული გაგებით, დამსაქმებელმა თუ მესაკუთრემ უკეთესად იცის, რა სურს და ამიტომ იმის სრული უფლება უნდა ჰქონდეს, რომ ვინც უნდა და
როცა უნდა მაშინ გააგდოს. თუმცა, მთლად ასეც არაა საქმე. შრომის კანონი მაინც ადგენს რაღაც ჩარჩოებს. ამერიკის უდიდეს ნაწილში პროფკავშირში გაწევრიანება გარანტირებულია. ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება აქტიურად უშლიდა ხელს მუშაკების თვითორგანიზებასა და პროფკავშირებში გაერთიანებას. აშშ-ში მუშაობის უსაფრთხოების წესები ძალიან მკაცრია. აი, საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით. ახალი კანონის პროექტშიც კი მუშაობის უსაფრთხოების საკითხი სათანადო დონეზე არ არის დაყენებული. დაქირავებული პირი ვალდებულიარ უნდა იყოს, რომ სამუშაოს შენარჩუნების მიზნით თავი საფრთხეში ჩაიგდოს. არადა, ასეთი რამ საქართველოში ხშირად ხდება.

ამჟამად პრესასა თუ ქუჩაში აქტიურად განიხილება სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომელთა დათხოვნის პროცესი. ზოგიერთი სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო უამრავ თანამშრომელს ათავისუფლებს. ზოგიერთ სხვა დაწესებულებაში ეს პროცესი უფრო მცირე მასშტაბისაა. წინა ხელისუფლება სამოქალაქო სამსახურის სრულყოფილი წესების შემოღებაზე არ ზრუნავდა და არ განუხორციელებია სამოქალაქო სამსახურის რეფორმა. საჭიროდ არ მიიჩნევდა. მათი ლიბერტარიანული შეხედულებით, მთავრობა რაც შეიძლება პატარა შტატისგან უნდა შემდგარიყო. თუმცა, მეორე მხრივ, იმასაც აფიქსირებდნენ, რომ სამთავრობო სამუშაო ადგილების შექმნით პოლიტიკურ ფასეულობას ქმნიდნენ. ბოლოს მათ დასაქმების სამინისტროც კი მოგვართვეს. რა თქმა უნდა, ლიბერტარიანიზმის ენაზე ამ, ცოტა არ იყოს, უცნაურ ნაბიჯს ახსნა ვერ მოეძებნა. მოკლედ, ახლა საჭიროა იმის მკაფიო ცოდნა, თუ რამდენი საჯარო მოხელე უნდა მუშაობდეს მთავრობაში, და როდის და როგორ უნდა მოხდეს მათი დაქირავება.

ცხადია, ახალი მთავრობისთვის ეს რთული საკითხია. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან მოყოლებული ძველმა მთავრობამ ყველა გააგდო სამსახურიდან და მათ ნაცვლად თავისი მეგობრები მიიღო. ასე მიღებულთა ნაწილი კარგი ხალხი იყო, ნაწილი - სამსახურისთვის შეუსაბამო. იგივე მეორდება დღესაც და ეს ბუნებრივია, რადგან არ არსებობს წესები, რომლებიც ამ პრაქტიკას აღმოფხვრის. ეს ძალიან ჰგავს მოსამართლეების ამბავს. სანამ წინა მთავრობა ყველა მოსამართლეს გამოცვლიდა, დღენიადაგ იმას გაიძახოდა, რომ სასამართლო სისტემა კორუფციაში იყო ჩაფლული. მერე კი, როცა ჩანაცვლება დაასრულეს, ელვისებურად შეიცვალეს აზრი და იმაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ სასამართლო თურმე აბსოლუტურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში.

საბოლოო ჯამში, შრომის ახალი კანონმდებლობა დიდი ბიზნესისთვის დაიწერა. ამ დროს საქართველოში ხალხის ძირითადი დამსაქმებელი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება. ზედმეტად მკაცრი შრომის კოდექსი მეწარმეს მცირე საწარმოს გახსნასა და უცხო ხალხის დაქირავებას გადააფიქრებინებს, რადგან უცხომ შეიძლება მათ სასამართლოში უჩივლოს. კანონმდებლობაში ჩადებული კონცეფცია დიდ დამქირავებლებზე, ქარხნებსა და მსგავს საწარმოებზეა, ორიენტირებული. ამ დროს ასეთი დიდი საწარმოები ცოტაა საქართველოში.

ადამიანი სამუშაოდან არამარტო ფულს იღებს. ხშირად ისინი ანაზღაურების გარეშეც მუშაობენ, რადგან გამოცდილების შეძენა უნდათ. უფრო მეტიც - ამისათვის ისინი ფულსაც კი იხდიან და სტაჟირებას გადიან ბანკებსა თუ სხვადასხვა სახის ბიზნესში. მსოფლიოში უმაღლესი განათლება დიდ თანხვედრაში არაა იმასთან, თუ რა გჭირდებათ კონკრეტულ სამუშაოზე. შრომის კანონმდებლობა სამუშაოზე პრაქტიკული ცოდნის შეძენას უნდა უწყობდეს ხელს.

სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებაა. მასთან შედარებით, დაქირავებულებისთვის უფლებების მინიჭების საკითხს უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მცირე საწარმოებთან მიმართებაში დიდი სიფრთხილეა საჭირო. მათ თითო-ოროლა დასაქმებული ჰყავთ და ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას. თუ კანონმდებლები ასეთ კანონს მიიღებენ, მაშინ ვისი წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ისინი? თუ ისინი ასეთ მკაცრ წესებს შემოიღებენ, როგორ იტყვიან, რომ სასურველ შედეგს მიაღწიეს? რა თქმა უნდა, ადვოკატები, რომლებიც ამ უკმაყოფილო მუშაკებს წარმოადგენენ სასამართლოში, კმაყოფილები იქნებიან. თუ სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდება ან სამუშაო ძალის დაქირავება ნაკლებ კონკურენტული გახდება, არავინ დაიწყებს იმის გარკვევას, თუ სადაა ძაღლის თავი დამარხული. ასე რომ, სიფრთხილეა საჭირო.


იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია (Read in English)
ლეილა
29 აპრილი 2013 02:54
საოცრად ვერაგული კანონია, ჩემს თავზე გამოვცადე.6თვის წინ ისე უსაფუძვლოდ და დამამცირებლად გამანთავისუფლა ,,ჯი.პი.აი,ჰოლდინგის,, მმართვის ჯგუფის,, ჯეო.ჰოსპიტალსის,,დირექტორმა კვინიკაძემ და ჯორბენაძემ იმ სამსახურიდან, რომლის წარმატებული მთავარი ექიმი და ექიმიც ვიყავი 20წის განმავლობაში, რომ მიზეზს ვერ მეუბნევიან,მიზეზი კი ყველამ იცის–არ ვემსახურე ნაციონალებს არჩევნებში, რაზედაც დამემუქრა ჯან. დაცვის ყოფილი მუინისტრი და ამ კომპანიის დირექტორი კვინიკაძე და გამანთავისუფლეს კიდეც. სასაცილოა, რომ კვინიკაძე კვლავ ამ თანამდებობაზეა. ველოდები ამ კანონის შეცვლას, იქნებ რამე მეშველოს
nino
10 თებერვალი 2013 19:08
ჩემი აზრით ძალიან საინეტრესოა რას ფიქრობენ უცხოელები ჩვენზე. ბატონი მარკის ბლოგი ამ მხრივ კიდევ უფრო საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. იმიტომ რომ წერს ყველაფერზე რაც მისი აზრით შეცვლას საჭიროებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კი თუ არ მოგვწონს მისი ნააზრევი შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ.მე მგონი ნებისმიერი ადამიანს აქვს აზრის გამოთქმის უფლება. სხვა საკითხია მისაღებია თუ არ ეს აზრი.
ომარ ლანჩავა
10 თებერვალი 2013 13:03
წინა კომენტარში აღვნიშნე, რომ შრომის არსებული კოდექსით მიცემული უფლებები დამქირავებელზე, როცა ის არის სკოლის დირექტორი ან სხვა საბიუჯეტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ქირაობს ადამიანებს ხალხისვე ფულით და შეუძლია მათი მოხსნა პრაქტიკულად უმიზეზოდ, არ არის სამართლიანი და ამ მიმართებით შრომის არსებული კოდექსი არის უსამართლო.

ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როცა დამქირავებელი არის ისეთი, რომელმაც თავისი პირადი ფულით შექმნა ორგანიზაცია და მუშაობს მოგების მიღების მიზნით.

შრომის კოდექსი ჩქმალავს, რომ შრომით ურთიერთობას აქვს ორი მხარე: საწარმოო და სოციალური და ეს ორი მხარე თავიანთი გამოვლინებით არის წინააღმდეგობრივი ხასიათის.

კერძოდ, დამქირავებელს აინტერესებს საწარმოო მხარე: პროდუქციის ხარისხი, რაოდენობა, ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ა.შ., ანუ მოგების მომცემი კომპონენტები შრომითი ურთიერთობისა.

დაქირავებულს უპირატესად აინტერესებს სოციალური მხარე: ხელფასი, შრომის უსაფრთხოება და ა.შ., ანუ შრომითი ურთიერთობის ხარჯიანი მხარე.

სახელმწიფომ კი უნდა გამოიყენოს გონივრული ასიმეტრია კანონის შემთხვევაში, სოციალური ინტერესების წინა წამოწევით, სხვა შემთხვევაში თვითონ უნდა აიღოს ადამიანების სოციალური დაცვის ვალდებულება, რაც არ არის ნორმალური მოვლენა.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები