გამარჯვებულები, დამარცხებულები და ერთობა - კვირის პალიტრა

გამარჯვებულები, დამარცხებულები და ერთობა

ამა თუ იმ ხალხის კულტურაზე ბევრს გაიგებ, თუ ბავშვების თამაშს უყურებ. საკუთარი გამოცდილებით თუ ვიტყვი, მინახავს თამაშები, სადაც არც გამარჯვებულია და არც დამარცხებული და თამაში მხოლოდ გართობის საშუალებაა. მინახავს ისეთი თამაშებიც, რომლებშიც გამარჯვებაა მთავარი. გამარჯვება და დარბაისლურად დამარცხება ძალიან წინააღმდეგობრივი საკითხია ბიჭებში. გამარჯვებული ბიჭისთვის გამარჯვება მისი პიროვნების დამსახურებაზე მეტყველებს. ის მიიჩნევს, რომ სამართლიანობამ იზეიმა, ღვთიურმა თუ სამყაროს კანონზომიერებამ თავისი გაიტანა და რომ უკეთესი იქნება, თუ ყველა აღიარებს ამას და მას, როგორც გამარჯვებულს _ თაყვანს სცემს. დამარცხებულის შემთხვევაში მეორე უკიდურესობასთან გვაქვს საქმე. მისი სულიერი არეულობა რამდენიმე ეტაპს გადის. თავიდან ის არ აღიარებს დამარცხებას. უბრალოდ არ წაუგია და მორჩა. მერე მაინც უწევს თვალების გასწორება რეალობისთვის, რომ მართლა დამარცხდა. ამიტომ ახლა დამარცხების მიზეზს გამარჯვებულში ეძებს. გონება უნათდება და მთელი შემართებით იწყებს იმის მტკიცებას, რომ ის უბრალოდ მოატყუეს, უსამართლობას ჰქონდა ადგილი. როცა ამ მიზეზსაც გასდის ყავლი, დამარცხებული გამარჯვებულს ცუდს და უსინდისოს უწოდებს. არც მეტი არც ნაკლები. დამარცხებულს ბოლო ეტაპზე ყველა მისი წინა მტკიცება უკან მიაქვს და ახლადშეძენილი ნაძალადევი აუღელვებლობით შენიშნავს, რომ ეს დამარცხება არაფერს ნიშნავს. ხშირად დამარცხებული გამარჯვებულის გამარჯვებას შემთხვევითობასა და იღბალს მიაწერს ხოლმე. ეს უკანასკნელი კი პირიქით ყურადღებას თავის გამორჩეულ უნარებზე ამახვილებს. ამ დროს ყველაზე ადამიანური გამოსავალია დამარცხებულის მიერ გამარჯვებულის ამ გამორჩეული უნარის აღიარება და გამარჯვებულის მიერ იღბალზე თავისი გამარჯვების გადაბრალება.

ამ მდგომარეობასთან გარკვეულ კავშირშია ალერგია შეცდომების აღიარებაზე. ძალიან ცოტა პოლიტიკური ლიდერი თუ მაღალჩინოსანი მინახავს, რომელსაც უთქვამს: "რაც მოხდა, შეცდომა იყო. ჩემი ბრალია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით". ცხადია, თავდაპირველად პრობლემის არსში უნდა გაერკვე. მაგალითად, გაერკვა თუ არა ნაციონალური მოძრაობა იმაში, თუ რატომ წააგო არჩევნები? არა მგონია, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მათ საფუძვლიანად ჰქონდეთ ნაფიქრი. წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა არაფრად აგდებდა მოსახლეობის ფართო ფენებს. არ უსმენდა მათ, ვისაც ციხეში ამწყვდევდა სასამართლოს გარეშე, არც მათ, ვინც მათ პოლიტიკას აკრიტიკებდა და არც მათ, ვისაც უბრალოდ განსხვავებული იდეები აწუხებდა. ყველა ესენი ნაციონალურმა მოძრაობამ უხმო და უსამართლოდ დაღდასმულ ხალხად აქცია.

მეორე მხრივ, ქართული ოცნება დიდ დროს ხარჯავს ნაციონალური მოძრაობის კრიტიკასა და დადანაშაულებაზე. არადა, უკეთესი იქნებოდა, წინსვლა გაეგრძელებინა. მაგალითად, ქართულ ოცნებას რამდენიმე ბრწყინვალე ინიციატივის განხორციელება აქვს დაწყებული, მაგრამ ამის შესახებ დიდს ვერაფერს შევიტყობთ მასმედიიდან, რადგან მასმედიის ძირითადი დრო სავსეა ამ თუ იმ პირის ნათქვამისა თუ ნამოქმედარის განქიქებით. ამაში ნაწილობრივ მედიაცაა დამნაშავე, რადგან მედიას ძალიან უყვარს, როცა ეთერში ვიღაცა ბრაზობს ან აღშფოთებას გამოთქვამ. მოკლედ, დრამატული მომენტები უყვარს, რადგან ემოციების გადმოცემა უფრო იოლია, ვიდრე საკითხში ღრმა გარკვევა. ნაწილობრივ თვით ქართული ოცნების წარმომადგენლებიც არიან დამნაშავეები. ისინი ყოველ ჯერზე ეგებიან ნაციონალების მიერ გადაგდებულ ანკესზე. რა თქმა უნდა, ამის შემხედვარე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავს ნამდვილად ბედნიერად გრძნობენ. ისინი ხომ მთელი დღე ტრიალებენ ცხელ-ცხელ ახალ ამბებში. მათ ეს უფრო ეიოლებათ. თანაც გვარიანად ერთობიან. ვინღა ფიქრობს საკუთარი შეცდომების მიზეზების დადგენაზე, დასკვნების გამოტანასა და სათანადო ზომების გატარებაზე.

მე მაღელვებს ის, თუ რა მნიშვნელობას დებენ მხარეები ოქტომბრის არჩევნების შედეგებში. არადა, დღეს ყველაზე მეტად ერთობა გვჭირდება. ნამდვილი ეროვნული მმართველობა მთელ ქვეყანას კრავს ერთ მუჭად. ეს დღეს იმდენად არ შეიმჩნევა. შიდა განხეთქილებებს საქართველოში დიდი და სამწუხარო ისტორია აქვს.

ეს განხეთქილებები მჭიდრო კავშირშია დამსჯელობით ოპერაციებთან. როგორც ყველამ ვიცით, დასჯა დამსჯელისგან მომდინარეობს. სისტემა, რომელმაც ტუსაღთა უმრავლესობა სასამართლოს გარეშე ჩააგდო ციხეში, მოწოდებული იყო, აბსოლუტური სახელმწიფო ძალაუფლების გემო ეჩვენებინა ყველასთვის. სახელმწიფო კონტროლის საშუალებით პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა მრავალი წელი აპირებდა ყოველი მოქალაქისთვის _ თუნდაც პატარა გადაკარგული სოფლის მაცხოვრებლისთვის _ ეჩვენებინა, თუ ვინ იყო ქვეყანაში ბოსი. ეს ვითარება ახლა იცვლება. ოღონდ, თვითონ სისტემა კი არ ქრება, არამედ სისტემას ახალი ბოსი მოუვიდა. ამ ორი დაპირისპირებული მხარიდან ძალიან ცოტა ადამიანი თუ გამოსულა, რომ ბოდიში მოეხადა და ამით დაემტკიცებინა, რომ ქვეყანაში ერთიანობა სუფევს.

რა თქმა უნდა, მავანს შეიძლება ურჩევნია, ნაკლები დრო დაუთმოს სამართლიანობაზე საუბარს, რადგან საქართველოში ასეთი საუბრების დროს ძალიან ხშირია ბრალდებებზე გადასვლა და დამსჯელობითი ოპერაციებისა და განხეთქილებების გამართლება. სამართლიანობა ისეთი რამეა, რომ თანდათან უნდა დამყარდეს. მასზე ზრუნვაა საჭირო. ამისთვის არსებული არხები უნდა იქნეს გამოყენებული. ქვეყნის მმართველობა ხალხის პრობლემებზე უნდა მუშაობდეს, წინ უნდა იყურებოდეს და საქართველო სწორი მიმართულებით მიჰყავდეს. მოკლედ, ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო აბაზანაში წოლასა და ქაფის აქეთ-იქით სროლასთან.

ორივე მხარეს ჰყავს ლამის ფანატიკურად განწყობილი მხარდამჭერები. ცხადია, ისინი ყოველთვის იარსებებენ. სამაგიეროდ, მათზე გაცილებით მეტია ზომიერი მხარდამჭერების რაოდენობა, რომლებსაც კარგად შეუძლიათ თავიანთი შესაბამისი მხარეების დადებითი და უარყოფითი მომენტების "დაჭერა". მათ, ვინც დღეს საქართველოსთვის საუკეთესო მხარის შერჩევას ცდილობს, ვურჩევდი, რომ დადგეს იმ მხარეს, სადაც დროს არ კარგავენ საპირისპირო მხარის დადანაშაულებაზე და ლაპარაკითაც და მოქმედებითაც ერთობისკენ იღწვიან. აი, ეს გვაკლია და გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად.