დანაშაული, პოლიცია და პატიმრები - კვირის პალიტრა

დანაშაული, პოლიცია და პატიმრები

ბოლო ხანებამდე ციხეებში მყოფი პატიმრების რამდენიმე სახეობა გვყავდა. პირველ რიგში, ცხადია, იყვნენ დამნაშავეები, რომლებიც ციხეში სათანადო წესით ანუ სასამართლოს გავლით ხვდებოდნენ. თუმცა, ციხეში მათზე უფრო მეტი რაოდენობის პირი იყო, რომლებსაც მცირე და ხანგრძლივ პატიმრობებს შორის არჩევანის გაკეთება უწევდათ. რა თქმა უნდა, ისინი გარიგების გზით ხანმოკლე პატიმრობას ირჩევდნენ. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ მართლა რაიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. უბრალოდ, ასე იყო ყველაფერი მოწყობილი და ამის გამო უსამართლობის გრძნობა ბევრს უღრღნიდა გულს.

ღია და სამართლიანი სასამართლო ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც მართლა სჩადის დანაშაულს. ეს მათ თავიანთი უკუღმართობის დეტალების უკეთესად გააზრებაში ეხმარება. ეს მომენტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შემდგომში ციხეში გასატარებელი დრო. თუმცა, როგორც ითქვა, იყვნენ ის პატიმრებიც, რომლებსაც არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ სინამდვილეში.

საინტერესო ისაა, რომ იყო პატიმრების კიდევ ერთი არსებითი ჯგუფი. ამ პატიმრებს ესა თუ ის დანაშაული კი მოსდგამდათ, მაგრამ სხვა ბრალდებებით იხდიდნენ სასჯელს. ახლა მიდი და არკვიე, თუ რომელია აქედან პოლიტიკური პატიმარი? იქნებ ისეც ხდებოდა, რომ არასწორი ბრალდებით ციხეში დამნაშავის გამომწყვდევას უშუალოდ არაფერი საერთო არ ჰქონდა პოლიტიკურ მოსაზრებებთან? არადა, ესეც პოლიტიკურია, მით უმეტეს, როცა საქმე ბიზნესის შევიწროებას ეხება.

მარტივად რომ ვთქვათ, ციხეში ჩასმული ხალხის უმრავლესობა გასამართლების გარეშე აღმოჩნდა იქ. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პროკურორებს უფლება მისცა, რომ სურვილისამებრ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი პირი დაეჭირათ. ზოგი დაჭერა კომერციული მიზნით ხდებოდა ზოგი - პირადი ანგარიშსწორებისთვის, ზოგჯერაც - პოლიტიკური მოსაზრებებით. ხშირადაც საქმე ჩვეულებრივ კრიმინალს ეხებოდა. პროკურორებს თანდათან სიზარმაცე მოერიათ. სამხილების მოპოვებაზე დროისა და ენერგიის ხარჯვა აღარ უნდოდათ და დაკავებულ პირს ყოველგვარი არსობრივი სასამართლო განხილვის გარეშე უკრავდნენ ხოლმე თავს გისოსებს მიღმა. ამ ხალხის გამო ახლა მთავრობა საგონებელშია ჩავარდნილი.

სხვაგან მსოფლიოში სიტყვა კრიმინალი აღნიშნავს პირს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. თუმცა საქართველოში კრიმინალობა კულტურული ფენომენიცაა. ამის გაგება გაუჭირდება მას, ვისაც არასდროს უცხოვრია საბჭოთა კავშირში. ეს ფენომენი გამოიხატება ენაში, ქუჩაში განსაკუთრებული სტილით ლაპარაკსა და მიხვრა-მოხვრაში. ეს სტილი დიდხანს იყო ძალიან პოპულარული ქუთაისისა და თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით გასული საუკუნის 90-იან წლებში, თუმცა, ის ალბათ საუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება. ქართველისთვის მე რაიმე ახალს არაფერს ვამბობ. უცხოელებს შეუძლიათ წაიკითხონ ჭაბუა ამირეჯიბის `დათა თუთაშხია~ (ანტონინა ბოიზის ბრწყინვალი ინგლისურ თარგმანში) და ბევრი სხვა მოთხრობა, თუ ჯერ არ წაუკითხავთ. მოკლედ, ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებიც კრიმინალური კულტურის ნაწილი არიან, მაგრამ თეორიაში კანონს არ არღვევენ. ბოლო წლებში ეს კულტურა მინავლდა. გასულ წლებში სახელმწიფომ ამ კულტურის წევრობაც კი თავის პირად შეურაცხყოფად ჩათვალა და ყველა ასეთ პირს "კულტურული კრიმინალი" უწოდა. ასეთმა რადიკალურმა პოზიციამ სახელმწიფო საშიშროების წყაროდ უფრო აქცია, ვიდრე პატივისცემის ობიექტად. სახელმწიფო კანონიერ ქურდებს არა მარტო დევნიდა, არამედ გამიზნულად ამცირებდა, რომ ამით სისტემა გაეტეხა ზურგში. ასეთი მოქმედება უკანონო და ალბათ არაეთიკურიც იყო, თუმცა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

იმავდროულად პოლიციამ პირუკუ ტრანსფორმაცია განიცადა. მათ პატივისცემით ყურება დაუწყეს. მთავრობასთან ასოცირებულმა მედიამ კი ისინი საერთოდ გმირებად დახატა. რა თქმა უნდა, პოლიციამ ნამდვილად მოიპოვა საზოგადოების დიდი პატივისცემა - ალბათ, პირველად საქართველოს ისტორიაში. ამ დამოკიდებულების დანახვა იოლი იყო. ისინი კარგად გაწვრთნილი და, ჩვეულებრივ, ძალიან დამხმარე იყვნენ. პრობლემა შეიქმნა მაშინ, როცა მათ პროკურორების არც ისე სუფთა საქმეების შესრულება დაიწყეს, როცა ესა თუ ის პირი აუცილებლად უნდა ჩაეგდოთ ციხეში ან პოლიტიკოსთა დემონსტრაცია უნდა დაერბიათ.

როცა პოლიცია მოსახლეობის მხარესაა, ამას საზოგადოება ძალიან აფასებს და დიდ პატივისცემას გამოხატავს პოლიციის მიმართ. თუმცა ეს მდგომარეობა შეიძლება იოლად შეიცვალოს. გახსოვთ შევარდნაძის დროინდელი პოლიცია? მაშინ ხალხი პოლიციას სამ ნაწილად ყოფდა: სადისტებად, კორუმპირებულებად და უსაქმურებად. ისინი მხოლოდ იმიტომ კი არ იყვნენ კორუმპირებული, რომ ხელფასს არ იღებდნენ. მაშინ, 90-იან წლებში ძალიან ბევრი ხალხი არ იღებდა ხელფასს ან ძალიან ცოტას იღებდა, მაგრამ კორუმპირებული არ იყვნენ. პოლიციელები კორუმპირებული იყვნენ, რადგან სირცხვილის გრძნობა არ ჰქონდათ. უსირცხვილობა და ქრთამი ხშირად ერთიმეორის გვერდით მოღვაწეობენ და კარგადაც აგულიანებენ ერთმანეთს.

წინა ხელისუფლების დროს სისხლის სამართლის კოდექსში შედარებით მცირე დანაშაულისთვისაც კი მკაცრი სასჯელი დააწესეს. ითვლებოდა, რომ ამ გზით მრავალი დანაშაული იქნებოდა თავიდან აცილებული. სინამდვილეში ამ სასჯელების საშუალებით საპროცესო გარიგებები დაიწყეს. ანუ ცოტა თუ ღირსებია სასამართლოს. და თუ ღირსებია, ეს მათთვის უარესი იყო. ხელისუფლება ამბობდა, რომ ამით დამნაშავეობას თრგუნავდა. მართლაც, ქუჩის დამნაშავეობა ძალიან შემცირდა. თითქმის ყველანაირი არასანქცირებული კრიმინალი შეწყდა. რაც დარჩა, ფაქტიურად ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული ან უშუალოდ ჩადენილი. დღეს კი ამ პრაქტიკის შედეგების ცხარე განხილვა მიდის. წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ამა თუ იმ საქმის დაკავშირება მიმდინარეობს.

პარალელურად კი კვლავ დაიწყო ზრდა ქუჩის დამნაშავეობამ. ამაზე ხალხში საკმაოდ ლაპარაკობენ. ბევრი ადამიანის ახლობელი ან ახლობლის ახლობელი ბოლო კვირებში დანაშაულის მსხვერპლი შეიქნა. ისმის კითხვა: რამდენად ბუნებრივი მდგომარეობაა ეს საქართველოსთვის? ნიშნავს თუ არა ეს რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტის დასრულებას? დღეს ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს მმართველი პარტიის ჩამოგდება შეუძლიათ. მაგრამ დამნაშავეობასაც შეუძლია იგივეს გაკეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრობლემატურ სიტუაციაში არის ის ხალხი - ე.წ. კულტურული კრიმინალები - რომლებმაც ნამდვილად ჩაიდინეს ესა თუ ის დანაშაული, მაგრამ ციხეში უსამართლო სასჯელით მოხვდნენ ან ციხეში უსამართლოდ ან უკანონოდ ექცეოდნენ. ზოგი მათგანი გარეთაა, ზოგი ციხეში რჩება. რა უნდა გაკეთდეს მათთან დაკავშირებით? იცვლება თუ არა ხალხის დამოკიდებულება დამნაშავეობისა და დანაშაულის მიმართ ერთი მხრივ და პოლიციის მიმართ მეორე მხრივ? შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეულ კრიტიკულ კითხვებს გაეცემა პასუხი.