პირატები და პლატფორმები - კვირის პალიტრა

პირატები და პლატფორმები

ბოლო ორიოდე ათწლეულში მემარჯვენე-მემარცხენეობას სულ უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს მსოფლიო პოლიტიკაში. მსოფლიოში საფუძვლიანი ცვლილებები ხდება, თუმცა ამ უახლეს პოლიტიკურ მოძრაობებს საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია.

კლასიკური გაგებით პარტიები ორად იყოფა - მუშებისა და მათი წარმომადგენელი პროფკავშირების ინტერესების გამტარებელ პარტიებად და ბიზნესისა და კაპიტალის ინტერესების გამტარებელ პარტიებად.

ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში ცოტა თუ აყენებს ეჭვის ქვეშ იმის საჭიროებას, რომ პრობლემების გადაწყვეტაში სახელმწიფოს დიდი წვლილი უნდა შეჰქონდეს. ეგ კი არა და, სულ უფრო მეტი უმდიდრესი პარტია გამოდის თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ, რადგან დიდი ბიზნესის რაც შეიძლება ინტენსიურ სუბსიდირებას ესწრაფვიან.

დამოუკიდებელ საქართველოში მემარჯვენეობა-მემარცხენეობას შორის მკაფიო წყალგამყოფი არასოდეს არსებობდა და არც ახლა არსებობს. საბჭოთა კავშირი სახელმწიფო კონტროლისა და თვალთმაქცობის 70-წლიანი ექსპერიმენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობა შექმნეს, ეს თანასწორობა მოდელად ალბათ არავის გამოადგება.

შევარდნაძის დროს სახელმწიფო პირიქით ისეთი სუსტი იყო, რომ პოლიტიკური სპექტრი უფრო შევარდნაძისადმი ლოიალობის მიხედვით იყოფოდა, ვიდრე კლასიკური გაგებით. ამის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას თავი თავისუფალი ბაზრის ქომაგად მოჰქონდა. ეს ალბათ მცირე ბიზნესს თუ შეეხო, რადგან ეკონომიკის ზემო ეშელონებში, სადაც ბიზნესს დიდ რიცხვებთან ჰქონდა საქმე, ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებდა.

რაც შეეხება ახალ მთავრობას, მისი შეხედულებები გაუგებარია. თუ ძველი შრომის კოდექსი დამქირავებელს სწყალობდა, ამბობენ, რომ ახალი კოდექსის პროექტი პირიქით დაქირავებულზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, სინამდვილეში ის მცირე ბიზნესის მოწინააღმდეგე იქნება, ვიდრე დამქირავებლის მოკავშირე.

გაურკვეველია დღევანდელი საქართველოს ორი მთავარი პოლიტიკური ჯგუფის იდეოლოგიები. ისინი შესაბამისად წარსული თუ აწმყო ენით აბრალებენ ერთიმეორეს მედიის კონტროლს, ადამიანის უფლებების დარღვევებს, სახელმწიფოსა და პარტიის გაერთიანება-გაერთკაცებასა და ოპონენტების დაწიოკებას. ამ დროს, ორივე მხარის მიერ ადრე თუ ამჟამად გატარებული პოლიტიკა ბუნდოვანია. ცხადია, წინა ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობაზე ახლანდელთან შედარებით უფრო გრანდიოზულად მეტყველებდა. თუმცა, გაუგებარია, ახლები ძველებზე უფრო მეტის გაკეთებას აპირებენ თუ არა ამ მხრივ.

წინა ხელისუფლება ღიაობას აცხადებდა არა მარტო ინვესტიციების, ტურისტების, კაპიტალისა და იმიგრანტების, არამედ ტრადიციულად უფრო ნაკლებად გამოსული ჯგუფების მიმართ (მაგალითად, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები). ახალი მთავრობის ზოგიერთ წევრს ნაციონალისტური და ღიაობის არც ისე წამახალისებელი აზრები გამოუთქვამს, მაგრამ გაურკვეველია, ეს მხოლოდ საუბარი იყო თუ უკვე ჩამოყალიბებული და მალე განსახორციელებელი პოლიტიკური პლატფორმის ნიშანი.

რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა ახალი მთავრობა თანდათან მკაფიოდ გაისიგრძეგანებს, რომ არჩევნები მოიგო, და უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს ეროვნული კურსის განსაზღვრაში, მაშინ ასეთი და სხვა მსგავსი საკითხები უფრო ნათლად გამოიკვეთება და ალბათ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ამომრჩევლები ეღირსებიან პოლიტიკური იდეების მიხედვით ნორმალური და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.

თუმცა, მოდი, სანამ ეს მოხდება, მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპის პოლიტიკურ იდეოლოგიაში ცივი ომის შემდგომი სამი მთავარი ცვლილება განვიხილოთ. პირველი იყო ოთხმოცდაათიან წლებში მწვანეთა პარტიების აღზევება. დღეს მათ ევროპის პარლამენტების უმრავლესობაში მყარად აქვთ ფესვი გადგმული. მათი მიზანი მარტივია. მათი უპირველესი საზრუნავია, ანთროპოგენური კლიმატური ცვლილება და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემები. ამით ისინი დიდ ბიზნესსა და მთავრობას შორის ახლო ურთიერთობის წინააღმდეგ გამოდიან.

საქართველოში ყოფილი მთავრობა გარემოს თითქმის არაფრად აგდებდა. მისი წევრები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ თვითონ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების არსებობასაც კი. ამასთან დაკავშირებით ახალი მთავრობის ზოგიერთმა წევრმა იმედისმომცემი კომენტარი გააკეთა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს დამოკიდებულება მოქმედებაში თუ აისახება. ასევე გაურკვეველია, მწვანეთა პარტია ოდესმე თუ შეძლებს ცალკეული პიროვნებების დონეზე უფრო მაღლა ასვლას და ქვეყანაში რეალურ პოლიტიკურ ძალად გადაქცევას.

მეორე ცვლილება ნელა და შეუმჩნევლად დადგა, რადგან ის ხარისხის პრობლემას უკავშირდება. მრავალ მდიდარ ქვეყანაში, განსაკუთრებით, აშშ-ში, დაახლოებით ორმოცი წლის განმავლობაში მოსახლეობაში თანდათან გაიზარდა უთანასწორობის ხარისხი. მდიდრები უფრო და უფრო მეტად აკონტროლებენ ეკონომიკას. ამ საკითხს დღეს დიდი ადგილი უკავია ევროს კრიზისთან დაკავშირებულ განხილვებში. რამდენიმე პარტია თავიანთ რიტორიკასა და პოლიტიკურ პლატფორმასაც კი ცვლის ამის გულისთვის. თუმცა, ახალ პარტიებად არ ჩამოყალიბებულან. ბოლო ცხრა წელიწადში საქართველო ნაკლებად თანასწორი გახდა. მაგრამ იყო ასევე უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაც. ზოგი თვლის, რომ ზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური თანასწორობა. სხვათა შორის, ეს საკითხი ტონი ჯატის მიერ დაწერილი საერთაშორისო ბესტსელერის ”უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას” საგანია. წიგნი ახლახან ითარგმნა ქართულად "რადარამის" მიერ. ახალი მთავრობის შეხედულება ამ საკითხზე ჯერ არაა ცნობილი.

დღეს დასავლეთის უახლესი პოლიტიკური მიმდინარეობაა პირატების პარტია. ის 2007 წელს შვედეთში შეიქმნა. მაშინ უკვე ძალიან იყო გაზრდილი დიდი ჩამწერი კომპანიების ზეწოლა ამერიკასა და ევროპაზე, რომ ამ ქვეყნებს მკაცრად დაესაჯათ ფაილების გაზიარების პროგრამების მომხმარებლები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ყველაზე დიდ ასეთ პროგრამას - Pირატე Bაყ-ს იყენებდნენ. საავტორო უფლებების მფლობელი დიდი კომპანიები მრავალი წლის განმავლობაში იყენებენ პარლამენტსა და კონგრესში ლობირების კანალებს გაზიარებისკენ მომხმარებლებისა და ზოგადად ადამიანების ბუნებრივი მიდრეკილების წინააღმდეგ. მათთვის ინტერნეტი ნამდვილად არაა ოქროს საბადო. ამიტომაც ისინი ბრძოლის ყველა ხერხს იყენებენ. აი, ასეთ ვითარებაში შეიქმნა პირატების პარტია, რომელმაც აღნიშნული მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობა და ინტერნეტის გაკონტროლების მსურველი დიდი ბიზნესისა და მთავრობის სურვილების შეზღუდვისათვის ბრძოლა თავის უმთავრეს ამოცანებად აქცია. გარდა ამისა, ისინი სახელმწიფოს მხრიდან ონლაინ მომხმარებლების ჩუმი მეთვალყურეობის წინააღმდეგაც გამოდიან. პარტია, რომელსაც ძირითადად ფართო განათლების მქონე ახალგაზრდები უჭერენ მხარს, უკვე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტშიც კია წარმოდგენილი. უფრო მეტიც, მან თვით ევროპის პარლამენტშიც ამოყო თავი. საქართველოს წინა ხელისუფლებას უკანონო თვალთვალის გრძელი და შავბნელი ბიოგრაფია ჰქონდა. მართალია, ახალმა ხელისუფლებამ დაგმო ეს პრაქტიკა და დამნაშავეთა დასჯა დაიწყო, მაგრამ მათ ჯერ არ დაუწყიათ ამ თვალთვალის ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და არც მოქალაქეთა უფლებები დაუზუსტებიათ ასეთ პრაქტიკასთან მიმართებაში. ესე იგი, მათ შეიძლება ძველ გუნდს მიბაძონ და საიდუმლო თვალთვალი დაიწყონ, განაახლონ.

ინტერნეტი, ინფორმაციის მიღებისა და მონაცემების გაზიარების ფართო შესაძლებლობები რამდენიმე თაობის საზოგადოების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს ეს შესაძლებლობები საქართველოს ან სულაც მსოფლიო პოლიტიკაში. მე აქ არ ვგულიხსმობ Facebook-ზე დემაგოგობას და სხვა მსგავს, არც ისე აღმაფრთოვანებელ ფენომენებს. ვერ გაიგებ, თუ რა გზას აირჩევს დიდი ბიზნესი და დიდი მთავრობა: რისთვის გამოიყენებენ ისინი ინტერნეტს - მათი უპირატესობების კონსოლიდაციისთვის თუ საშუალებას მისცემენ მოქალაქეებს, ინტერნეტის საშუალებით მსოფლიო უფრო დემოკრატიულად აქციონ? ასე თუ ის, ცვლილებები ყველა ვარიანტში მოხდება. დასასრულ, ალბათ იმის აღნიშვნაც ღირს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც პირატების პარტია არ არსებობს.