კონსენსუსი, დისკუსია და ნდობა
კონსენსუსი, დისკუსია და ნდობა
ამჟამად შვედეთში ვარ. აქ კონსენსუსის კონცეფცია ისე ღრმადაა ჩაქსოვილი საზოგადოებაში, რომ მის მოქმედებას ყოველ ნაბიჯზე ხედავ. მაგალითად, შვედეთის პარლამენტში ამა თუ იმ საკითხზე მიცემული ხმების ალბათ უმეტესობა სინამდვილეში სიმბოლურია, რადგან უთანხმოებები ხშირად ხმის მიცემამდე გვარდება ხოლმე. აქ ზოგადად ყველა ცდილობს, რომ განსხვავებები შეარბილოს და კომპრომისზე წავიდეს, იქნება ეს ორი თუ მეტი მხარე. ერთხელ სკოლის მოსწავლეების თამაშს შევესწარი და მათ შორის იგივე დამოკიდებულება დავაფიქსირე. ჩემ იქ ყოფნაში ერთხელაც არ წაკინკლავებულან. იქვე
მასწავლებელი რომ დავინახე, დამაინტერესა, მივედი და შევეკითხე, თუ რას აკეთებდა იქ შესვენების დროს. აღმოჩნდა, რომ უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში ბავშვებს მის მოგვარებაში უნდა დახმარებოდა. ჩავეძიე, რამდენად ხშირია-მეთქი უთანხმოება მათ შორის. ძალიან იშვიათიო, მიპასუხა. იგივე კონსენსუალური განწყობით წარმოებს საუბრებიც. როცა შვედები ერთმანეთში ლაპარაკს აბამენ, ერთ ჯერზე ერთი
კაცი საუბრობს მხოლოდ. როცა მეორის ჯერი დგება, ის პირველის მიერ წამოწყებული თემის იმ ნაწილით იწყებს თავის საუბარს, რომელშიც მისი და პირველის აზრებს შორის სრული თანხვდენაა. ასეთი მიდგომა საქართველოში იშვიათია. საქართველოში გამართულ საუბარში, პირველი გამომსვლელის შემდეგ მეორე გამომსვლელი პირველის ნათქვამის იმ ნაწილზე იწყებს ლაპარაკს, რომელსაც არ ეთანხმება. თუმცა, ეს მრავალ ქვეყანაში ხდება. მაგრამ შვედეთში უთანხმოების გამომწვევ საკითხებს გვერდს უვლიან. საუბრის შემდეგი თემაც მსგავსი ექნებათ და ამით მაქსიმალურად გამორიცხავენ უთანხმოების ალბათობას ანდა მასზე ფოკუსირებას მაინც.

საქართველოში კი ხშირია გამყოფი ხაზების გავლება. პარლამენტის წევრები მათი დროის უდიდეს ნაწილს უთანხმოებებზე ხარჯავენ. ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოშიც ხალხი ზოგჯერ მიიჩნევს, რომ სხვას რაღაც ფარული, საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა რაიმე საკითხში განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. უთანხმოების დროს თითქმის ყოველთვის იგულისხმება, რომ ერთ-ერთი მხარე მიკერძოებულია. ნორმალურად ითვლება ისიც, რომ ბავშვებში ხშირია ღია, აშკარა აგრესიულობა. ერთი მხრივ, ეს გასაგებიცაა, რადგან კლასში თუ კლასის გარეთ თვითონ მასწავლებლებიც არანაკლები აგრესიით არიან შეპყრობილი. უცხოელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ორი ქართველის ჩვეულებრივი მასლაათი გარედან კამათს უფრო წააგავს. ისეთი შეგრძნება არის ხოლმე, თითქოს საუბრის დანიშნულება უთანხმოების მიზეზის პოვნა და მერე ამაზე განუწყვეტელი კამათია. ყოველ შემთხვევაში, სწორად ამგვარ ფორმატში წარმოებს ხოლმე ინტერვიუები ქართულ ტელევიზიაში.

საქართველოში ე.წ. სოციალური ნდობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ხალხის უდიდესი ნაწილი კითხვაზე - "ადამიანების უმეტესობა სანდოა თუ არა?" - უარყოფით პასუხს გაგცემთ. შევედების იგივე წილი - ანუ ასე 80% - კი პირიქით დადებითად გიპასუხებთ. სოციალური მეცნიერება და გამოცდილება აჩვენებს, რომ ნდობა ამრავლებს ნდობას. თუ ზოგიერთი ადამიანი სანდოა, მაგრამ არ ენდობი, ის სამუდამოდ ასეთი სანდო შეიძლება არ დარჩეს. ანდა რატომ უნდა დარჩეს? და პირიქით, თუ არასანდო კაცს ნდობას გამოუცხადებთ სათანადო ვითარებაში, ის შეიძლება სანდო გახდეს. სოციალურ მეცნიერებაში ამ საკითხზე მრავალი კვლევა ჩატარებულა. საინტერესოა, იქნებ სოციალური აგრესია ნდობის ნაკლებობის მარტივი გამოვლინებაა?

თუმცა, კონსენსუსის ასე ფართო გამოყენებას საშიშროებაც სდევს თან. ამ დროს ღია დებატების გამართვა ძალიან ძნელი შეიძლება გახდეს და მუდმივად კონფორმიზმისკენ შეიძლება უბიძგებდეს ადამიანს. შესაბამისად, ასეთი პირობები შეიძლება მძიმე დღეში აგდებდეს განსხვავებული იდეების მატარებელსა თუ საქმის განსხვავებულად გამკეთებელს და ძალაუნებურად გამთანაბრებლობით პოლიტიკას ნერგავდეს. ასე ვიტყოდი, რომ ამერიკა საქართველოს უფრო ჰგავს, ვიდრე შვედეთს - ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ მაინც ანუ პოლიტიკასთან კავშირში თუ განვიხილავთ. მართალია, ამერიკელებმა ქართველებივით იმდენი შეიძლება არ იკამათონ, მაგრამ ისინი ცნობილი არიან ხმაურით და ამპარტავნობით, რაც ძალიან უჩვეულო თვისებებია შვედეთში. ამერიკა და საქართველო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს პოლიტიკაში. ორივეგან გვხვდება მუდმივი ღრმა წყალგამყოფები, სადაც დაპირისპირებული მხარეები სრულიად არიან დარწმუნებული მეორე მხარის არა მარტო უჭკუობაში, არამედ მავნებლობასა და საშიშროებაშიც კი. ერთიმეორის ლოგიკურ დასკვნებსა თუ დადებით მხარეებს არაფრად ვაგდებთ. უფრო მეტიც, ზოგჯერ საპირისპირო მხარის სასარგებლო ინიციატივების საბოტაჟსაც კი არ ვერიდებით და ამით ყველანაირი ხერხით ვცდილობთ მის დათრგუნვას. ასეთ მომენტებში ბევრი რამ გვაქვს სასწავლი კონსენსუსის მოყვარული შვედებისგან.
kato
20 მაისი 2013 15:23
რა საინტერესო საკიტხებზე ამახვილებს ყურადღებას. ყოველთვის ინტერესით დავაკვირდები მის სტატიებს.

ალბატ სასწავლო პროგრამებში ბევრი გვაქვს დასამატებელი...

გერმანიაში რაც ვიცი..სკოლებსი ასწავლიან თავაზიანდ, საქმიანად და მოკლედ წერილების წერას...

ყველა უნარეს გაღრმავება უნდა...ჩვენთან მართა უფრო დაპირისპიურებულობაა მოდაში...ბავშვებიც ისე ურტყავენ ერთმანეტს და ეს ნორმალურად აღიქმება..
.
09 აპრილი 2013 12:05
ნონა,თუ ვინმემ დრო დაგახარჯა,დაგაკვირდა და შენიშვნა მოგცა,მადლობა უთხარი.დააკვირდი,რაშიც დაეტანხმები,მიიღე და რაშიც არა,გაატარე...ამპარტავნება დამღუპველია...
qeti
22 მარტი 2013 21:38
რაღაცით სწორი დაკვირვებაა,მაგალითად ამერიკული კინო და ლიტერატურა,ვფიქრობ ,ჩვენთან უფრო ახლოა,ვიდრე შვედური და საერთოდ,ასე მგონია შვედების ცხოვრებას მარილი ანუ სიცხარე აკლია და,ცოტა არ იყოს მოსაწყენები არიან.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები