საჯარო სამსახურის პრობლემა - კვირის პალიტრა

საჯარო სამსახურის პრობლემა

შევარდნაძის დროინდელი საჯარო სამსახური კარგად მახსოვს. მაშინ საჯარო მოხელეთა ორი ჯგუფი არსებობდა. პირველ ჯგუფში შედიოდნენ ისეთები, რომელთა თანამდებობებიც ფულის კეთების საშუალებას იძლეოდა. ცხადია, ამ თანამდებობებს ყიდულობდნენ. სასაცილო და სატირალი იყო, როცა ასეთი ადამიანები იღებდნენ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს. ამის გამო იყო, რომ ანტიმონოპოლიურ სამსახურს დიდი საჩუქრის სანაცვლოდ შეეძლო, არ გამოეძია მონოპოლიების საქმიანობა, საგადასახადო ინსპექტორებს ქრთამის სანაცვლოდ შეეძლოთ არ დაეფიქსირებინათ გადასახადის დაფარვის ფაქტები, საგზაო პოლიციას ჯიბის ფულის მიღების სანაცვლოდ შეეძლო, უმიზეზოდ არ დაეჯარიმებინა მძღოლი, საპასპორტოებში ოპერატორებს გვერდითი შემოსავლის მიღების სანაცვლოდ შეეძლოთ დოკუმენტის უფრო სწრაფად გაცემა და ა.შ. მეორე ჯგუფში კი შედიოდნენ ისეთი საჯარო მოხელეები, რომელთა მუშაობა-არმუშაობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ზოგი კვდებოდა, მაგრამ ხელფასის გაცემა წლების განმავლობაში არ წყდებოდა.

მადლობა ღმერთს, ის დრო წარსულს ჩაჰბარდა. ახალმა საჯარო სამსახურმა უშრეტი ენთუზიაზმით აღვსილი მრავალი ახალგაზრდა წამოსწია წინ იმ იმედით, რომ ისინი კორუმპირებული სისტემის ნაწილი არ იქნებოდნენ. დროთა განმავლობაში საჯარო სამსახურის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების მაღალი რანგის წევრებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. ჯერ ერთი, ვის უნდა წოდებოდა საჯარო მოხელე? მთავრობა ათასობით ადამიანს უხდიდა ანაზღაურებას. ეს რიცხვი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში იზრდებოდა. ხელმძღვანელობაში ბევრი იყო ისეთი, რომელიც საერთოდ ვერ ეგუებოდა თვითონ საჯარო მოხელეობის იდეას და მთავრობის ამა თუ იმ მიმართულების პრივატიზებაც კი სურდა. სხვები კი _ მმართველი ჯგუფის საჯაროდ გაცხადებული საპირისპირო ეთოსის მიუხედავად _ კარგად ათვითცნობიერებდნენ დიდი რაოდენობით ხალხის დაქირავების პოლიტიკურ ღირებულებას. მმართველი ჯგუფის ძალის ზრდის და მიხედვით, მინისტრებს უფრო და უფრო უპრობლემოდ შეეძლოთ ნებისმიერ დონეზე ნებისმიერი ადამიანის დაქირავება. ანალოგიურად დეპარტამენტის ხელმძღვანელებსაც იგივეს აკეთებინებდნენ _ საკუთარი გუნდით დაატარებდნენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე. მოკლედ, გუნდისმიერი ადმინისტრაციის თავისებური სისტემა ჩამოაყალიბეს. ბოლოს საკითხი ისე ორპოლარული გახდა, რომ ჯგუფმა, რომელსაც თავი ლიბერტარიანელად მოჰქონდა, დასაქმების სამინისტრო შექმნა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ მინისტრებმა აღმოაჩინეს, თუ რა იოლი და უპრობლემო ყოფილა ნებისმიერ მომენტში ქვეშევრდომთა უპრაკონოდ დაქირავება-დათხოვნა. მოკლედ, ახალი მინისტრი ყოველთვის ახალ შტატს ნიშნავდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ამჟამინდელი საჯარო მოხელეების საერთო რაოდენობის ალბათ ასე სამი მეოთხედი დროებით დაქირავებულად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო ხანია, რაც სახელმწიფოზე მუშაობს.

და აი, ყველაფერი ეს 1 ივლისს შეიცვლება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 143-ე შესწორების შედეგად ზაფხულის ერთი კონკრეტული დღის შემდეგ, ყველა დროებით საჯარო მოხელეს ხელშეკრულება შეუწყდება და ხელახლა ვეღარ იქნება სამსახურში აყვანილი თუ გრძელი ვადით დაქირავების პროცესს არ გაივლის. ეს საქართველოს ცხოვრებაში ერთადერთ შესაძლებლობას აძლევს, რომ შექმნას პროფესიონალ საჯარო მოხელეთა სამსახური, რომელზეც მთავრობების ცვლა ზეგავლენას არ იქონიებს. ბუნებრივია, ახალ მთავრობაშიც არიან ისეთები, რომლებსაც ძველი მთავრობის მსგავსად სამსახურში თავისი მეგობრების მოყვანა, თანამებრძოლებისთვის ჯილდოს სახით სამუშაოს მიცემა ანდა სულაც ყველაფრის კეთება სურთ, რითაც ძველი მმართველი ჯგუფის მიერ დამკვიდრებული გუნდისმიერი ადმინისტრაციის პრინციპის შენარჩუნებისკენ არიან მიდრეკილი. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთ ხალხს გასაქანი უწინდელივით აღარ მიეცემა.

მართალია, კანონი დაქირავების ფორმალურ პროცესს ახსენებს, მაგრამ არსადაა დაზუსტებული ამ პროცესის დეტალები, მათ შორის ის, თუ ვინ უნდა მოაწყოს ის. გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ სამინისტროებს არ გააჩნიათ იმის სათანადო ბიუჯეტი ან შესაძლებლობა, რომ დაქირავების სამართლიანი, სრულყოფილი და წარმატებული პროცესი მიიღონ. ამიტომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გამოსავლის მოძებნას და ცალკეული სამინისტროებისთვის დაქირავების პროცესის დაზუსტებას შეეცდება, წარუმატებელი იქნება.

სჯობს, გამოსავალი რაიმე ეროვნული ტესტირების პროცესის ჩამოყალიბებაში ვეძებოთ. ანუ კარგია, შეირჩეს ხოლმე სამუშაოს მსურველთა გარკვეული ერთიანი ჯგუფი, რომლიდანაც შემდეგ ცალკეული სამინისტროები შეარჩევენ თავისთვის საუკეთესო კანდიდატებს. ასეთი პროცესის ორგანიზება სხვა, დამოუკიდებელ ორგანიზაციას უნდა დაევალოს - ანუ ეს ფუნქცია ე.წ. აუტსორსინგის გზით უნდა გადაეცეს მას. იდეალურ შემთხვევაში ასეთ ორგანიზაციად ალბათ ეროვნული საგამოცდო ცენტრი გამოდგებოდა, რომელიც მასწავლებელთა ტესტირებასაც ახდენს. მას აქვს იმის სრული გამოცდილება და შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ტესტი შეიმუშავოს და ტესტირების მსურველებს მომსახურების გარკვეული მცირე თანხაც გადაახდევინოს. გამოცდის წარმატებით ჩამბარებელი კანდიდატებიდან შეიქმნებოდა რაღაც მინიმალურად საჭირო კვალიფიკაციების მქონე პირთა ნაკრები, რომელთანაც შემდეგ ეტაპზე სამინისტროები ინდივიდუალურად იმუშავებდნენ. ეს არის აუტსორსინგის კლასიკური მაგალითი, როცა რაღაც კონკრეტული ფუნქცია არა მთავრობის სხვადასხვა ორგანოს, არამედ ერთი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ უნდა სრულდებოდეს.

სრულიად გონივრულია, როცა მთავრობა უმაღლესი რანგის _ მინისტრებისა და მათი მოადგილეების _ თანამდებობებს იმ კრიტერიუმების მიხედვით ავსებს, რომელიც მას სურს. ყველგან ასეა. უბრალოდ, თანამედროვე დემოკრატიაში უნდა არსებობდეს საჯარო მოხელეების აპოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ მთავრობას მოემსახურება. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი ცენტრალიზებული ტესტირება და კანდიდატების პირველადი ნაკრების ჩამოყალიბება იქნებოდა. ტესტი არც ისე კარგი საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგად შეიძლება ამა თუ იმ კანდიდატმა სამუშაო შეასრულოს. სამაგიეროდ, ის ცოდნის მინიმალური დონის შესწავლის იდეალურ საშუალებას წარმოადგენს. ასეც უნდა მოხდეს. შემდეგი რამდენიმე თვე საქართველოს მრავალ წელიწადში ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა ექნება, რომ აპოლიტიკური და კომპეტენტური საჯარო სამსახური შექმნას.