გაეცით ინფორმაცია - კვირის პალიტრა

გაეცით ინფორმაცია

დღეს ახალ მთავრობას მშვენიერი შესაძლებლობა აქვს, რომ გააცნობიეროს ის, თუ ზოგადად როგორ უნდა მოეპყროს ინფორმაციას. ინფორმაციის ხედვის ძველი სტილით, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გქონდა, რომელიც სხვას არ ჰქონდა, მით უფრო წარმატებული იყავი. ახალი სტილით, რაც უფრო ეფექტურ და ზუსტ ინფორმაციას მიაწვდი ხალხს, მით უფრო წარმატებული იქნები. საქართველოში ძველიდან ახალ სტილზე გადასვლა ძალიან გაწელილი პროცესი აღმოჩნდა.

როგორც ყველა ჩამოყალიბებულ მატყუარას სჩვევია, კომუნისტური მთავრობები ინფორმაციას საშინლად ეპყრობოდნენ. ისინი აზრზე არ იყვნენ, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ინფორმაცია. წინა ხელისუფლება, თავის მხრივ, ინფორმაციას სულ პი-არი-ს ჭრილში განიხილავდა ხოლმე. ისინი პრესკონფერენციას პრესკონფერენციაზე მართავდნენ და განცხადებას განცხადებაზე აქვეყნებდნენ, მაგრამ მათგან რაიმე რეალური და სასარგებლო ინფორმაცია ნაკლები მოდიოდა. გასაკვირი არ იყო, რომ მათ იმდენად არც სიამოვნებდათ კითხვებზე პასუხის გაცემა და არც ის ეხერხებოდათ, რომ ხალხისთვის ეთქვათ ის, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. მე არ ვიცი, ეს თავდაჯერებულობის ნაკლებობის თუ სხვა რამის გამო მოსდიოდათ. იქნებ ფიქრობდნენ, რომ მათთვის საშიში იქნებოდა, საზოგადოებას შეეტყო თუ რა ხდებოდა სინამდვილეში? ხელმძღვანელობა რაღაც გეგმას რომ მოიფიქრებდა, ქვედა დონეზე ფაცხაფუცხით ცდილობდნენ ამ გეგმის დაუყოვნებლივ განხორციელებას. შემდეგ კი ზარზეიმით გამოაცხადებდნენ ამ დიდი მიღწევის შესახებ და ყველა ჩვენთაგანი ვალდებული იყო, ნეტარება დამართნოდა ამის გაგონებაზე. ისე, შიგადაშიგ მართლაც გვემართებოდა ასეთი რამ. თუმცა, არასდროს ვიცოდით, თუ რას აკეთებდნენ ისინი სინამდვილეში. ხშირი იყო შემთხვევა, როცა საზეიმო ლენტის გაჭრის შემდეგ პროგრამებს არასდროს უმუშავიათ და ეს პროგრამები ხელახლა არც არასოდეს ამოტივტივებულა ახალ ამბებში. სწორედ ამიტომ არის უკეთესი თავიდანვე საზოგადოების წარმომადგენლების მიწვევა, რომ საზოგადოებამ უკეთესად გაიგოს საკითხის არსი.

წინა ხელისუფლება ცუდად ეპყრობოდა ისეთ ინფორმაციასაც, რომელსაც მათი ამა თუ იმ მოქმედების გამო ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო. დღესაც რაღაც მსგავსი რამ ხდება. მაგალითად, ბოლო რამდენიმე თვეა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უფრო და უფრო მეტ საათობრივ ჩაბნელებებს აქვს ადგილი. ზოგჯერ ამას წინასწარ აცხადებენ, ზოგჯერ _ არა. როცა აცხადებენ, არ აზუსტებენ, თუ რომელ საათებში უნდა მოხდეს ეს. უბრალოდ ასახელებენ დღეს, როცა უნდა გამოირთოს დენი და მორჩა. თუ დაურეკავ და მიზეზს ჰკითხავ, ერთი და იგივე პასუხს მიიღებ: "მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები". თუ მართლაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რატომ არ შეუძლიათ იმის გამოთვლა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? არ შეუძლიათ, ინფორმაცია ვებ-საიტზე რომ დადონ და პარალელურად ავტომატურ რეჟიმში ელფოსტის მისამართებზე დააგზავნონ?

კიდევ ერთი მაგალითი. მე მთაწმინდის ერთ პატარა ქუჩაზე ვცხოვრობ. მერია ჩემი ქუჩის ასფალტის საფარს ცვლის. არც ერთმა ჩემმა მეზობელმა არ იცოდა, რომ მერია ამას აპირებდა და არც ერთ მეზობელს არ უნდოდა ეს, რადგან ნამდვილი პრობლემა არა ცუდი გზა, არამედ მანქანების სწრაფი მოძრაობაა ამ პატარა ქუჩაზე, რადგან ამით ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში ვარდება. პოლიცია სიჩქარის გადაჭარბების გამო არავის აჯარიმებს. მერიამ კი თავის მხრივ უარი თქვა გზაზე მოძრაობის შემანელებელი ხელოვნური ბორცვების დამონტაჟებაზე. სამაგიეროდ, ასფალტის დაგება მოინდომეს. წინასწარ რომ ეკითხათ, ჩვენ აუცილებლად ვეტყოდით ყოველივე ზემოთ დაწერილს. თუმცა, არ არსებობს, რომ მათ ეს გააკეთონ. ისინი დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ხალხის წინასწარ შეტყობინებას არ არიან მიჩვეული. სამუშაოს ზედამხედველთან რომ მიხვიდე და ამ საკითხზე დაელაპარაკო, აუცილებლად მიიღებ ისეთ პასუხს, რომელიც მიგანიშნებს ხმის გაკმენდისა და იმით დაკმაყოფილებისკენ, რასაც გიკეთებენ.

გზის საფარის შეკეთების დროს მუშებმა უბნის ბავშვებისთვის დაყენებული კალათბურთის კალათი დააზიანეს. როცა მუშებს ვკითხე, თუ ვინ გააკეთებდა კალათს, მიპასუხეს, რომ ეს მათი საქმე არ იყო. მაშინ ის მაინც მითხარით, ამ საკითხზე ვის მივმართო-მეთქი. მაგრამ მათ არც ეს იცოდნენ.

ეს ხომ არ მოითხოვს კვანტური ფიზიკის გაგებას ან ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას?! ხალხს მცირე რამ უნდა: ინფორმაცია, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს მათ უბანში. მთავრობები მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ ხალხი დააჯერონ, რა მშვენიერი პოლიტიკა თუ კანონი შეიმუშავეს და რა მშვენივრად გაართვეს თავი დასახული გეგმის განხორციელებას. მათ ყოველთვის ავიწყდებათ, რომ ხალხი საქმის კურსში უნდა ამყოფონ, ხშირად უნდა უთხრან, თუ რა ხდება და რა მოხდება. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ხალხის ინფორმირებულობის ამაღლებასა და შენარჩუნებას, განსაკუთრებით დღეს, როცა ციფრული ინფორმაციის წყალობით ამის გაკეთება ძალიან იოლია. მაგალითად, რატომ არ შეუძლია მერიას დაარეგისტრიროს მოსახლეობის ელფოსტის მისამართები ან ტელეფონის ნომრები და ყოველი მოცემული ქუჩის მაცხოვრებლებს ელფოსტაზე ან ტელეფონზე გაუგზავნოს ხოლმე შეტყობინებები იმის შესახებ, თუ რა ხდება და რა მოხდება ამ ქუჩაზე? ამის გაკეთება ხომ ძალიან იოლი და იაფი იქნება? ამით ხომ ქალაქის ხელისუფლება ხალხთან კომუნიკაციის კომფორტულ არხს გაჭრის? ფაქტობრივად, საქართველოს ყოველი სამთავრობო უწყების ოფისს ჰყავს ვიღაც, ვინც საზოგადოებრივ ურთიერთობებზე მუშაობს. მაგრამ ისინი თავიანთი უწყებების ფეისბუქ-ის გვერდებზე მხოლოდ მინისტრის სურათებს დებენ, რომ ჟურნალისტები პრესკონფერენციებზე მიიზიდონ. როცა საზოგადოების რომელიმე ნამდვილი წარმომადგენელი რაიმე ინფორმაციის მისაღებად ურეკავს მათ, ეს საზურთიერთობების ხალხი იბნევა და ვერ ხვდება, თუ რა ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ და იძულებული არიან, დაეკითხონ ხოლმე თავიანთი ბოსების ბოსების ბოსებს. ალბათ, მათ უმრავლესობას ჰგონია, რომ შეიძლება გააგდონ ინფორმაციის გაცემის გამო. კურიოზული ისაა, რომ არავის აგდებენ ინფორმაციის არგაცემის გამო. ჰოდა, ასეთ ვითარებაში საზოგადოებას გამოწერილი აქვს აღშფოთება და თავის ტკივილი.

დროა, საჯარო ინფორმაციას უფრო უკეთესად მოეპყრან საქართველოში. საერთაშორისო მოძრაობაც კი არსებობს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მისი სახელწოდებაა "ღია მთავრობის პარტნიორობა" ანუ open government partnership (www.open government partnership.org). მთავრობა კიდევ უფრო ღია რომ გახდეს, ასეთი სახის ინფორმაციები უსიტყვოდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველასათვის და უნდა გააუქმოს მისი ხელმისაწვდომობის ყველანაირი უპირობო შეზღუდვა. მთავრობა უფრო მეტი ყურადღებით უნდა უსმენდეს საზოგადოებას და უნდა ხვდებოდეს, თუ რისი გაგება სურს ხალხს. უნდა შეიმუშავოს იმის გზები, რომ არა მარტო შეატყობინოს ხოლმე მას შესაბამისი სიახლე, არამედ მოცემული საკითხის ერთობლივი განხილვებიც მოაწყოს. ტექნოლოგიების წყალობით დღეს ძალიან იოლი და იაფია ამის გაკეთება. თანაც, ასეთ მიდგომას თავისი პოლიტიკური დივიდენდი მოჰყვება. თანამდებობის პირები, რომლებიც ხალხისათვის ამა თუ იმ უბნის საჭირბოროტო საკითხებზე არსობრივი და საინტერესო ინფორმაციის მისაწოდებლად ტექნოლოგიების ეფექტურ ათვისებასა და გამოყენებას ცდილობენ, საბოლოოდ უფრო მეტი პოპულარობით ისარგებლებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც დროს მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე საკუთარი ფიზიონომიების დადებაზე ხარჯავენ.