მოიცილეთ ხმის გამაძლიერებლები
06-05-2013
მოიცილეთ ხმის გამაძლიერებლები
შევარდნაძის დროინდელი საგზაო პოლიციის გაუქმება და საპატრულო პოლიციის შემოღება წინა მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებს შორის, ალბათ, ყველაზე ხშირად მოიხსენიება ხოლმე და წარსულთან კავშირის გაწყვეტის ყველაზე ძლიერ სიმბოლოდაც კი იქცა. რაც მთავარია, რეფორმა ქმედუნარიანი გამოდგა. საპატრულო პოლიცია კვლავ პატივდებულ ჯგუფად რჩება საქართველოში. თუმცა 2013 წლის საქართველო სულაც არა ჰგავს 2003 წლის საქართველოს. მოდი, ვნახოთ, თუ როგორი გახდა პოლიცია, აკმაყოფილებს თუ არა ჩვენს საჭიროებებს.

დღევანდლამდე პოლიციასა და პროკურორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იყო.
პროკურორებს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ და, ფაქტობრივად, პოლიციაც მათზე მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეებზე მაინც. ამ სისტემას საპროცესო შეთანხმება ეწოდება, თუმცა დიდი არაფერი აქვს საერთო აშშ-ში არსებულ ანალოგიური სახელწოდების პროცედურასთან.
წინა ხელისუფლების დროს საპროცესო შეთანხმება სასამართლოს გარეშე ახალგაზრდების ციხეში გამომწყვდევის ძირითადი მექანიზმი იყო.

დაკავებულები
თითქმის ყოველთვის აღიარებდნენ დანაშაულს. პოლიციას ამაში თავისი წვლილი შეჰქონდა. თუმცა, ამ სტატიაში პოლიციის იმ საქმიანობაზე ვისაუბრებთ, რომელიც დანაშაულების სფეროს არ ეხება.

საპატრულო პოლიციის ყველაზე კარგი თვისებაა სისწრაფე, რომლითაც ის გამოძახებაზე რეაგირებს, და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლითაც ის ჩვეულებრივ მოქმედებს. ეს წარმოუდგენელი სახეცვლილებაა შევარდნაძის დროსთან შედარებით. თუმცა, პატრული მაინც ნაკლებად აქტიურია - მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში თუ ვიხილავთ მას ფეხით მოსიარულეს, დანარჩენ დროს სულ მანქანაში ზის.

საქართველოს საპატრულო პოლიციასა და სხვა ქვეყნის პოლიციურ ძალებს შორის უპირველესი განსხვავებაა ჩვენი პატრულის მანქანებში დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლები. ეს საბჭოთა ტრადიციაა, რასაც დასავლეთში ვერსად ნახავთ. თბილისის ცენტრში ხუთიოდე წუთიც რომ დაყოთ, აუცილებლად გაიგონებთ გამაძლიერებლებით მოლაპარაკე პატრულის მოკლე ბრძანებებს, ჩვეულებრივ, "არ გაჩერდე, იმოძრავეს" სტილში. თუმცა, ვერასდროს გაიგებ, მანქანა, რომელმაც არ უნდა გააჩეროს და იმოძრაოს, არღვევს თუ არა კანონს გაჩერებით. თუ არღვევს, მაშინ რატომ არ აჯარიმებს პატრული? შესაძლოა, არ არღვევს, უბრალოდ გზას უღობავს პატრულის მანქანას და სწორედ ამის გამო უბრძანებენ ამოძრავებას. ჩემთვის ეს ხმის გამაძლიერებლები იმის ნიშანია, რომ საქართველოში პოლიციას ჯერ კიდევ ხალხზე აღმატებულად მიაჩნია თავი და არ აღიქვამს თავს საჯარო მოხელედ, როგორც ეს ძველ დემოკრატიებშია მიღებული. ეს განწყობა კარგად ჩანს გამაძლიერებლებიდან გადმოღვრილი მოწოდებათა  ტონიდან, რაც პრობლემური ბავშვის ქცევით გაღიზიანებული ასაკოვანი ადამიანის რეაქციას ჩამოჰგავს.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საპატრულო პოლიცია თავისი დროის 99%-ს მანქანაში ატარებს.
საერთოდ, აშშ-ში საგზაო პოლიცია, მინიმუმ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე მუშაობს. ასეთი რამ აქ იშვიათად თუ მინახავს. ყოველ საღამოს ვხედავთ, თუ როგორი ზებგერითი სიჩქარით დაქრიან მოტოციკლები და სხვა მანქანები რუსთაველის პროსპექტზე.
აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალი ტაქსები შსს-ს ახალ შენობას 120 კმ/სთ და უფრო დიდი სიჩქარით ისე ჩაუშხუილებენ ხოლმე, რომ არც კი ფიქრობენ მათ სალონში მსხდომი საწყალი ტურისტების სულიერ მდგომარეობაზე. კიდევ უფრო უარესია ასეთი თავქუდმოგლეჯილი მოძრაობა ვიწრო ქუჩებზე, სადაც ხშირად ვხვდებით მოთამაშე ბავშვებს. არასოდეს მინახავს, პოლიცია ერთ ასეთ მძღოლს მაინც დალაპარაკებოდეს.

ხშირია შემთხვევა, როცა მძღოლები შუქნიშანთან გაჭიმულ რიგს გვერდს უვლიან საპირისპირო მხარეზე გადასვლით და ასე ცდილობენ საცობისაგან თავის დაღწევას. ასეთ ხალხს მეორე "მე" აიძულებს, არ დაელოდოს მწვანე შუქს და კანონმორჩილ მძღოლებს გადაახტეს თავზე. სამწუხაროდ, არასდროს მინახავს, პატრულს დაეჯარიმებინოს ასეთი მძღოლი.

პოლიცია ხშირად იყენებს ხმის გამაძლიერებელს, რათა მანქანებს შეფერხებული საგზაო მოძრაობის აღდგენისკენ მოუწოდოს, მაგრამ არასდროს მსმენია, პატრულს იგივე მოეწოდებინოს ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შემაფერხებელი მანქანებისთვის; ანუ გამოდის, საპატრულო პოლიციას პასუხისმგებლობა მარტო გზებზე აქვს და ტროტუარი მის კომპეტენციაში არ შედის! ე.ი. მათთვის მხოლოდ მძღოლები არსებობენ, ფეხით მოსიარულეები კი ანტურაჟია. ისე, სიტყვამ მოიტანა და, რატომ არ უნდა აჯარიმებდეს პოლიცია უბილეთო მგზავრებსაც? ყვითელ ჟილეტებში გამოწყობილი მონიტორების მიერ უბილეთო მგზავრობის გაკონტროლების სისტემა ცოტა უცნაური და არაეფექტურია.
დღეს საკმაო რაოდენობის სხვადასხვა უნიფორმა არსებობს - ზოგი პოლიციისაა, ზოგიც კერძო დაცვის. არ ვიცი, ამ დაცვას რა სახის ტრენინგი აქვს გავლილი ან რა კომპეტენცია აქვს, რადგანაც ხშირად დამინახავს და მომისმენია, თუ როგორ აიძულებდნენ ისინი ხალხს ამა თუ იმ რამის გაკეთება-არგაკეთებას თავიანთი კომპეტენციის აშკარა გადამეტებით. საპატრულო პოლიციასთან შედარებით ამ დაცვას  გაცილებით ნაკლები ტრენინგი აქვს გავლილი. საერთოდ, ვინ წყვეტს ამა თუ იმ პირის სამუშაოზე მიღების საკითხს?

მოკლედ, ჩემი აზრით, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს, არის მანქანებიანი საპატრულო პოლიციის მიერ სახიფათო მძღოლების გაკონტროლება. ეს დღეს თითქმის არ ხდება. უფრო მეტიც, მე არც კი ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე პატრულია პასუხისმგებელი, რადგან ასეთი კონტროლის მაგალითები, ფაქტობრივად, არც კი მაქვს. გარდა ამისა, პატრულმა თავიდან უნდა მოიცილოს ხმის გამაძლიერებელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პატრული უფრო ხშირად გადმოდიოდეს მანქანიდან და ფეხით დადიოდეს ჩვენ შორის. ალბათ, ეს დადებით ზეგავლენას იქონიებს და პატრული უფრო კარგად გაისიგრძეგანებს იმას, თუ როგორაა ორგანიზებული მანქანების გარეთ არსებული საზოგადოება.
თეო
14 ივნისი 2013 12:54
დღევანდელი პატრული არის ჩვენი სიამაყე, ქართველი მოქალაქეები კი როგორც ყოვლთვის ყველაფრით უკმაყოფილოები!საკმარისია უცხოელმა გაგვკიცხოს რომ ეგრევე ვყვებით ჩვენი თავის გინებაში. ჯერ რა სისულელეა ხმის გამაძლიერებლების მოხსნა, შენი გაჩერება რომ უნდა გზა უნდა გადაგიკეტოს და ისე გაგაჩეროს თუ როგორ გაგაგებინოს ხომ ვერ მეტყვით??დიახაც რომ აქვს პატრულს დიდი ავტორიტეტი და ეს ავტორიტეტი საჭიროა იმისთვის რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს დამყარებული. ეს პროფესია ნებისმიერ პროფესიაზე მაღლა დგას (რათქმაუნდა ჯარისკაცის პროფესიის შემდეგ) და ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი ჩვენი შვილების უსაფრთხოებაა!
იერემია
08 მაისი 2013 15:19
გაუმარჯოს ბატონ მარკ მალენს!!!!იქნებ თქვენი მეილი მოიწეროთ.საინტერესო კაცი კი ჩანხართ და!!!!გაგესაუბრებოდათ კაცი.
khatuna
08 მაისი 2013 13:30
ეს კაცი რასაც წერს სიმართლეა.ამას უნდა ჩვენთვის კარგი.პოლიციელებს მაგარ ბიჭებად მიაქვთ თავი რა.კაი ბიჭები არიან

რედაქტორის რჩევით