აბორტი - უცნაურია, თუ რატომ ურჩევნია ბიჭი ამდენ ქართველს! - კვირის პალიტრა

აბორტი - უცნაურია, თუ რატომ ურჩევნია ბიჭი ამდენ ქართველს!

ისე გამოვიდა, რომ აღდგომაზე წინა პლანზე წამოვიდა დემოგრაფიული და აბორტის პრობლემები. მე არ მიმაჩნია, რომ აბორტი კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს. უფრო მეტიც, მე არა მგონია, რომ დემოგრაფიული პრობლემა არსებობს. თუმცა, ძალიან კარგია, რომ ამ საკითხებზე ლაპარაკი წავიდა. საქართველო აბორტის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სქესზე დამოკიდებული შერჩევითი აბორტის ლიდერებიც არიან და ამ მაჩვენებლით ინდოეთსა და ჩინეთს უტოლდებიან. ასეთი შერჩევითი აბორტი იშვიათია უშვილო ქალებში ან ერთშვილიან დედებში, მაგრამ ხშირია ორშვილიან დედებში.

აბორტზე საერთაშორისი დებატები წარმოებს. აბორტი დასავლეთ ევროპისა და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების უმეტეს ნაწილში კანონიერია, მაგრამ ევროპის ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში კანონგარეშე ან წინააღმდეგობრივია. ასე რომ, საქართველო მარტო არაა, როცა ამ საკითხს განსხვავებულად უყურებს. საქართველოში აბორტის დიდი სიხშირის მთავარი მიზეზი არის ის, რომ აბორტი შობადობის კონტროლის წინა ხაზია. მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში სქესობრივად აქტიური ქალები შედარებით იშვიათად იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებს. ალბათ, ეს განპირობებულია სოციალური წნეხით ან არასაკმარისი განათლებით. ცხადია, აბორტის სიხშირის შემცირების საუკეთესო საშუალებაა იოლად ხელმისაწვდომი კონტრაცეფცია და განათლება კონტრაცეფციის შესახებ. ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა შობადობის კონტროლსაც უნდა ფარავდეს. შობადობის კონტროლის ნაკლები ხელმისაწვდომობა შობადობას იმდენად არ ზრდის, მაგრამ აბორტს კი დიდ ბიძგს აძლევს. ნიდერლანდები პირველი ქვეყანა

იყო მსოფლიოში, რომელმაც აბორტი დააკანონა, მაგრამ მსოფლიოში აბორტის ყველაზე დაბალი სიხშირით ხასიათდება. ყველა ის ქვეყანა, სადაც კი აბორტი დაკანონებულია და სექსისა და კონტრაცეფციის შესახებ აქტიური განათლება წარმოებს, აბორტის ყველაზე დაბალი

მაჩვენებლებით გამოირჩევა. თუ აბორტი კანონგარეშე გამოცხადდა, შეძლებული ქალები უფრო მეტი თანხის გადახდას დაიწყებენ უკანონო აბორტის გასაკეთებლად ან სხვა ქვეყანაში წავლენ ამ პროცედურის კანონიერად ჩასატარებლად. ღარიბი ქალები კი ვერ შეძლებენ ძვირად ღირებული აბორტის გაკეთებას ანდა საშიშ, უკანონო, მაგრამ იაფ აბორტს მიმართავენ თავიანთი საცხოვრებლების

შორიახლოს, რის გამოც ზოგიერთი უთუოდ დაიღუპება კიდეც. მოკლედ, მდიდრებს ღარიბებისგან განსხვავებით ყოველთვის ექნებათ კანონიერსა თუ უკანონო აბორტს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში კონსენსუსი არსებობს დემოგრაფიული პრობლემის (ზოგიერთი მას დაბალი შობადობის სახელითაც მოიხსენიებს) მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რამდენად სამართლიანია, რომ მარტო ქალებს მოეთხოვებათ ამ შესაძლო პრობლემის გადაწყვეტა? საინტერესოა, უჭერენ თუ არა ამას ქალები მხარს? თუ კი, მაშინ ხომ არ ჯობია ღიად და პატიოსნად ვთქვათ, რომ ქალები ვალდებული არიან ამა და ამ ასაკისთვის გააჩინონ ბავშვების ესა თუ ის რაოდენობა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში ან არასწორი დემოგრაფიული ქცევის გასწორების (სადაც დაორსულებაც მოუწევთ) ბანაკებში გაუშვებენ? უნდა ჰქონდეს თუ

არა საზოგადოებას იმის უფლება, რომ ქალი არასასურველი ორსულობის ბოლომდე მიყვანისკენ აიძულოს? საქმე ხომ პირადი არჩევანის ფუნდამენტურ საკითხს ეხება? გარდა ამისა, ბევრ ქართველს, ვისაც მე ვიცნობ, ბავშვის შვილად აყვანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. თუ პრიორიტეტია აბორტის სიხშირის შემცირება, მაშინ წესით მდიდარმა ოჯახებმა უნდა ითავონ იმ ბავშვების შვილად აყვანა, რომელთა გამოკვებაც უპოვარ ოჯახებს გაუჭირდებათ. ეს მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს მრავალ ადგილას. თუმცა, საქართველოში შედარებით იშვიათია. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. ნუთუ სისხლისმიერი გენეალოგია ასეთი მნიშვნელოვანია? იქნებ ახსნის სხვა ვარიანტებიც მომაწოდოთ? იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში აბორტი შობადობის კონტროლისთვის გამოიყენება,

ადგილი აქვს სქესის შერჩევასაც. რა თქმა უნდა, მომავალში ეს სერიოზულ პრობლემას შექმნის, რადგან ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების რაოდენობებს შორის არსებითი განსხვავება წარმოიშობა. კარგად მესმის, თუ რატომ ქმნის შერჩევითი აბორტი პრობლემას მაგალითად ინდოეთში, პაკისტანსა და ჩინეთში. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყნების კულტურა ვაჟიშვილებს ანიჭებს ფინანსურ უპირატესობას. მაგრამ საქართველოში ასეთი მიდგომა არ არსებობს

და უცნაურია, თუ რატომ ურჩევნია ბიჭი ამდენ ქართველს! ისეთი შერჩევითი მოქმედების პრეზერვატივები რომ არსებობდეს, რომლებიც ბიჭის გაჩენის შესაძლებლობას იძლეოდეს, ალბათ მათზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა.

დაბოლოს, ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იმავე აშშ-ში, სადაც შობადობა მცირეა, მაგრამ იმიგრაცია - დიდი, მოსახლეობა მუდმივად იზრდება. ეს გარემოება ეკონომიკური წინსვლისთვის დიდი პოზიტივია. როცა "დემოგრაფიულ პრობლემაზე" ლაპარაკობენ, რას გულისხმობენ - ქართველი ბავშვების ნაკლებობას? თუ კი, მაშინ ეს ძალიან ეთნო-ცენტრული მიდგომაა. როცა ჩემი ირლანდიელი წინაპრები ამერიკაში ჩავიდნენ, ადგილობრივები თურმე უკვე საკმაოდ ნერვიულობდნენ ამდენი ჭუჭყიანი, მათგან განსხვავებული, თანაც საშიში ირლანდიელი იმიგრანტის დანახვაზე. მერე, ყველას დაავიწყდა ჩვენზე ნერვიულობა და ესპანურენოვნებზედა სხვა ჯგუფებზე დაიწყო შფოთი. ბუნებრივია, როცა ყველა წარმატებულ საზოგადოებას ჰყავს იმიგრანტი. ასევე ბუნებრივია, როცა ამ იმიგრანტებზე ბევრი ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, თუ საიდან არიან ეს იმიგრანტები. მერე კიდევ მათი შვილიშვილები გააგრძელებენ წუხილს - ოღონდ იმიგრანტების რომელიმე სხვა ჯგუფზე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ ერთი სახეობა ვართ, მათ შორის ათასი წლის წინ ჩამოსახლებული ყივჩაღებისა და ოთხასი წლის წინ კახეთში შემოსული ირანელების შთამომავლები, რომლებიც დღეს ტიპიური ქართველები არიან სხვებსავით.

მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ის, თუ ვინ იზრუნებს ამ ბავშვებზე. ოჯახი ბავშვებზე ზრუნვის ძალიან ეფექტური საშუალებაა. ამბობენ, რომ იმ ბავშვებზე, რომელთა შენახვასაც ვერ შეძლებენ ოჯახები, ეკლესია იზრუნებს. საინტერესოა, რეალურად როგორ იმუშავებს ეს სქემა? ვინ მიხედავს ასეთ ბავშვს ყოველდღიურად, გამოკვებავს, დააძინებს და ა.შ.? ამაში რაღაც მექანიკურია და ცოტა უცნაურად ჟღერს. ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ქართველი კაცი ძალიან აქტიურ როლს არ იღებს ბავშვების ადრეული აღზრდის ყოველდღიური საკითხების მართვაში. ცხადია, არავის უნდა აბორტი. შობადობის კონტროლის სხვა მეთოდები უთუოდ უფრო უკეთესია. ამიტომ იმაზე მოვახდინოთ ფოკუსირება, რაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ.