ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, რომლებიც „საქართველო-საქართველოს“ ყვირიან? - კვირის პალიტრა

ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, რომლებიც „საქართველო-საქართველოს“ ყვირიან?

ხალხმა, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე, უნდა გაიგოს, თუ რა მოხდა თბილისში 2013 წლის 17 მაისს, პარასკევს. ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ჰომოფობიის წინააღმდეგ დემონტრაციის ჩატარება გადაწყვიტა. ხალხის უზარმაზარმა მასამ კი ისინი განდევნა და ცალკეულ შემთხვევებში ცემა კიდეც. პოლიციელი ბევრი იყო, მაგრამ მათ მაინც ვერ შეძლეს ამხელა მასის მართვა.

ევროპა-ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი ნაწილი მამათმავლობასა თუ დედათმავლობას ბიოლოგიურ მოვლენად თვლის, ანუ ესა თუ ის პირი თავისივე სქესს იმიტომ ელტვის, რომ თავიდანვე ასეთი იყო. ამიტომ დასავლეთში ამ მოვლენისადმი ტოლერანტულობაზე ლაპარაკი უკვე დასრულებულია. შედეგი დადებითია. დარჩენილია მხოლოდ ცალკეული დეტალების (ერთსქესიანთა ქორწინება ან მათ მიერ შვილის აყვანა) დაზუსტება. საქართველოში კი ბევრი ფიქრობს, ადამიანი გეი იმიტომაა, რომ მან ასე არჩია, და ახლა თავისკენ ახალი წევრების გადაბირებას ცდილობს. საქართველოში იმასაც ფიქრობენ, რომ უცხოეთში არის ხალხი, რომელიც ასეთი ცხოვრების წესის წახალისებას ახდენს. არასერიოზულად ჟღერს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი მართლა ასე ფიქრობს.

არავინ, მათ შორის არც თვითონ გეებიც, არ აპირებს სინამდვილეში მამათმავლობა-დედათმავლობის წახალისებას. მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ასეთად იქნენ მიღებული. მათ რომ ნორმალურად იცხოვრონ, ანუ შიშისა და საფარველის გარეშე გამოჩნდნენ, ზოგს ეგონება, რომ ვიღაც საზოგადოების თავზე ამ განსხვავებული ცხოვრების წესის ძალით მოხვევას ცდილობს. ის ხალხი თვლის, რომ პრობლემა არა აქვს კონკრეტულად გეებთან, მაგრამ რეალურად პრობლემა აქვთ მათთან, ვინც განსხვავებულია. შეიძლება იოლად წარმოვიდგინოთ, რომ ჰომოფობი მასა, რომელიც პარასკევს დემონსტრაციაზე გამოვიდა, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის მაგივრად უცხოელებს ან მუსულმანებს ეწინააღმდეგებოდა ან სულაც ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს. საბჭოთა კუნძულზე სამოცდაათწლიანი იზოლაციაში ცხოვრების შემდეგ საქართველო კვლავ უბრუნდება მსოფლიოს და დროა საჭირო იმისათვის, რომ ხალხი, განსაკუთრებით არაურბანული დასახლებების მაცხოვრებლები, მრავალფეროვნებას შეეგუონ და ტოლერანტობა გაითავისონ.

რომ გაიგო, თუ რასთან გვაქვს საქმე დღეს საქართველოში, კარგია გადახედო ისტორიას. მე ვერ ვპოულობ იმის მაგალითს საქართველოს კონფლიქტებისა და საბოტაჟების გრძელ ისტორიაში, რომ ვინმეს საქართველოში მამათმავლობა- დედათმავლობის გავრცელება უცდია. და საერთოდ, ჰომოსექსუალობას საქართველოს ისტორიაზე არასდროს მოუხდენია რაიმე საგრძნობი ზეგავლენა. ცხადია, გეები ყოველთვის იყვნენ სხვა ნებისმიერ საზოგადოებაში. თუმცა, ამ თემას არასდროს ჰქონია დიდი წონა. მეორე მხრივ, ძალადობა "ნორმისგან" გადახრის მქონე ჯგუფებზე მუდმივი პრობლემაა საქართველოში. ასე მგონია, საქართველო საუკუნეების წინ უფრო მეტად ტოლერანტული იყო, ვიდრე ახლა.

ამით მივადექით მნიშვნელოვან კითხვას: ვინაა ნამდვილი პატრიოტი? ჰომოფობები, რომლებიც "საქართველო-საქართველოს" ყვირიან? იქნებ სამშობლოს დაცვის მაგივრად უფრო თავიანთი აგრესიის დახარჯვასა და მეგობრებისა თუ საკუთარი თავისადმი რაღაცის დამტკიცებას ცდილობდნენ? ქვეყნის ნამდვილი მშენებლები მშვიდობიანი და აუღელვებელი უნდა იყვნენ.

ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ასეთი ძალადობის ხელშეწყობამ ნამდვილად შემაწუხა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დემონსტრანტების გარკვეული ნაწილი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და დაფინანსებული, ოღონდ არ ვიცი ვისგან. დასავლეთის პრესის თვალში საქართველო არასახარბიელოდ გამოჩნდა. ზოგ ეს მოვლენა არ აინტერესებს, ზოგს არ მოსწონს, ზოგი კი პირიქით, გახარებულია შედეგებით. თუ სიმართლეა, რომ სახარების სწავლებაზე დაფუძნებული ეკლესია ასეთ თავდასხმებს უწყობდა ხელს, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. ფანჯრების მტვრევა ნამდვილად არ დევს სახარებაში. ამაზე მაგონდება 1970-იანი წლების ირანი, როცა რელიგიამ დიდი ზეგავლენა იქონია ქუჩის აქციებზე და მთლიანად პოლიტიკაზე.

ახლა მთავარი კითხვაა ის, თუ ვის და როგორ დააკავებენ. კანონდარღვევების ამსახველი უამრავი ვიდეომასალა არსებობს. ბოლო პერიოდში პროკურორებმა წინა ხელისუფლების ესა თუ ის ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ზოგი მაღალი რანგისაც. მათ შორის არავინაა ჩვეულებრივი მუშაკი. საერთაშორისო საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი, კერძო საუბრებში, აღნიშნული ყოფილი ჩინოსნებისადმი ლმობიერების გამოჩენას სთხოვენ ახალ ხელისუფლებას. თუმცა, (ზოგჯერ მკაცრი ტონით ნათქვამ) პასუხად იღებენ იმას, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის არავინაა კანონის ზემოთ და ყველას თანაბრად მოეპყრობიან. ტესტი მდგომარეობს იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება იმ ღვთისმსახურების მიმართ, რომლებმაც, სავარაუდოდ, კანონი დაარღვიეს? თუ ისინი კანონის ზემოთ ჩაითვლებიან?