სადაა ფული?
სადაა ფული?
დღეს ბევრი ლაპარაკობს ეკონომიკაზე, ფულზე. მაგრამ ქვეყანას რაღაც არ ეტყობა, რომ მასში ბევრი ფული ტრიალებდეს. როგორც ჩანს, შეკვეთები შემცირდა. ზოგიერთი უცხოური ინვესტიციების სიმწირეზეც ლაპარაკობს. თუმცა, მთავარი პრობლემა ამ ინვესტიციების სიმწირე არაა, არამედ ის, რომ საქართველოში მოქმედი ის ბიზნესები, რომლებიც ფულის სიმცირეს არ უჩივიან, ამ ფულს არ ხარჯავენ, არ დებენ ეკონომიკაში, არ აფართოებენ თავიანთ ბიზნესებს, არ ქმნიან ახალ საწარმოებს. ამის მიზეზი კი შიშია. მათ ეშინიათ ფულის გამოჩენის. მათ ეშინიათ ამის, რადგან
ბევრს ეს ფული სახელმწიფო ხელშეკრულებებით ჰქონდა გაკეთებული წინა წლებში. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს ხელშეკრულებები მოირღვა. ბევრი მართლა უცნაური  ხელშეკრულება იყო. მე ვგულისხმობ არა ტენდერებში გამარჯვებულ განაცხადებს, არამედ ტენდერების გარეშე, პირდაპირი წესით გაცემულ უზარმაზარ სახელმწიფო შეკვეთებს. ასეთი შეკვეთა ბევრი
იყო. ასეთი შეკვეთების გაცემა ყოველთვის ჩახლართული ისტორია იყო. მთავრობა უეცრად უფასოდ რაიმეს გაკეთებას რომ მოისურვებდა, ამას ვინმე ფულიან ბიძიას დაავალებდა. ცხადია, ამ საქმიდან ეს ბიძია თუ კომპანია სუფთა ზარალში იყო. ამიტომ მთავრობა მას სხვა ისეთ ვარიანტსაც "გაუჩალიჩებდა", რომელიც დაზარალებულ ბიძიას პირიქით მოგებას მოუტანდა და ზარალს გადაუფარავდა. მართალია, ფულიანი ბიძიები
ჩვეულებრივ არ მუშაობდნენ მთავრობაზე და ხშირად არც მოსწონდათ ასეთ სქემებში გარევა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან უარს ვერ იტყოდნენ. არა, უარი კი შეიძლებოდა, მაგრამ მტრისას რაც მერე მათ შეიძლება მოსვლოდათ. ზოგი ასეთი ბიზნესმენი შეკვეთას მეტი აღარ ღირსებია, ზოგიც საერთოდ დამშვიდობებია თავის ბიზნესს. ხოლო ის, ვინც ამ სამთავრობო სქემებში აქტიურად მონაწილეობდა, საკმაოდ დიდ ფულს აკეთებდა. აი, სწორედ ეს ხალხი არ ხარჯავს დღეს ფულს, რადგან ეს ფული მათ არა მთავრობასთან თანამშრომლობით, არამედ მათთან ერთად გააკეთეს.

ჰოდა, ახლა ეს ფული ან ქვეყნის გარეთ გააქვთ, ანდა შეიძლება სულაც სკივრში აწყობენ. მათ გულს ერთი კითხვა ღრღნის: ფული რომ გამოვაჩინო, ვინმე ხომ არ მოვა და ხომ არ "ამახევს"?

ხდებოდა ისეც, რომ სქემების ზოგ მონაწილეს მთავრობა დაუპატიჟებელ საგადასახადო ინსპექტორად ეწვეოდა ხოლმე და ფულს ხელახლა ააწაპნიდა - შენ რომ ჩვენი წყალობით ასეთი მოგება ნახე ან ცათამბჯენი აიშენე, ცოტა მეტი ფულის გაღება ნამდვილად არ გაწყენსო. ურჩების შემთხვევაში კი უფრო შორსაც მიდიოდნენ და მათ სისხლის სამართლებრივ დევნას უწყობდნენ. საერთოდ, ვინც ფულს აკეთებდა და მისი შერგების უფლებას იღებდა, ამ ფულს უმეტესად უძრავ ქონებაში დებდა, რომელსაც ზოგჯერ ოჯახის წევრისა თუ მეგობრის სახელზე აფორმებდა. ეს ფულის შენარჩუნების კარგი გზა იყო. თუმცა, დასაქმებასა თუ ეკონომიკურ წინსვლას არაფრით რგებდა. ახალმა ხელისუფლებამ ამას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან ახალ ბიზნესებში ქვეყნის შიდა ინვესტიციების ნაკლებობა მალე პრობლემად გადაიქცევა.

არადა, ასეთი პრობლემის გადაწყვეტა იოლი არ იქნება. თუ ვინმემ მთავრობის არაპირდაპირი ხელის წაკვრით სარგებელი ნახა, ეკისრება თუ არა მას ამაზე რაიმე პასუხისმგებლობა? რა ეკუთვნის მას, ციხის გისოსები თუ ფულის უკან დაბრუნება?
ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება თქვა ასეთი შემთხვევისთვის, არის ის, რომ ყველაფერს სასამართლო მიუჩენს თავის ადგილს. რა თქმა უნდა, ეს სწორი მიდგომაა - თუ რაიმე საკითხის გადასაჭრელად სასამართლოა საჭირო, საქმე სწორედ სასამართლოში უნდა წავიდეს. თუ ასეთმა ხალხმა ვინმეს ფული მოპარა, ვიღაცამ უნდა დაადგინოს, თუ
როგორ უნდა აღსდგეს სამართლიანობა. წესით ეს ვიღაცა მოსამართლეა ხოლმე. ამ საკითხის მეორე მხარეა დრო. ასეთი სასამართლო პროცესები ხშირად ძალიან დიდხანს გრძელდება და მათ დამთავრებამდე ქვეყანაში შიდა ინვესტიციებს თითო-ოროლა ადგილობრივი ფულიანი ბიძია თუ ჩადებს შიშის გარეშე.

ადრე კურიოზული ვითარება იქმნებოდა, როცა უცხოური ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ფორმალურად ისეთი შორეული კუთხეებიდან შემოდიოდა, როგორიცაა ვირგინიის კუნძულები, პანამა და სხვა ოფშორული ზონები. ცხადია, სინამდვილეში ფული სულ სხვა ადგილებიდან მოდიოდა - ძირითადად, რუსეთიდან ანუ რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან ან თვითონ რუსებისგანაც, რომლებსაც არ სურდათ მათი ინვესტიციების წარმომავლობა ვინმეს გაეგო. ზოგჯერ ეს ინკოგნიტო ფული იმავე საქართველოდან იყო. ანუ ფული წრეზე, "შალითა" კომპანიების ჯაჭვით, კვლაც საქართველოში ბრუნდებოდა, ოღონდ გზაზე "ეროვნებას" კარგავდა. ცხადია, ეს არ იყო ნამდვილი უცხოური ინვესტიცია, ანუ ინვესტიცია, რომლის მესაკუთრეც ნამდვილი,რეალური უცხოელი ან უცხოური კომპანია იყო და რომელიც ნამდვილად მომართული იყო მასზედ, რომ საქართველოში ინვესტიცია ჩაედო. ასეთი ნამდვილი ინვესტიციების მხრივ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. ვითარებას კიდევ უფრო ამღვრევს ის, რომ ორიოდე წლის წინ წინა ხელისუფლებამ უცხოური ინვესტიციის განსაზღვრება უფრო ფართო გახადა, რადგან მასში უცხოურ მფლობელობაში მყოფი კომპანიების მიერ საქართველოში მიღებული მოგებაც შეეტანა და ამით უცხოური ინვესტიციები არარეალურად გაზრდილად წარმოეჩინა. მაგრამ მერე თვითონვე გაუჭირდა ასეთი ახალი ტიპის ინვესტიციების აღრიცხვა.

კითხვები ჯერჯერობით რჩება და ინვესტორებიც ალბათ ლოდინის რეჟიმზე არიან. მაგალითად, ელოდებიან, თუ როგორი იქნება შრომის ახალი კოდექსი, რომლის პირველი პროექტი აშკარად ანტიინვესტორული იყო. კიდევ კარგი, პროექტი პარლამენტში აუჩქარებლად გადიოდა მოსმენებისა და განხილვების სერიას. შემდეგი პრობლემა: წლებია, რაც საქართველოში კონკურენციის კანონი არ არსებობს.
ასეთი კანონის შემოღება ინვესტიციებს დიდად შეუწყობს ხელს. კიდევ ერთი მომენტი: ახლანდელმა საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაციის სათანადო უნარი გააჩნია. ეს ძალიან
კარგია, თუმცა, ბევრი ინვესტორი ალბათ კიდევ რამდენიმე თვე ანუ საპრეზიდენტო არჩევნების ჩავლასაც დაელოდება, სანამ ყველაფერი დაწყნარდება. ეგ კი არა და ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება შემდეგ წელს ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებამდეც კი მოიცადოს.
ისე, ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ და საინტერესოა, რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ფონდს? ეს ბევრს აინტერესებს. ზოგი ამბობს, რომ ივანიშვილი ამ თანხებს სოფლის მეურნეობაში ჩადებს. როცა საქმე წარმოების რაიმე სფეროში დიდ ინვესტიციას ეხება, ყოველთვის ისმის კითხვა: მერე კონკურენტებს რა მოუვათ? როგორ მოექცევიან მათ პოლიცია და საგადასახადო - ისე, როგორც ისინი პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ ინვესტიციას მოექცევიან?

მოკლედ, ბუნებრივია, რომ ყველაფრის დასალაგებლად დროა საჭირო. ჩვენ საქართველოში არჩევნების გზით ძალაუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემის პროცესის ჯერ კიდევ შუაში ვიმყოფებით. აი, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების
შემდეგ კი ეს პროცესი დასრულებულად ჩაითვლება. ჯერჯერობით, პროცესი საკმაოდ კარგად მიდის. როგორც უცხოელი, ისე შინაური ინვესტორების ინტერესი სწორედ ამაშია - თუ რამდენად უპრობლემოდ წარიმართება ის, იქნება თუ არა სათანადოდ უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, დაცული იქნება თუ არა ქცევის წესები და სტაბილურობა. დადებითი საინვესტიციო კლიმატი დიდად იქნება დამოკიდებული შურისძიებებისა თუ შერჩევითი სამართლის შემთხვევების თავიდან აცილებაზე.

იხ. სტატიის ინგლისური ვერსია

kikilo
01 ივნისი 2013 20:55
გადაღებეთ მაინც ეს კაცი.
gio
01 ივნისი 2013 16:23
ეს მასხარა ტიპი დამალეთ რა სადმე . პატრონი არ ყავს?
ლოთი ქობალია
31 მაისი 2013 22:28
მიდი მარკ მიაწექი...კაი კაცი ჩანხარ

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები