უგზოუკვლო ექსპერტების მოსაწყენი საუბრები - საით მიდის საქართველო? - კვირის პალიტრა

უგზოუკვლო ექსპერტების მოსაწყენი საუბრები - საით მიდის საქართველო?

დღეს ქართულ მედიაში ყველაზე ხშირად საქართველოს ორიენტაციის თემა განიხილება. ამას ვერ გაექცევი. ქართული მასმედიის დიდი ნაწილი ე.წ. თოქ-შოუებზე მოდის. თოქ-შოუს წამყვანი იწვევს ერთ ან რამდენიმე სტუმარს და ისინი ერთად განიხილავენ ამა თუ საკითხს. ეს განხილვები ჩვეულებრივ საქართველოს ორიენტაციის საკითხით მთავრდება. ხშირად კი, მისით იწყება კიდეც. ლაპარაკობენ იმაზე, თუ საით მიდის საქართველო, ანდა იმას, თუ რას ფიქრობს საქართველოს ამჟამინდელი გეზის შესახებ ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი ან ყოფილი პოლიტიკოსი. ჩემთვის ასეთი საუბრები მოსაწყენი და უაზროა.

ეს განხილვები ასეთი ხშირი რამდენიმე მიზეზითაა. პირველი მიზეზი: საქართველოს მრავალი მოქალაქე შიშობს, რომ ქვეყანას რაღაც მიმართულება აქვს არჩეული და ძირითადად ბუნებრივად გამოდის ასე; სხვების აზრით, ქვეყანას სხვა, უფრო დიდი ძალა აკონტროლებს და ამიტომ არჩევანი არა აქვს, რაღაც ორიენტაცია მაინც უნდა ჰქონდეს _ ან რუსეთი ან დასავლეთი. ამჟამად მიჩნეულია, რომ საქართველო დასავლეთზეა ორიენტირებული. ზოგ პოლიტიკოსს აბრალებენ, რომ მათ ამ მიმართულების ჩრდილოეთზე გადატანა უნდათ. ეს ძალიან სპეკულაციური საკითხებია და მათ განხილვებსაც შესაბამისად სპეკულაციის სუნი უდით. იოლია ამ დროს შეთქმულებაზე ეჭვის მიტანა და ამა თუ იმ პირთან მეორე პირის უბრალო კავშირის კრიმინალიზაცია. სხვა ვარიანტია, თუ ორიენტაციის მაგივრად პრაქტიკულ საკითხებზე მოხდება კონცენტრირება.

საქართველოს მოსახლეობისთვის შეიძლება ყოველდღიური მნიშვნელობის ნაბიჯებისა თუ გარემოებების განხილვა უფრო საინტერესო იყოს. ეს არის სწორედ იმის მეორე მიზეზი, თუ რატომ არის ასე პოპულარული ორიენტაციაზე განხილვების წარმოება. ასეთ საკითხებზე არავინ ემზადება, არ აწარმოებს წინასწარ გამოკვლევას. მათი ხშირი განხილვა რომ ყოფილიყო, ზოგი მაინც დაიწყებდა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ამ საკითხების ისტორიაში ჩაძიებას, ნახავდა თუ რას ამბობს კანონი, როგორ ასრულებს მას ხალხი ამა თუ ქვეყანაში. მოკლედ, იმუშავებდა. ცხადია, შეთქმულებებზე ლაყბობას და მედიაში თუ ვერანდაზე განზოგადებების კეთებას რაიმე წინასწარი მომზადება არ სჭირდება.

მესამე მიზეზი ექსპერტობის კულტია. ქართული მედია ექსპერტებსა და ლიდერებსაა გამოკიდებული. ლიდერი რაღაცას იტყვის თუ არა, მედია ბედნიერია. შინაარსს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ლიდერის ბაგეებს რაღაც აღმოხდა. ქართულ მედიაში მიღებულია, რომ ის, რასაც ინფორმაცია ეწოდება, მოდის მხოლოდ ლიდერებისა და ექსპერტებისგან. ინფორმაციას ყავლი არც ექს-ლიდერების ხელში გასდის. იტყვის თუ არა ლიდერი რაღაცას, ჟურნალისტები ექსპერტებთან მიქრიან და ამ ნათქვამზე პირველ კომენტარს პირდაპირ ჰაერში იჭერენ. ყოველთვის ღიმილის მომგვრელია, როცა საქართველოში გაზეთები თავიანთ პირველ გვერდებზე დღენიადაგ ადამიანების თავების კოლექციას დებენ _ ლიდერებისა და ექსპერტების სახეებს. მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ექსპერტი მართლაც ექსპერტია, რადგან ის ერთ კონკრეტულ საკითხზე მუშაობს. საქართველოში კი სულ სხვა სისტემაა: მოდის მედია და ერთ ღამეში უგზოუკვლო ექსპერტად გრაცხავს. მორჩა, უკვე ექსპერტი ხარ, ყველაფრის ექსპერტი. ალბათ გრძნობ, არა? აღნიშნული განხილვების მეოთხე მიზეზია კომპლექსი, რომელიც ზოგიერთ იმ პატარა ერს ახასიათებს, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ცხოვრობდა ოდესღაც. საქართველო ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შეგუებია დამოუკიდებლობას. ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ხანში შესულებს, ჰგონიათ, რომ საქართველოს მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი აქვს გადასაწყვეტი _ ის, თუ რომელ გუნდზე ითამაშოს; ფიქრობენ, რომ საქართველო თუ ამის გაკეთებას შეძლებს, ყველაფერ დანარჩენს თავისი ადგილი ასე თუ ისე მიეჩინება. ჰმ, მიჭირს ამის დაჯერება. ჩემი აზრით, დამოუკიდებლობა პატარა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მრავალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას ქმნის. ამ დროს პატარა, რეალური საკითხები უფრო მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი მკაფიოდაა მიბმული ორიენტაციაზე. მაგალითად, ასეთია სკოლაში სავალდებულო სასწავლ ენად რუსულის მაგივრად ინგლისურის გამოცხადება. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მის შედეგებს ათწლეულების განმავლობაში მივიღებთ.

მაგრამ ეს პრობლემა რატომღაც უფრო ნაკლებად განიხილება, ვიდრე, მაგალითად, ნატო. საჭიროა, უფრო მეტი დრო გამოვყოთ ჩვენს ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე ფიქრისთვის, მათი უფრო ფართოდ გაშუქებისკენ ვუბიძგოთ მედიას. ეს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპია. შესაბამისად, მხოლოდ ავტოკრატიები ან სუსტი დემოკრატიები ხარჯავენ თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს გარე საშიშროებებისა თუ აბსტრაქტული ორიენტაციის განხილვებზე, რადგან ამ გზით ისინი თავიანთ ნამდვილ სახეს ფარავენ. თუ ჩვენ პატარა საკითხებზე სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ორიენტაცია ადრე თუ გვიან თვითონვე ჩადგება სათანადო კალაპოტში.

იხ. სტატია ინგლისურად georgianews.ge-ზე