ირანი და საქართველოს მომავალი - კვირის პალიტრა

ირანი და საქართველოს მომავალი

გასულ კვირას ირანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თუმცა, ქართულ ახალ ამბებში მას ძალიან მოკრძალებული ადგილი ეკავა. ეს არჩევნები ჩვეულებრივ საერთაშორისო ამბად წარმოჩინდა. ისეთად, როგორიც იყო ობამას რაღაც განცხადება, შვეიცარიაში გამართული რაღაც შეხვედრა, სირიაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, წყალდიდობა პარაგვაიში თუ ბანგლადეშში. მოკლედ, უცხოური ახალი ამბები კონტექსტის გარეშე გადის, არ ხდება იმის თანამდევი ახსნა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს თითოეული მათგანი საქართველოსთვის.

ირანი დიდი და რთული ქვეყანაა. მასზე საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში რომელზეც სუსტი წარმოდგენა აქვთ. აუცილებელია ზოგიერთი მომენტის ცოდნა: ირანის პრეზიდენტი ქვეყანას არ განაგებს. სადავეები აიათოლას ხელშია. ამიტომ ამ არჩევნების მნიშვნელობა იმით კი არ განისაზღვრება, რომ პრეზიდენტი ყოვლისშემძლეა ან გარკვეული ძალაუფლებით სარგებლობს, არამედ იმით, რომ ის არის საზოგადოების განწყობის ინდიკატორი. ამას რელიგიური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს, ყოველ შემთხვევაში 2009 წლიდან მოყოლებული. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს აიათოლამ რამდენიმე პოპულარული კანდიდატი დაბლოკა და არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებინა. ამის გამო რეფორმებზე ორიენტირებულმა ამომრჩევლებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და შედეგად აჰმადინეჯადმა გაიმარჯვა. ის პატარა ქალაქიდან ამოზრდილი წარმატებული პოპულისტი იყო, რომელსაც არ ჰქონდა სიახლოვე რელიგიურ მმართველობასთან და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აგრესიული გამოხდომები ახასიათებდა. 2009 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა არჩევნები მოიპარა და აჰმადინეჯადს მეორე ვადით პრეზიდენტობა უბოძა. ამ თაღლითობამ მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია და ირანის მთავრობის ლეგიტიმურობას ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა სამოცდაათიანი წლების რევოლუციის შემდეგ. მოკლედ, სადავეები აიათოლას ხელში იყო, მაგრამ აჰმადინეჯადი არასდროს ყოფილა მისი სრული მონა-მორჩილი.

ამჯერადაც აიათოლამ რამდენიმე რეფორმისტი კანდიდატი დაბლოკა და მხოლოდ ერთ მათგანს მისცა მწვანე შუქი - ჰასან როუჰანის. ის ღრმადგანათლებული პიროვნებაა. შოტლანდიის უნივერსიტეტიდან სამართლის დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული. ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე, მათ შორის, ინგლისურად. ის კანდიდატებს შორის ერთადერთი სასულიერო პირი იყო. გააკეთა რამდენიმე განცხადება ირანის ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობის, პოლიტიკური პატიმრებისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით. ათი წლის წინ ის ბირთვული პროგრამის მთავარი სპიკერი იყო და ამიტომ კარგად იცის, რას ამბობს ამ საკითხზე. მოსახლეობამ არჩევნებში აქტიური მონაწილეობა მიიღო. როუჰანიმ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი დააგროვა, რაც ამომრჩევლის მიერ საკმაოდ ძლიერი ნდობის გამოხატულებაა.

რა თქმა უნდა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები საკმაოდ მტკივნეულია ირანისთვის. არსებობს იმის მოკრძალებული ალბათობა, რომ ირანის მთავრობამ თავი დაანებოს ბირთვული იარაღის პროგრამას. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებები უშედეგო იყო და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აჰმადინეჯადი იყო. დღეს ირანში ახალი მთავრობა მოდის. ამიტომ იზრდება იმის შანსი, რომ მას სხვანაირი შეხედულება ექნება ამ პროგრამაზე და რაიმე სახის გარიგებას დათანმხდება. ამასთან, ირანი კარგად ხედავს ისრაელის მხრიდან ირანის დაბომბვის მზარდ საშიშროებას, რაც ამერიკელებსა და ევროპელებსაც კი აშფოთებს. თუ ასეთი გარიგება მართლაც შედგა, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის.

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად იქცა იმ ირანელებისთვის, რომლებსაც არ სურთ ისლამურ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ არც სამშობლოსთან მჭიდრო პირადი თუ ბიზნეს კავშირების დაკარგვა უნდათ. რა თქმა უნდა, ირანელი "ექს-პატები" ბევრგან არიან - დუბაიში, სტამბოლში, პარიზში, ლოს-ანჯელესში. თუმცა, მათთვის, ვისაც ხშირად სჭირდება წინ და უკან სიარული, საქართველო კარგი არჩევანი იქნება.

ამჟამად ამერიკის სანქციების გამო, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში მოქმედ ბანკებს უჭირთ ირანელებთან ბიზნესის წარმოება. თუ აღნიშნული გარიგება მიღწეულ იქნა, მაშინ ირანის დიდ კაპიტალს შეზღუდვა მოეხსნება და საქართველოშიც დაიწყება მისი ინვესტირება. როუჰანი ციხეებიდან ხალხის გამოშვებაზეც ლაპარაკობდა. ამჟამად ირანის ციხეებში ათასობით პოლიტპატიმარი იხდის სასჯელს. მათი გამოშვების საკითხის გადაწყვეტა ახალი მთავრობის სერიოზული მისწრაფებების ნამდვილობის ტესტი იქნება. თუმცა, არავინ ელის, რომ ამერიკელები ბირთვული იარაღის საკითხის დონეზე აიყვანენ ირანში ადამიანის უფლებების დაცვას.

1801 წლამდე ირანი საგრძნობ როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში. ამ თარიღის შემდეგ ირანში დღემდე მიმდინარე მოვლენების შესახებ საქართველოში თითქმის არაფერი იციან - მაგალითად, 1906 წლის კონსტიტუციური რევოლუციის, მოსადექის ანდა შაჰის შესახებ. საინტერესო და ღირებული იქნება ამ ისტორიის გაცნობა, რეგიონზე მისი ზეგავლენის გაგება. საქართველოს მთავრობამ ფრთხილად უნდა აწარმოოს თავისი პოლიტიკა ირანის მიმართ და ყოველთვის მზად უნდა იყოს სწრაფი მოქმედებისკენ საჭიროების შემთხვევაში. ირანში რამდენიმე დღეა, რაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. თუმცა, ირანის მიმართ საქართველოს პოლიტიკას ჯერ არაფერი დატყობია.

როცა საქართველოსა და ირანზე ვფიქრობ, მახსენდება ადრეული ოთხმოცდაათიანი წლები, როცა საქართველოში მცირე გადაადგილებაც კი სახიფათო იყო და რის გამოც ზოგიერთი უამრავ თავისუფალ დროს ინგლისურის სწავლაში ხარჯავდა. მათ ეს შრომა კარგად აუნაზღაურდათ. იმ დროს ინგლისურად მოლაპარაკე ხომ ძალიან ცოტა იყო. დღეს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ენები კვლავ ქართული, ინგლისური და რუსულია. თუმცა, ისინი, ვისაც უცხო ენების სწავლა უყვარს ან პრაქტიკულ სარგებელს ეძებს მათ დაუფლებაში და მეოთხე ენის შესწავლაზე ფიქრობს, ჩვეულებრივ გერმანულ, ფრანგულ ან ესპანურ ენებს აპყრობენ მზერას. მე მათ სპარსულზე ფიქრსაც ვურჩევდი.

ახლა კარგი დროა ირანში სტუმრობის, ირანელების გაცნობისა და მათთან აზრების გაცვლისთვის. განსაკუთრებით იმ ირანელების, რომლებიც საქართველოში უკვე ხშირად ჩამოდიან. მოკლედ, ირანი უძველესი და უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, ქართველები ირანელებთან მოსალოდნელზე მეტ საერთოს აღმოაჩენენ. მაშინ, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფრო და უფრო ძლიერი ხდება და ქართულ პოლიტიკაშიც ხდება მისი მონაწილეობა, ირანელებს, როგორც ამ მხრივ გამოცდილ ხალხს, შეეძლოთ თავიანთი აზრი ეთქვათ პოლიტიკაში რელიგიის ორგანიზებული ჩართვის შესაძლო შედეგების შესახებ და რა მოიტანა ამან ირანში.