იცით, ვინ გვჭირდება? საზ. სივრცის ომბუდსმენი!
იცით, ვინ გვჭირდება? საზ. სივრცის ომბუდსმენი!
ისე გამოვიდა, რომ შაბათს უცხოელ ჟურნალისტთან ერთად რუსთაველიდან გია ჭანტურიას ქუჩაზე დავეშვი. ალექსანდროვის ბაღისკენ გვქონდა გეზი აღებული. იქვე, ლიტერატურის მუზეუმთან ტროტუარზე იმდენი მანქანა იყო პარკირებული, რომ მათთვის გვერდის ასავლელად სავალ ნაწილზე ჩასვლა მოგვიწია. როცა პარკში შევედით და გრძელ სკამზე ჩამოვსხედით, უმალ დაცვის ორი თანამშრომელი მოგვიახლოვდა და გვაცნობა, რომ ნებართვის გარეშე ინტერვიუს მიცემა-ჩაწერა აკრძალული იყო. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ნათლად დამანახა, თუ რამდენად დაუცველები ვართ საზოგადოებრივ სივრცეში ყოფნისას და რამდენად დაუცველია
თვით საზოგადოებრივი სივრცე საქართველოში.

რატომღაც ზოგს ჰგონია (ალბათ საბჭოთა მენტალიტეტის ნარჩენი გამოვლინებაა ეს), რომ უფლება აქვთ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხალხს მითითებები მისცენ, ასე და ასე მოიქეცი ან ამას ნუ გააკეთებო. როცა დაცვას შევეკითხე, თუ რა კანონი ირღვეოდა ინტერვიუს მიცემით, მათ მიპასუხეს ის, რასაც ჩვეულებრივ ამბობენ
ხოლმე - რომ მათ არ იცოდნენ, რომელ კანონზე იყო საუბარი და რომ ისინი უბრალოდ მათი ბოსის ბრძანებას ასრულებდნენ. საინტერესო ის იყო, რომ მათ არც თავიანთი ბოსის სახელი იცოდნენ(?). სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებრივი სივრცე მათ ეკუთვნით. მსგავსად მასპინძლისა, რომელიც სახლში შემოსულ სტუმრებს ფეხსაცმლის გახდას სთხოვს. ანალოგიურად თუ დაცვის პოლიციის უფროსი გადაწყვეტს, რომ ხალხს უფლება არა აქვს უნებართვოდ ინტერვიუები არიგოს პარკში, მას მართლა ვერაფერი შეაჩერებს. ეს იმიტომ, რომ დაცვის თქმით, პარკში კამერა იყო. შევეკითხე - დაშვებული იყო თუ არა მშობლების მიერ საკუთარი შვილის გადაღება. კიო, მიპასუხეს. მაშინ , ეს ოპერატორი, მე რომ მიღებს, მამაჩემი რომ იყოს, მას ხომ ექნება უფლება, გადამიღოს-მეთქი. მართლა სულელური სიტუაცია გამოვიდა.

იგივე შეიძლება ითქვას ტროტუარებზე. ვინ ზრუნავს მათზე? ტროტუარებზე ბევრი აყენებს მანქანას და ამაზე არავინ წუხს მთავრობაში. წესით ტროტუარზე მანქანის დაყენებისთვის და შესაბამისად ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების შეფერხებისთვის ჯარიმები უნდა იწერებოდეს. მაგრამ რადგანაც ტროტუარები ასე გადახერგილი რჩება, გამოდის, ან ჯარიმებია არასაკმარისად დიდი ან დაჯარიმება არ ხდება საკმარისი რაოდენობით. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი შენობა ტროტუარზეა გამოწეული. ბევრი ისეთი ახალი შენობა შენდება, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეს რაღაცნაირად ავიწროვებს და ამაზე პასუხი არავის მოეთხოვება.

აიღეთ აგრეთვე საზოგადოებრივი პარკები და ბუნებრივი ნაკრძალები. აქ ხშირად ჭრიან ხეებს ან საზოგადოებრივ ადგილებს ამა თუ იმ კერძო ინტერესით იყენებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ არავინ აქცევს დიდ ყურადღებას ასეთ დარღვევებს, მკაფიო ამკრძალავი კანონის არსებობის მიუხედავად. მათ, ვისაც ამ სივრცეების კონტროლი ევალება, არა აქვთ ამის ან უნარი ან ინტერესი.

საბჭოთა მენტალიტეტი ვახსენე ზემოთ. ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფოს მიერვე დანერგილი პრინციპი, რომ აკონტროლოს ყველაფერი, რადგან ეს სახელმწიფოს მოვალეობაა. ამ დროს, ინდივიდებს შესაბამისად არავითარი პასუხისმგებლობა არა აქვთ. გასაკვირი არცაა, რადგან მათზე სახელმწიფო ზრუნავს. სულ ამ მენტალიტეტზე ვიწყებ ხოლმე ფიქრს, როცა სერიოზული თანამდებობის პირები თავიანთ შავფანჯრიან გიგანტურ მანქანებს კანონდარღვევით აყენებენ ტროტუარებზე ან როცა დაცვის პოლიციის რომელიმე უსახელო ბოსი "თავის" პარკში ქცევის რაიმე სულელურ ნორმას აწესებს.

ცხადია, ხშირად ეს პრობლემა არა იმდენად საბჭოთა მენტალიტეტს, რამდენადაც ჩვეულებრივ კორუფციას უკავშირდება. მას ბევრგან შევხვდებით. მაგალითად, მუშტაიდის პარკში. აქ ძალიან ნათლად ვხედავთ, თუ რა იოლად მოხდა კერძო ინტერესებისთვის საზოგადოებრივი სივრცის შეწირვა. ეს არის იმის პირდაპირი შედეგი, რომ ოფიციალური პირები ამ პარკს თავიანთ საკუთრებად თუ რაღაც მსგავსად თვლიდნენ. ისე იყვნენ დარწმუნებული თავიანთ ძალაუფლებაში, რომ პარკი მეგობარს უბოძეს.

იცით, ვინ გვჭირდება? საზსივრცის ომბუდსმენი! ადამიანი, რომელიც იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ საზსივრცის დაცვაზე! რომელიც შეისწავლის ნებისმიერი პირის, მათ შორის ბიზნესისა თუ თვით სახელმწიფო წარმომადგენლის მიერ, საზსივრცის შელახვის ფაქტებს. მკაფიოდ უნდა იყო გამიჯნული საზსივრცის ფარგლები და არავის უნდა მიეცეს უფლება, კერძო საკუთრებად აქციოს მისი თუნდაც უმცირესი ნაწილი. არავინ არ უნდა შეეხოს პარკებს, ტროტუარებს და ნებისმიერ სხვა სივრცეს, რომელსაც საზოგადოება ფლობს და იყენებს. სამწუხაროდ, რეალობა სხვაა. ასეთმა დარღვევებმა საქართველოში კატასტროფულად იმატა. კანონს არღვევენ როგორც კერძო პირები, ისე სახელმწიფოს წარმომადგენლები. მართალია, ეს მზარდი პრობლემა საქართველოს მოქალაქეთა საზრუნავია, მასზე ხშირად მიუთითებენ უცხოეული სტუმრები. ანუ ასეთი ვითარება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს საგრძნობ ზიანს აყენებს.

დაბოლოს, ერთი რეკომენდაცია ჟურნალისტებს. როცა შემდეგ ინტერვიუს დაგეგმავთ, წადით რომელიმე პარკში. ნურავის დაეკითხებით ნებართვას. ნებისმიერ მოქალაქეს კი მოვუწოდებ, რომ აიღოს კამერა ან ხმის ჩამწერი ან სმარტ-ფოუნი და მასზე მეგობართან ინტერვიუ ჩაწეროს რომელიმე პარკში. თან არ იჩქაროს, გულმოდგინედ გააკეთოს საქმე. ხოლო მათ, ვინც ტროტუარებზე ხშირად დადის (ანუ ყველა მოქალაქეს), ვურჩევდი, ამ დროს ყოველთვის თან იქონიონ ფურცელი და კალამი, რომ ტროტუარზე მდგარ ყოველ მანქანაზე (საქარე მინაზე) დატოვონ თხოვნა, რომ შემდეგში ამ მანქანის პატრონმა აღარ აირჩიოს ტროტუარი პარკინგის ადგილად. ამაზე მეტს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. დანარჩენი მთავრობის მარიფათზეა. ეს მისი უშუალო მოვალეობაა, უზრუნველჰყოს ჩვენი უფლებები და მოთხოვნები საზსივრცეზე.
ალექსი
05 ივლისი 2013 12:20
ამ ”საზოგადოებრივ სიცრცეში” დამატებით ”სტაიანშიკები” გართმევენ ფულს. თუ არ მიეცი გინებას დაიმსახურებ. ყველაფერ ამას კი პატრული, პოლიცია და მერია მშვიდად უყურებს. თითქოს არაფერი ახდებაო. არადა ე.წ. ”პარკინგში” წელის განმავლობაში 50 ლარს ვიხდით. რეკეტია ტიპიური, მცირე მოცულობის ოღონდ.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები