ისწავლეთ პატიება და მონანიება - კვირის პალიტრა

ისწავლეთ პატიება და მონანიება

საქართველოს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა დღემდე სხვადასხვა განზომილებიდან ელაპარაკება ერთმანეთს, ეს სულ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. 2004-2012 წლებში ხდებოდა როგორც ცუდი, ისე კარგი. ამ ცუდი ამბების გამო იყო, რომ ”ქართულმა ოცნებამ”არჩევნები მოიგო. თუმცა, წინა ხელისუფლებას მაინც არ სურს ამაზე ლაპარაკი, არ უნდა პატიება ითხოვოს. როგორც ჩანს, შეიძლება არც არასოდეს აღიაროს, რომ ამ ცუდი ამბების უმეტესი ნაწილი მართლაც მოხდა. სამაგიეროდ, ისინი სულ იმას ჩივიან, რომ ”ქართული ოცნება”სათანადო დროს არ უთმობს მათი ანუ წინა ხელისუფლების მიღწევების გაშუქებას.

ეს ”ქართულ ოცნებას”რთულ მდგომარეობაში აყენებს. საქართველოს ამ საკითხებზე შეჩერება მეტი აღარ სჭირდება. ახლა მთავარია ეკონომიკის განვითარებასა და ბევრ სხვა საკითხზე მუშაობა. ამისათვის აუცილებელია, ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა აღიარონ ის, რასაც საქართველოში ხალხის უდიდესი ნაწილი აღიარებს - კერძოდ ის, რომ ისინი ხშირად არაეთიკურად იქცეოდნენ, რაც ზოგჯერ (ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის) წესრიგის ფარგლებს სცილდებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მმართველი გუნდის ზოგ წევრს ამ საკითხზე შეჩერება ნამდვილად მეტი აღარ უნდა, მაგრამ ზოგი თავს ვერ აკლებს შურისძიების ასეთ დიდ სიამოვნებას.

ყოფილი მმართველი გუნდისა და მათი მოკავშირეების მესიჯი არის ის, რომ ამჟამად მიმდინარე დაკავებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ნაწილობრივ ასეცაა. თუმცა, საერთო ჯამში, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეხედავ მოვლენებს. მოკლედ, ეს იოლი საკითხი არაა. თუ ცალკეული ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც აღნიშნულ კანონდარღვევებს ზედამხედველობდა და რომელიც საქართველოდან დღემდე არ გამგზავრებულა, არ აღიარებს თავის დანაშაულს, მაშინ ერთადერთი რეალური გამოსავალი სასამართლო იქნება. ამ პირებს რომ ეღიარებინათ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და პატიება ეთხოვათ, ალბათ მაინც მოუწევდათ სასამართლოს წინაშე წარდგომა, მაგრამ მათი საქმეები უფრო ნაკლებ პოლიტიზირებული გახდებოდა, რადგან ყველაფერი ისტორიის ერთ გვერდზე მოთავსდებოდა და ერთი გადაფურცვლით ჩამოტოვებული იქნებოდა. სამწუხაროდ, მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდა. არავინ აღიარებს თავის შეცდომებს და თვითაღიარების ამ რეჟიმში არავინ ყვება ერთ წვეთ სიმართლეს. ამის გამო ახალი ხელისუფლება სიმართლის დასადგენად ყველა სხვა შესაძლო მეთოდის გამოყენებას ცდილობს.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დაუსჯელობის ბილეთს მოითხოვენ. მიზეზს არ იკითხავთ? თურმე, ისინი ახლა რომ ოპოზიციაში არიან, ეს მათთვის სამართლებრივი იმუნიზაცია ყოფილა. მათ სულ არ ახსენდებათ, რომ თავიანთი ზეობის ხანაში მსგავსზე არც კი აფიქრებინებდნენ ოპოზიციას. საქმეს არ ამარტივებს ის ფაქტი, რომ როგორც ყოველთვის საქართველოში პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციას თავისი წილი დამოუკიდებლობა აქვს და საჭიროებისდა მიხედვით შეიძლება პოლიტიზირებულიც იყოს. წინა ხელისუფლების დროს პროკურორებს თითქმის განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდათ. მოჰყავდათ ხალხი და მათგან აღიარებებს იძულებით იღებდნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმ ხალხიდან ვინ იყო დამნაშავე და ვინ - არა. პრობლემებისა და უსამართლობის მიუხედავად ის მაინც უხმაუროდ და ეფექტურად მართული სისტემა იყო, რომელსაც ამის გამო საერთაშორისო დონეზე მცირე ყურადღება ექცეოდა. დღეს ერთ-ერთი პრობლემა არის სწორედ ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც დიდად თავს არ იწუხებდა წინა ხელისუფლების ამა თუ იმ ნამოქმედარის კრიტიკით, ახლა საკუთარი თავის ტყვეა და ამ სირცხვილის გაქარვებას ახალ ხელისუფლებაზე თავდასხმებით ცდილობს.

ბოლო წლებში საშუალო დონის პროკურორებიც კი სერიოზული ძალაუფლების მატარებლებად იყვნენ ქცეული. დღეს პროკურატურა თვითონ წყვეტს, ვინ და რა დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. იმასაც ვხედავთ, რომ ფინანსურ პოლიციას დიდი ძალაუფლება აქვს, რაც არავითარ კავშირში არაა იმასთან, თუ რამდენად კომპეტენტურად იყენებს ის ამ ძალაუფლებას. მთავრობა ფეხს ითრევს და არ ერევა, რადგან დაკავებებს პოლიტიზირებულად არ მიიჩნევს. არადა, ეს მოვლენები ნამდვილად პოლიტიზირებულია. მოკლედ, ვითარება რთულია. უნდა მისცეს თუ არა ქვეყნის ხელმძღვანელობამ პროკურორებსა და ფინანსურ ინსპექტორებს ნება, რომ სამუშაო რაღაცნაირად თვითონ გაქაჩონ იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან ზოგიერთი სასამართლო პროცესის დაწყებას მაინც დაადგება საშველი? რისი იმედი აქვთ, როცა ეს საქმეები სინამდვილეში იმ სასამართლო განხილვებამდე ვერ მიჰყავთ და წრეზე დადიან უსასრულო დაკავებებითა და დაკითხვებით? ხომ არ დადგა იმის დრო, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა მმართველობამ უფრო მეტი კონტროლი დააწესოს ამ საკითხებზე? სანამ პრობლემა არ გართულებულა, ჯობია, რამე მოიმოქმედოს და შეწყვიტოს თავის მოკატუნება, თითქოს პრობლემა სუფთად ტექნიკური ბუნებისაა.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ ზედამხედველობს ამ პროცესს. წინა სისტემაში გადაწყვეტილებების მიმღები პრეზიდენტი იყო. თანაც ისე, რომ ის გადაწყვეტილებები იშვიათად იყო დაფუძნებული წერილობით ან დეტალურ ანალიზზე და კაპრიზებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელმძღვანელი პირის ღრმა ნაფიქრს. გადაწყვეტილების მიღება და შესრულება ხდებოდა ელვისებურად. შესრულების კოორდინაციას პრემიერ-მინისტრი ახდენდა. მისი ძალაუფლებით მინისტრი მინისტრს ელაპარაკება, ხდებოდა გადაწყვეტილებების შეძლებისდაგვარად პროფესიონალური განხილვა. და მაინც, რეალურად ვინ უზრუნველყოფდა ასეთი საქმეების უხარვეზო წარმოებას, სხვადასხვა სამინისტროსა და ჯგუფს შორის კომუნიკაციას და მათი ურთიერთპასუხისმგებლობების აღიარებას, ძნელი გასაგებია. ფინანსთა მინისტრი, რომელიც ამდენ თანხებს ზედამხედველობდა? ან იქნებ ვიცე-პრემიერები? ალბათ არა. ეგენი პოლიტიკურ ფიგურებად უფრო არიან დანიშნული, ვიდრე ეფექტურ მენეჯერებად. დღეს პროკურორებისა და ფინანსური ინსპექტორების შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს არ გააჩნია არავითარი როლი მათ მიერ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეების კონტროლში. თუ ქართული მედიით ვიმსჯელებთ, პროკურორებსა და ფინანსურ ინსპექტორებზე ამჟამინდელი მთავრობის საქმიანობების 80% მოდის. ამ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე კონტროლის უფლება-მოვალეობა კი, როგორც ჩანს, არავის აქვს.

საქართველოში პატიების თხოვნა არატიპური მოვლენაა. არადა, პატიების თხოვნისადმი დამოკიდებულება საქართველოში პოლიტიკაზე დიდი ზემოქმედების მქონე ფაქტორი იქნება უახლოეს პერიოდში. ყოფილი მმართველი გუნდი გაათვითცნობიერებს, რომ პოლიტიკაში თავიდან შესასვლელად პატიოსნად უნდა აღიარონ ის, რაც მოხდა და როგორც მოხდა მათი ზეობის დროს. კი, ზოგი ამას არ იზამს და ბოლომდე შეეცდება თავისი პოზიციის დაცვას, რის გამოც პოლიტიკურად - ასე ვთქვათ - არარელევენტური გახდება. მმართველი პარტიის ესა თუ ის წევრი სათანადოდ მიიღებს პატიების თხოვნას, რასაც აშლილი ვითარების მოგვარების სწრაფი სამართლებრივი პროცესები მოჰყვება, რომლის შემდეგ ყველა კონცენტრირდება ეკონომიკასა და სხვა საჭირბოროტო საკითხზე. მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი ალბათ შურისძიებით სიამოვნების გაგრძელებას შეეცდება და ალბათ იმის მტკიცებასაც დაიწყებს, რომ ეს შურისძიება ეროვნულ ინტერესებში შედის. მოკლედ, ისინი არავის აზრს არ მიიღებენ. ”ნაციონალურმა მოძრაობამ”ანალოგიური შური იძია შევარდნაძის მაღალჩინოსნებზე, რაც საბოლოო ჯამში მათი დაცემის ერთგვარი საწინდარი გახდა. ამჯერადაც მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს.