ვინ არის საქართველოს მთავრობაში მთავარი შემსრულებელი? - კვირის პალიტრა

ვინ არის საქართველოს მთავრობაში მთავარი შემსრულებელი?

წინა რეჟიმის დროს მთავრობის მიერ შემოღებული ნებისმიერი პოლიტიკა, გეგმა თუ პროგრამა სინამდვილეში პრეზიდენტისგან მოდიოდა. თავისად რომ ცოტა მაინც გაესაღებინა, მთავრობა მათში რაღაც-რაღაცეებს კი ცვლიდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ზედაპირული ცვლილებები იყო. თითო-ოროლა თუ იყო ისეთი იდეა, რომელიც ხელმძღვანელობის გარედან იყო შემოსული და დანერგილი. ასეთ შემთხვევებში იდეები ჯერ მთავრობას უნდა გაეთავისებინა, მერე კი - თვით პრეზიდენტს. იდეის დანერგვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დანერგვის მოვალეობა პრემიერ-მინსიტრს ეკისრებოდა. მის ხელში მეტნაკლენად ისეთი საკითხებიც გადიოდა, რომელთა განხორციელებასაც სასამართლო თუ საკანონმდებლო ორგანოები აწარმოებდნენ. პრემიერ-მინისტრის გავლით სახელმწიფო საქმეების წარმოების სისტემის ეფექტურობა "გვერდითი" კომუნიკაციებით იყო უზრუნველყოფილი. მარტივად რომ ითქვას, პრემიერ-მინისტრი ყველაფერს ზედამხედველობდა ან მინიმუმ ყველაფრის საქმის ყურში იყო, რისი წყალობითაც ის მინისტრებს ერთმანეთის საქმიანობების საქმის კურსშიც აყენებდა. შედეგად, ყოველმა სამინისტრომ კარგად იცოდა თუ რა ხდებოდა სხვა სამინისტროში. დღეს კი პრეზიდენტს ერთადერთი რაც შეუძლია არის პრესასთან საუბარი და პარლამენტის კანონპოროექტებზე ვეტოს დადება. გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები დღეს პრემიერ-მინისტრია. ამიტომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია იმის გარკვევა, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების განხორციელება და რომელი პირები არიან მასზე პასუხისმგებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

ამ ფუნქციას დიდ კომპანიაში ცალკე თანამდებობის პირი ასრულებს. მას ჩვეულებრივ ოპერაციების მთავარი ოფიცერი ჰქვია, რომელიც ანგარიშვალდებულია ე.წ. მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მიმართ, რომელსაც საქართველოში დირექტორი ჰქვია. ოპერაციების მთავარი ოფიცერი ანუ მარტივად - საქმის მთავარი შემსრულებელი ოფიცერი - უზრუნველყოფს ცალკეულ სფეროებში (ფინანსები, ტექნოლოგიები, მარკეტინგი, წარმოება, ადამიანური რესურსები და ა.შ.) საქმის შემსრულებელი ოფიცრების გუნდურ მუშაობას, რადგან კარგად იცის თუ რას აკეთებს გუნდის ესა თუ ის წევრი ყოველ მოცემულ მომენტში. მოკლედ, ის ყოველი დეპარტამენტის მუშაობის ინტეგრირებას ახდენს. აშშ-ში ერთმა ცნობილმა, წარმატებულმა მენეჯერმა, რომელიც სხვადასხვა დროს მრავალ კომპანიას მართავდა, ერთხელ თქვა, რომ დიდი კომპანიის მთავარ მენეჯერს რეალურად მხოლოდ სამად-სამი ამოცანა აქვს: ბრწყინვალე პიროვნებების გამოვლენა და გაძლიერება, ფულის განაწილება, კომპანიაში ინფორმაციის სწრაფი გავრცელების უზრუნველყოფა. დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის მოძრაობის მართვა მთავარი შემსრულებელი ოფიცერის ხელშია. თუმცა, მისი მოვალეობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. უფრო მთავარია ის, რომ ბოსი მისგან ხშირად ყველანაირი საქმის შესრულების უზრუნველყოფას ელის. ბიზნესში ტერმინი "ოპერაციები" ანუ ამ შემთხვევაში - "შესრულება" - გულისხმობს იმას, თუ როგორ ხორციელდება საქმეები კომპანიაში.

ჩვენ თემას თუ დავუბრუნდებით, საინტერესოა, ვინ იქნება საქართველოს მთავრობის საქმეების მთავარი შემსრულებელი? რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ეს შეიძლება იყოს ვიცე პრემიერი. თუმცა, ამჟამინდელი ვიცე პრემიერები ასეთი საქმისთვის არ გამოდგებიან, რადგან გადაწყვეტილებების შესრულება დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და ორგანიზაციულობას მოითხოვს. ამჟამინდელი ვიცე-პრემიერები კი ამ თვისებების მიხედვით არ შერჩეულან. ან ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში არჩევნების შემდეგ მაინც. თუმცა, პირდაპირ არჩეული პირისთვის ასეთი ფუნქციის დამატება ალბათ უაზრობაა. პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა და ნაწილობრივ პრემიერ-მინისტრის საპირწონეც კი უნდა იყოს. ან ეს შეიძლება იყოს ფინანსთა მინისტრი. მის მხრებზე ხომ დიდი პასუხისმგებლობა დევს. ის ზედამხედველობს გადაწყვეტილებების განხორციელებას და თან ამისათვის ფულს იხდის. ასე რომ, ეს ბუნებრივი არჩევანიც კი შეიძლება იყოს. თუ ფინანსთა მინისტრი შეასრულებს ამ ფუნქციას, მაშინ ინფორმაცია მისი "გალიდერების" შესახებ ყველა მინისტრს უნდა გაეცნოს. ან ეს შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ხელმძღვანელი ან სპეციალურად ამისათვის ოფისის ფარგლებში გამოყოფილი შტატის წევრი. თუმცა, ამჟამად პრემიერ-მინისტრის ოფისის შტატი პატარაა და თან დღემდე მსგავსი არაფერი უკეთებია, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად.

თუ შემსრულებლის საკითხი არ გაირკვა, არსებობს საშიშროება, რომ ვინმე ან რაიმე ჯგუფი მოირგებს არაოფიციალურად თავზე ამ ფუნქციას. ეს კი თან მოიტანს შემდგომ გაურკვევლობებს, შურს, მესიჯების არასწორ მიწოდებას ან გაგებას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის მალე დატოვებს თანამდებობას. ეს მის გარემოცვას ძალაუნებურად ჩააფიქრებს თითოეული მათგანის ბედზე და თუ რა უნდა აკეთონ მათ მას შემდეგ, რაც ეს მოხდება. ამ მომენტში პრემიერ-მინისტრის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მთავრობის საქმეების შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი მთავრობისთვის და მისი მომავალი მიღწევებისთვის. ასევე უკეთესი იქნება, თუ მინისტრები თავიანთ სამუშაოზე მოახდენენ უფრო ფოკუსირებას, ვიდრე საკუთარი თავის პოზიციონირებაზე და კიდევ იმის გარკვევაზე, თუ რა ხდება დანარჩენ მთავრობაში.