პუტინი & ჰომოსექსუალობა და პუტინი & ეკლესია
01-08-2013
პუტინი & ჰომოსექსუალობა და პუტინი & ეკლესია
გასულ ორ კვირაში რუსეთის პოლიტიკაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. პირველი ფაქტი მამათმავლობასთან დაკავშირებით კრემლის პოზიციას ეხება, მეორე - ეკლესიასთან პუტინის დამოკიდებულებას და იმას, თუ როგორ იყენებს ის ამ ფაქტორს თავისი იმპერიული პროექტისთვის.

ახლახანს რუსეთმა ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონი შემოიღო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე დაწესებული გეი პროპაგანდის აკრძალვა. არცერთი მიღებული კანონი პრობლემას რეალურად ვერ წყვეტს, მაგრამ პოლიციისა და სასამართლოს საშუალებით ამ საკითხის მუდმივად გამწვავების საშუალებას აძლევს ხელისუფლებას. კრემლმა აღმოაჩინა,
რომ ჰომოსექსუალობის საკითხი განხეთქილების ძლიერი და შესაბამისად სასარგებლო გენერატორია. საკითხი განხეთქილების გენერატორია მაშინ, როცა მისი საშუალებით პოლიტიკოსები ხალხს აიძულებენ რომელიმე მხარე აირჩიონ, თანაც ისე, რომ ხშირად ეს მხარეები სინამდვილეში არც კი არსებობენ. ჰომოსექსუალობა რუსეთში იმაზე მეტად მნიშვნელოვანი არაა, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. მას ძირითადად ადამიანთა
ორი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჯგუფისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა: გეებისთვის და მათი მოძულეებისთვის.

ბოლო ხანებში პუტინი სულ უფრო აახლოვებს თავის პოზიციას ეკლესიასთან და პოლიტიკურად სულ უფრო მეტად ახდენს მასთან საქმიანობის კოორდინირებას. ის დილემის წინაშე დგას. მას უნდა, რუსეთის ე.წ. "ახლო სამეზობლო" რუსეთის ყმადნაფიც ქვეყნებად აქციოს, მაგრამ საწვავისა და სხვა პირველადი მასალის გარდა ბევრ ვერაფრის სთავაზობს მათ სანაცვლოდ. გარდა ამისა, რუსეთი გლობალურ სავაჭრო სისტემაში ისეთი ბობოლა არაა, როგორც აშშ, ჩინეთი ან ევროკავშირი. მისი საერთაშორისო როლი სინამდვილეში ნებისმიერი საქმის გართულებაა. შესაბამისად, მას აღიქვამენ არა როგორც ნამდვილ პარტნიორს, არამედ როგორც რუტინულ და მომაბეზრებელ ფაქტორს, რომელსაც ვერ გაექცევი. ჰოდა, აბა როგორ აიძულებს პუტინი თავის "ახლო სამეზობლოს", რომ რუსეთთან თბილ ახლობლურ ურთიერთობებში იყოს?

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამ მხრივ იდეალური ინსტრუმენტია. რუსეთის მინიმუმ დასავლეთ მხარეს არსებული "ახლო სამეზობლო" ფაქტიურად სულ მართლმადიდებლურია. ამაზე ყურადღება გამახვილდა ამ დღეებში უკრაინაში პუტინის ჩასვლით. ეს ჩასვლა მიეძღვნა 988 წელს კიევის რუსეთის მთავარ ვლადიმირის მიერ თავისი ქვეყნის ქრისტიანობაზე მოქცევის 1025 წლისთავს. კიევის წმინდა ადგილებში ყოფნისას პუტინმა საზეიმოდ განაცხადა: "ჩვენ ყველა ვართ იმის სულიერი შთამომავლობა, რაც 1025 წლის წინ მოხდა აქ. ამ მხრივ, უდავოდ ჩვენ ერთი ხალხი ვართ". რუსეთის მედია საზეიმო ღონისძიებებს ფართოდ აშუქებდა.

სხვათა შორის, ახლახანს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა პროგრამა "რუსეთის მეორე ნათლობა", რომელშიც პუტინიც მონაწილეობდა. გადაცემის დროს მან განაცხადა, რომ მთავარ ვლადიმირის მიერ სახელმწიფო რელიგიის არჩევამ რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება განაპირობა, და რომ ეს ფაქტორი მისთვის - პუტინისთვის - ახლაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პუტინი, რომელიც "კა-გე-ბე-ს" ყოფილი ოფიცერია, დიდი სითბოთი იხსენებს, თუ როგორ საიდუმლოდ მოანათვლინა ის დედამისმა საბჭოთა რეპრესიების ეპოქაში. თუმცა, შემდგომი წინადადება მას უთუოდ უცნაური გამოუვიდა. მან თქვა, რომ კომუნიზმი "რელიგიური პრინციპების გამარტივებული ვერსიაა და რომ ამ პრინციპებს ფაქტიურად მსოფლიოს ყველა ტრადიციული რელიგია იზიარებს". მან იქვე დაამატა, რომ რელიგიისკენ ხალხის ამჟამინდელი შემობრუნება "ხალხის სპონტანური რეაქციაა" იმ იდეოლოგიურ ვაკუუმზე, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა. მართალია, ნიუ-იორკ თაიმზმს ეს ზეიმი არ გამორჩენია თავისი რეპორტაჟებიდან, მაგრამ მისი ფართო გაშუქების სურვილი რუსეთის მედიის გარდა მსოფლიოში ძალიან ცოტას თუ აღმოაჩნდა. უკრაინის რუსულენოვანი მედიისგან განსხვავებით, ანალოგიურად მოიქცა უკრაინულენოვანი მედიაც. ცხადია, კიევში პუტინის არგამხელილი, ნამდვილი მიზეზი იყო ის, რომ უკრაინა ნოემბერში ვილნიუსში ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს.

ისე, იმავე ნიუ-იორკ თაიმზის გადმოცემით, რუსეთის პატრიარქმა კირილე პირველმა თავის ოფიციალურ საიტზე ჰომოსექსუალობის შესახებ ასეთი სიტყვები დადო: "ეს ძალიან საშიში აპოკალიპტური სინდრომია. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ წმინდა რუსეთის მიწაზე სახელმწიფომ არ მიიღოს ამ ცოდვის დამცველი კანონები, რადგან ეს თვითგანადგურების გზაზე ხალხის დადგომის ტოლფასი იქნება". ოდნავ ადრე მან ისიც განაცხადა, რომ ასეთი ღვთისგმობი კანონები მორწმუნეებისთვის ისევე საშიში შეიძლება იყოს, როგორც სტალინის ხელისუფლების დროს წარმოებული დიდი ტერორის ჯალათები. ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების ასეთი გამოხატვა ნამდვილად განხეთქილების მომტანია.

დასავლეთის სეკულარული დემოკრატიები ნაკლებად ინტერესდებიან გეიზმით როგორც მოვლენით ანდა გეების უსამართლო შევიწროებით. მაგრამ ჩვეულებრივ მათ დიდად აწუხებთ ზოგადად ტოლერანტობის საკითხი. ტოლერანტობა ყოველთვის ერთი ჯგუფით იწყება. ასე თქვა ცნობილმა გერმანელმა პასტორმა მარტინ ნიმიოლერმა ოდესღაც და ადოლფ ჰიტლერის ღია და საჯარო კრიტიკისთვის შვიდი წელი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში იტანჯებოდა. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: "თავიდან მათ სოციალისტებს ჩაავლეს ხელი. მე ხმა არ ამოვიღე, რადგან სოციალისტი არ ვიყავი. შემდეგ მათ პროფკავშირებს ჩაავლეს ხელი. მაგრამ მე ხმა არც მაშინ ამოვიღე, რადგან არ ვიყავი მათი წევრი. შემდეგ მათ ებრაელებს ჩაავლეს ხელი. მე ხმა კვლავ არ ამოვიღე, რადგან ებრაელი არ ვიყავი. შემდეგ კი მათ მე ჩამავლეს ხელის და არავინ იყო დარჩენილი ჩემს გამო ხმა რომ ამოეღო".

თუ ეკლესია ან ის ხალხი, რომელიც თავს ეკლესიის წარმომადგენლად თვითონვე ირჩევს, იწყებს რომელიმე ჯგუფის (იქნება ეს ბოშა, მაჰმადიანი, მუქკანიანი, სომეხი თუ სხვა) უფლებებზე თავდასხმებს, რადგან, მისი თქმით, ეს ჯგუფი საშიშია და ამიტომ მას უფლებები უნდა შეეზღუდოს, მაშინ ტოლერანტობის მომხრეები ყოველთვის შეეცდებიან ამ ჯგუფის უფლებების დაცვას.

კი, ბევრი ფიქრობს, რომ მამათმავლობა ცოდვაა. თანაც, ძალიან იოლია, ტრადიციულ ღირებულებებთან მისი დაკავშირება. ეს შეიძლება ნებისმიერმა გააკეთოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ახლახანს ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ, რომელიც ცდილობს, რომ აფრიკის ანტიკოლონიალიზმის ფარვატერში იდგეს, განაცხადა, რომ გეები თავის მოკვეთას იმსახურებენ. ასეთი ენა დიდად არ განსხვავდება რუსეთში არსებული დამოკიდებულებისგან. მუგაბე გამუდმებით ამბობს, რომ მამათმავლობა ევროპული შეთქმულების ნაწილია და ამიტომ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია აფრიკული ტრადიციული ღირებულებები, ვალდებულია, შეეწინააღმდეგოს მას. მოკლედ, კარგად ჩანს, რომ განხეთქილების შემომტან უნივერსალურ ბერკეტთან გვაქვს საქმე.

ზიმბაბვეს გარდა, დიქტატურა მეფობს ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთში. ასეთ ქვეყნებს დასავლეთთან ინტეგრაციის არავითარი ინტერესი არა აქვთ. ესენი არიან ღარიბი, იზოლირებული ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში სხვა ქვეყნებში წასვლას ცდილობს. მათგან განსხვავებით, რუსეთს ერთდროულად ორივე სურს. თავისი კოლონიური ამბიციების განსახორციელებლად, კერძოდ, არც ისე მეგობრული მეზობლების დასაახლოვებლად, ის მამათმავლობისადმი ქრისტიანობით მოტივირებულ შეუწყნარებლობის ფაქტორს იყენებს. ეს კი ევროპული ღირებულებებს არაპირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს. სირთულე იმაშია, რომ რუსეთს იმავდროულად ევროპა სჭირდება, უნდა საერთაშორისო სისტემაში გაწევრიანება.

სოჭის მომავალი ოლიმპიადა რუსეთის საერთაშორისო ამიბიციების ახალი გამოხატულებაა. ამ თამაშებში ასობით გეი ათლეტმა და მათმა ოჯახმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მათ უკან ათასობით ფანია. თამაშების დროს რომელიმე მათგანს რომ ინტერვიუ ჩამოართვან და მან ღიად თქვას, რომ ის გეია, დააპატიმრებენ თუ არა მას მამათმავლობის პროპაგანდისთვის (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს?)? საერთოდ, შეძლებს თუ არა ეს ქვეყანა ოლიმპიადის მასპინძლობას ასეთი კანონების მიღებით? ამ კითხვებით მრავალი გეი ათლეტი მიმართავს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. უფრო მეტიც, განიხილება თამაშების ბოიკოტირების საკითხიც. მოკლედ, ამ მომენტში რუსეთი თავის ნებაზეა მიშვებული და ორივე სურვილი უსრულდება - არის როგორც იზოლირებული და ჩამორჩენილი, ისე საერთაშორისე სისტემის მონაწილე. თუმცა, რაღაც ეტაპზე მას არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ოტტო
01 აგვისტო 2014 11:47
მარტო მაგაში შეიძლება დაეთანხმო რუსეთს ანტი ჰომოსექსუალურ კანონებს რომ იღებს..
ზურაბ წოწორია
16 სექტემბერი 2013 10:39
shoda, valeri,bnb ძმურად მინდა გთხოვოთ, იქნებ ამიხსნათ, რას ვერ ითვალისწინებს მარკ მალენი, რუსეთის შეფასებისას, რადგან მინდა თუ არა,ჩემი შეხედულებების საწინააღმდეგო ამ სტატიაში ვერაფერი აღმოვაჩინე.
ok
02 აგვისტო 2013 16:18
განსჯის მცდელობის ძალიან მდარე იმითაცია. ანუ სტატია სტატიისათვის და მეტი არაფერი. ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, გირჩევთ, დროს ნუ დაკარგავთ. ვნანობ, რომ მე არავინ გამაფრთხილა.

რედაქტორის რჩევით