ფილანტროპია ხალხისთვის - კვირის პალიტრა

ფილანტროპია ხალხისთვის

ამჟამად მუშავდება კანონპროექტი ფილანტროპიის, ქველმოქმედებისა და მოხალისეობის შესახებ. ამ კანონის შემოღებით ერთდროულად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგმება. ყველა ამ ნაბიჯზე დიდი ხანია არსებობს უზარმაზარი მოთხვნა საქართველოში. საქმე ეხება საკითხს, რომელიც კანონმდებლობის განვითარებას დიდი ხანია აფერხებს და რომელიც საზოგადოებაში არსებულ უფრო ფართო პრობლემას უკავშირდება. ქართულ კანონებში, განსაკუთრებით საგადასახადო კოდექსში, ჩადებულია აზრი, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის სარგებლის მოსატანად არის მომართული და ნებისმიერ, თუნდაც არაკეთილსინდისიერ ხერხს მიმართავს ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მოიხვეჭოს. წინა მთავრობის ნეოლიბერალური მსოფლმხედველობის პირობებში მრავალი მაღალი რანგის საჯარო მოხელე თვლიდა, რომ ბიზნესები მხოლოდ ფულის გაკეთებაზე უნდა მუშაობდნენ და სხვა სახის მიზნებზე პარალელური გამოკიდება არა მარტო სოციალისტური ფანტაზია, არამედ საშიში გადახრაც კი იყო. ასეთი აზროვნება ძირითადად საბჭოთა და კომუნისტური სისტემების პროდუქტია. მაშინ უზენაეს მიზნებზე საუბრობდნენ, მაგრამ საქმეზე ყველაზე ცინიკური რეჟიმები იყვნენ. დღესაც კი, ამ სისტემების დასამარებიდან ოცი წლის გასვლის შემდეგ, საბჭოთა ქვეყნებს მსოფლიოში ყველაზე დაბალი სოციალური ნდობა აქვთ.

მაგრამ იშვიათია ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. და არც ბიზნესია ვალდებული მხოლოდ ფულის შოვნაზე იყოს მოტივირებული. ზოგი უფრო მეტს უძღვნის თავს, ზოგი ცოტა ნაკლებს. სისულელეა იმის უარყოფა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი დიდ დროსა და ფულს ახარჯავს სხვა ადამიანებისა თუ გარემოს დახმარებას. ანალოგიურად, მსოფლიოში არსებული მრავალი ბიზნესისთვის ფულის კეთება არსებობის ერთადერთი მიზანი არაა. საკმაოდ იოლია, საკუთარი ინტერესი სხვის დახმარების სურვილს შეუხამო. ავიღოთ მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. როგორ ფიქრობთ, ისინი ხელფასისა და მივლინებებისთვის მუშაობენ თუ მართლა საზოგადოებრივი სარგებლის შექმნის სურვილით არიან შეპყრობილი? ცხადია, მათ ორივე მიზანი ამოძრავებთ. ქართველი მილიონერები თუ ბილიონერები ფულს უსასყიდლოდ იმისთვის გასცემენ, რომ ისინი კარგები არიან თუ იმისათვის, რომ ალიანსები შექმნან? ცხადია, ორივესთვის. ილიამ და აკაკიმ საგანმანათლებლო, კულტურული და ფინანსური ორგანიზაციები ეროვნული და პოლიტიკური მიზნებით შექმნეს თუ ამისკენ მათ მათი შორსმჭვრეტელი კეთილშობილება უბიძგებდა? ცხადია, ორივე სწორი პასუხია.

ეს ახალი კანონპროექტი განიხილავს იმ საკითხს, თუ როგორ უნდა გადადოს გვერდზე საქართველოს საზოგადოებამ თავისი ზედმეტად მარტივი შეხედულებები მოცემულ საკითხებზე. ის საზოგადოებას და კანონმდებლებს განუსაზღვრავს პირობებს და დაუსახავს გზას ამ სირთულეების კანონმდებლობაში გასათვალისწინებლად. თუმცა, ის კიდევ ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საშემოსავლოს იხდიან, მისცემს იმის გადაწყვეტის უფლებას, თუ სად წავიდეს საშემოსავლო გადასახადის 1%. ეს ჩვეულებრივი, მზარდი პრაქტიკაა ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში. პირველად უნგრეთში დანერგეს. შემდეგ პოლონეთმა გადაიღო. მოგვიანებით კი ბევრ სხვა ქვეყანაშიც გავრცელდა. მართალია, ამ დროს ერთი პირის მიერ გადასახდელი ფულის ოდენობა არ იცვლება, მაგრამ სამაგიეროდ ამ პირს შეუძლია, გადახდილი თანხის 1%-ის მიმღებად სასურველი არასამთავრობო ორგანიზაცია დაასახელოს. საკმარისია, შეავსოს შესაბამისი ფორმა. ასეთი დაფინანსებისთვის შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მკაცრ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

ამჟამად საქართველოში საქველმოქმედო და ფილანტროპიული საქმიანობებისათვის აუცილებელი სახსრების თითქმის ერთადერთი წყარო საერთაშორისო ფინანსებია. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს ფულს აძლევენ უცხოელები, ძირითადად ამერიკელები და ჩრდილოეთ ევროპელები. მაგრამ ასეთი სისტემა ქმნის ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მართოს ორგანიზაცია, რომ უცხოელებისგან გრანტი მოიპოვოს. მიჩნეულია, რომ საქართველოში არასამთავრობოები წარმოადგენენ ორგანიზაციებს, რომლებიც ფულს უცხოელებისგან იღებენ. მაგრამ თუ ქვეყანამ მიიღო აღნიშნული 1%-ის კანონი, მაშინ ორგანიზაციებს საშუალება მიეცემათ ქართველებისგან მიიღონ ფინანსები და ნაკლებად დასჭირდებათ უცხოელების გულის მოგება. საშემოსავლო გადასახადის 1% საგრძნობი თანხაა. თუ ყველა მოქალაქე გამოიყენებს ამ პრინციპს, მაშინ ქართულ ორგანიზაციებზე ყოველწლიურად დაახლოებით 80 მილიონი ლარი წავა. ეს გაცილებით მეტია იმ ფულზე, რომელსაც საერთაშორისო დონორები გასცემენ. თუ მოქალაქეთა თუნდაც მხოლოდ ერთი მეოთხედი არ დაიზარებს და უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტების შევსება-მიწოდებას, არასამთავრობოებზე წასული თანხა უცხოური გრანტების ჯამურ ოდენობაზე მაინც მეტი იქნება.

დღევანდელი სისტემა, რომელშიც უცხოელები დომინირებენ, არც ისე გამჭვირვალეა. ეს ახალი სისტემა თავისი ბუნებით უფრო გამჭვირვალე და შესაბამისად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. დღეს საქართველო პოლიტიკურად ორ ბანაკადაა პოლარიზებული. ამ ბანაკების ყველაზე მეტად პოლარიზებული ფრაქციები დანარჩენების თავისკენ გადაქაჩვას ცდილობენ. მაგრამ ასე ადამიანების უმეტესობა არ იქცევა. ისინი ჩვეულებრივ ცოტა მაინც ერთმანეთს ეყრდნობიან ხოლმე. თუმცა, ერთმანეთის ძლიერ და სუსტ მხარეებს კარგად კი ხედავენ. არასამთავრობოებში გამჭვირვალობის გაზრდით და 1%-ზე დაფუძნებული საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსების შერევით ბევრს გამოეცლება საფუძველი იმის მტკიცებისათვის, რომ არცერთი გრანტის მიმღები ორგანიზაცია თუ პირი არაა ობიექტური და ფარული პოლიტიკური კონტექსტით მოქმედებს.

დაბოლოს, არასამთავრობოებს შემოსავლის მიღების უფლებაც უნდა მიეცეთ. დონორებისთვის განაცხადების წერით ისინი ძნელად თუ მიდიან წინ. დღევანდელი საგადასახადო კანონმდებლობა მომგებიან ორგანიზაციებს მოგებაზე მიმართული საქმიანობის გარდა სხვა არაფრის გაკეეთების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ თუ კომერციული სამართლის იურიდიული ფირმა, რომელიც უფასო წარმომადგენლობის მომსახურების მიწოდებით ღარიბებისთვის დახმარების გაწევას მოისურვებს, საშემოსავლო სამსახურიდან ის კარგს არაფერს არ უნდა ელოდოს. მეორე მხრივ, არც არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლება უპრობლემოდ მის მიერ დაბეჭდილი წიგნების იაფად, თუნდაც თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასში გაყიდვა. ასე რომ, როგორც მომგებიან კომპანიებს უნდა შეეძლოთ საქველმოქმედო აქციებზე დროისა და ფულის უსასყიდლოდ დახარჯვა, ისე არასამთავრობოებსაც უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ თავისი მარიფათით რაღაც ფული აკეთონ და მარტო საგრანტო შემოსავლებზე არ "ისხდნენ". მართლაცდა რა პრობლემაა, თუ მოგება იმავე კეთილშობილური აქციებისთვის იქნება გამოყენებული და რომელიმე პირის ჯიბეში არ წავა. კანონმდებლობაში ასეთი მიდგომის ჩადება საკმაოდ იოლი იქნება. ზემოთაღნიშნული კანონპროექტი სწორედ ამ საქმეს გააკეთებს, თუ მიღებულ იქნა.

მოკლედ, თვალი ადევნეთ ამ კანონს. ის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მას ზემოთ აღწერილი 1%-ის პრინციპის ჩათვლით მიიღებენ, მაშინ საქართველოს ხალხს მიეცემა იმის დიდი პასუხისმგებლობა, თუ სად გაუშვან საგადასახადო თანხების ნაწილი. იმედი ვიქონიოთ, რომ შემოღების დრო ძალიან არ გადაიწევს წინ.