შენობა კი არა, მიწა დაბეგრეთ - კვირის პალიტრა

შენობა კი არა, მიწა დაბეგრეთ

დღეს საქართველოში დიდი სჯა-ბაასი მიდის ადგილობრივ თვითმმართველობაზე, მაგრამ ფოკუსი ამ დროს უფრო საზღვრებზე, არჩევნებზე და კომპეტენციის სფეროებზეა, ვიდრე გადასახადებზე. არადა, ჩვეულებრივ ამ საკითხების განხილვის საუკეთესო ვარიანტია იმაზე მსჯელობა, თუ საიდან მოდის და სად მიდის ფული. დღეს სახელმწიფო შემოსავალი თითქმის მთლიანად ეროვნული დონისაა და დღგ-დან, საშემოსავლო გადასახადიდან და იმპორტის ტარიფებიდან შემოსული თანხებით ყალიბდება. რაიმეზე გადასახადის დადება ამცირებს მის პოზიტივს. ასე მაგალითად, დღგ ზრდის ფასებს და ხალხს ნაკლები პროდუქტის ყიდვისკენ უბიძგებს. საშემოსავლო გადასახადი დამქირავებლებს გულს უცრუებს შტატის გაზრდაზე, იმპორტის ტარიფები იმპორტირებულ პროდუქციას აძვირებს და იმპორტს აფერხებს.

მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ქალაქები და ადგილობრივი მთავრობები შენობებს ბეგრავენ. მას ქონების გადასახადი ეწოდება. პროცენტები განსხვავებულია. ქონების მესაკუთრეები ჩვეულებრივ აფასებინებენ თავიანთ ქონებას და მის საფუძველზე გამოთვლილ პროცენტს ურიცხავენ ადგილობრივ თუ ქალაქის ხელისუფლებას პერიოდულად. მალე თუ გვიან ალბათ სასოფლო-სამეურნეო მიწაც დაიბეგრება. ჩვეულებრივ, ეს პროცენტები დაბალია, რადგან ისინი ადგილობრივი გადასახადებია. საქართველოში უჩვეულოდ დაბალი ქონების გადასახადია. ალბათ იმიტომ, რომ მას უშუალოდ მოსახლეობა იხდის. განსხვავებული ვითარებაა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, რომლებიც უხილავია შესაბამისად მყიდველისთვის და დაქირავებულისთვის, მაგრამ სამაგიეროდ საგრძნობია გამყიდველისა და დამქირავებლისთვის. მოკლედ, ყველგან და განსაკუთრებით საქართველოში ქონების გადასახადი საერთო საგადასახადო ტვირთის უმნიშვნელო ნაწილია.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქალაქში განიხილავენ ქონების გადასახადის ფარგლებში შენობების მაგივრად მიწის დაბეგვრაზე გადასვლას. შენობების დაბეგვრის პრობლემა ისაა, რომ ასეთი ქონების გადასახადი მშენებლობას აფერხებს. თუ შენ მდიდარი ინვესტორი ხარ და ფლობ ძველ შენობას, რომელსაც არაფერში იყენებ, დიდი არაფრის გადახდა არ გიწევს ქონების გადასახადის სახით, შეგიძლია დაელოდო უკეთეს დროს, როცა შენობის ფასი მოიმატებს და მხოლოდ მაშინ გაყიდო. ასე იქმნება ცარიელი ან ნაკლებად გამოყენებული შენობები. მაგრამ თუ დაიბეგრა მიწა, მაშინ მის მესაკუთრეს დიდი სტიმული ექნება იმისა, რომ მასზე რაიმე ღირებული გააკეთოს.

მიწის ღირებულების გადასახადის მქონე ქალაქსა თუ სახელმწიფოში ათბინიანი შენობა მის ქვეშ არსებულ მიწის გადასახადს ათ ნაწილად გაყოფს. თუ ასბინიან შენობაზეა ლაპარაკი, მაშინ მიწის გადასახადი ასნაწილიანი იქნება. მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად მიწის სიძვირისა, მაცხოვრებლებს არ მოუწევთ მიწის დიდი გადასახადის გადახდა, რადგან ასეთ ადგილებში ბინები უფრო კომპაქტური შიდა დაგეგმარებითა და მჭიდრო ურთიერთგანლაგებით ხასიათდება. ამ გზით ხელი შეეწყობა გარემოსდაცვით აზროვნებასა და ხარჯების სიმცირის შენარჩუნებას ნაკლებშემოსავლიან მოსახლეობაში.

სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე ასეთი გადასახადი წაახალისებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი მიწების უფრო მეტად დამუშავებას, შეაჩერებს სოფლებში კარმიდამოების მიტოვების პროცესს და უცხო ინვესტორების მიერ მიწის დიდი ფართების შესყიდვას.

მართალია, ეს საკითხი პატარა დეტალად გამოიყურება, მაგრამ ხომ ცხადია, რომ საგადასახადო სისტემის ნებისმიერ ცვლილებას ხშირად დიდ შედეგებზე გავყავართ. ასეთი გადასახადის შეკრება იოლი და საკმაოდ გამჭვირვალე იქნება განსხვავებით საგადასახადო ტრანზაქციებისგან, რომელთა დამალვაც უფრო უპრობლემოდ შეიძლება ხდებოდეს. ასეთი გადასახადი დანერგეს სიდნეიში, კოპენჰაგენში, პენსილვანიაში. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამ ინოვაციამ განაპირობა ტაივანისა და სინგაპურის მდგრადი და გრძელვადიანი წინსვლა. ეკონომისტები, მათ შორის, თვით ძალიან კონსერვატიული ჟურნალი "ეკონომისტიც" კი, მას საუკეთესო ან ყოველ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები ხარვეზის მქონე გადასახადად თვლიან. ის ეხმარება ჩვეულებრივ ხალხს, საცხოვრებლების გამქირავებლებს და მათ, ვინც სახლებსა თუ ბინებს ფლობენ. მეორე მხრივ, ეს გადასახადი სპეკულანტებისთვის არასახარბიელო სიახლე იქნება, რადგან ანეიტრალებს ბინის ფასების დიდი ცვლილებების რისკს, რომელიც ასეთი დიდი პრობლემაა მსოფლიოში ბოლო ათეული წელია.

სხვა ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის დიდი უპირატესობაა მისი სიმარტივე. ვინაიდან პარლამენტის უმრავლესობა ამჟამად იმის ძიებაშია, თუ როგორი პოლიტიკა აირჩიოს, რომ ყველას ჰქონდეს სარგებელი და ადგილი ჰქონდეას მდგრად და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, მათ უთუოდ უნდა განიხილონ მიწის ღირებულების გადასახადის შემოღების მიზანშეწონილების საკითხი.