ბიზნესს სტაბილურობა სჭირდება - კვირის პალიტრა

ბიზნესს სტაბილურობა სჭირდება

ხალხში ერთიანი აზრი არასდროს არსებობს მასზე, თუ რა მოუხდებოდა ბიზნესს ყველაზე მეტად ანდა საერთოდ რას ნიშნავს ბიზნესი ეკონომიკისთვის. საბჭოთა კავშირში ეკონომიკა იყო და არც იყო. აბა, სხვა რა უნდა თქვა, როცა იმ დროს არ მუშაობდა თავისუფალი ბაზრის არც ერთი პრინციპი, რომელთა მიხედვითაც კანონიერი ბიზნესები უნდა მოქმედებდნენ. არც დღესაა დალაგებულად საქმე მსოფლიოში. ბევრია ისეთი პარლამენტი - მათ შორის ამერიკის კონგრესი - სადაც ვერა და ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ ეკონომიკას, როგორ წაახალისონ ბიზნესი. რამდენიმე წლის წინ აშშ-ის ხაზინის ფასიანი ქაღალდების რეიტინგები დაეცა. რესპუბლიკური პარტიის ე.წ. "ჩაის პარტიის" რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ დიდი არაფერი მოხდებოდა, თუ ამერიკა ვალების გადამხდელუუნაროდ გამოცხადდებოდა. მოკლედ, ამ სარეიტინგო სააგენტოებმა რეიტინგი დაუგდეს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციას და ამის შედეგად აშშ-სთვის ფულის სესხად აღება უფრო ძვირი გახდა. მანამდე ყველასთვის ცნობილი იყო, თუ რა მოუვიდოდა ამერიკის სახაზინო ფასიან ქაღალდებს. რეიტინგის დაცემის შემდეგ კი პატარა გაურკვევლობამ დაისადგურა და ბევრს ალბათ ნევროზიც დაემართა. მართალია, დემოკრატიაში უთანხმოებები და დებატები ნორმალური მოვლენაა, კარგი იქნება, არსებობდეს საფუძვლიანი და მკაფიო გეგმა როგორც საერთოდ ეკონომიკისთვის, ისე ბიზნესთან რაიმე კავშირში მყოფი ცალკეული კანონების განხორციელებისთვის. ბიზნესებს კარგად ესმით, რომ ერთი რამ, რომელსაც მათი უმალ განადგურება შეუძლია, არის არა კონკურენცია ან დიდი გადასახადები ანდა იგივე კორუფცია (ცხადია, ამ ფაქტორებს ბიზნესის გაწვალება უთუოდ შეუძლიათ. უბრალოდ დროთა განმავლობაში ბიზნესები მათ რაღაცნაირად ეგუებიან და ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი ზოგჯერ პატარა წარმატებასაც კი აღწევენ), არამედ ისეთი სწრაფი ცვლილება, რომელიც საბოლოო ჯამში მოულოდნელ კანონად მოევლინება ამ ბიზნესებს. ასეთი ცვლილების შიშიც კი სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს ინვესტიციისთვის.

წინა ხელისუფლება საკმაოდ პროგნოზირებადი იყო თავისი პოლიტიკის ფორმულირებაში. მათ მარტივი და საკმაოდ მცირე გადასახადები ეხატებოდათ გულზე, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც მდიდრებზე იყო მორგებული. მცირე ბიზნესებისთვის სუფთა და გამჭვირვალე სისტემა ჩამოაყალიბეს, მაგრამ ზოგიერთი სექტორის, მაგალითად, მასმედიის, რეკლამის ან საწვავის ბიზნესის შემთხვევაში პირიქით საკმაოდ არაპროგნოზირებადი და კორუმპირებული სისტემა დანერგეს. თუმცა, კორუფციაც და წარმოებული პოლიტიკაც რაღაც პროგნოზირებადობის ნიშანს ატარებდა. იყო შოკებიც. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიზნესებს მათ მფლობელებს ართმევდნენ. ბიზნესების ასე ხელაღებით დაკარგვის საშიშროების გამო ინვერსტორებმა თავიანთი ინვესტიციების დაუყოვნებლივ ამოღება და უკან წაღება დაიწყეს დაიწყეს. რაღაზე ჩადებდა ვინმე გრძელვადიან ინვესტიციას ქვეყანაში თუ არ ეცოდინებოდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს ბიზნესი ნამდვილად კვლავ მის ხელში იქნებოდა, განსაკუთრებით - ამ ბიზნესის წარმატების შემთხვევაში. მოკლედ, აზრი აღარ ჰქონდა მომავალში ინვესტირებას.

ახალი ხელისუფლების შემთხვევაშიც აქვს ადგილი გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც როგორც ჩანს ინვესტირების დამაბრკოლებელ გარემოებებს ქმნიან. პირველი პრობლემაა ის, რომ კოალიციის შემადგენლობის მრავალფეროვნების გამო არ არსებობს შეთანხმება ფუნდამენტურ ეკონომიკურ პრინციპებზე, არ არსებობს ერთიანი ეკონომიკური ხედვა. წინა ხელისუფლება ლიბერტარიანობას კი აწვებოდა, მაგრამ ძლიერი ავტორიტარული სახელმწიფო შექმნა. ისინი თავიანთ ფანტაზიებში მაინც თვლიდნენ თავს საკუთარი ბედის მჭედელ გუნდად. ყოველივე ამან მათ მიერ არჩეული პოლიტიკა პროგნოზირებადი გახადა. აი, ახალი გუნდი კი ისეთი მრავალსახოვანია, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც თვალშისაცემია მათი უთანხმოება ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე. ვერავინ იტყვის დანამდვილებით, თუ ვინ მოიგებს მათ შორის წარმოებულ ამა თუ იმ დებატს. ბიზნესთან და ეკონომიკასთან მიმართებაში არსებობს რამდენიმე ძირეული პრინციპი, რომელზეც განვითარებულ მსოფლიოში თითქმის ყველა თანხმდება ხოლმე. თუმცა, მთლად ასე არაა საქმე მმართველ კოალიციაში.

კიდეც რომ არ არსებობს გამაერთიანებელი ხედვა, კოალიციის წევრები ამ ხედვის რაღაც დეტალებზე მაინც უნდა თანხმდებოდნენ. რაც კარგად ვიცით რომ ჯერ-ჯერობით არ ხდება. არჩევნებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ მთავრობას არ წარმოუდგენია დოკუმენტი (საუკეთესო შემთხვევაში - პარლამენტის მმართველი უმრავლესობის წინასწარი თანხმობით), რომელშიც გაცხადებული იქნება მათი სურვილი, რომ რაიმე ეტაპზე ეკონომიკამ რაიმე სტატუსს მიაღწიოს. კოალიციას თვალსაჩინოდ ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია თავისი მიზნები. თუ ვცდები და წარმოუდგენია კიდეც და ისინი აზრიანი აღმოჩნდა კიდეც, მაშინ მაგას რა სჯობია. ბიზნესებს თავიანთი საქმიანობის უბრალოდ მათთან მიყენებაღა დასჭირდებათ.

ის, რაც დღეს ხდება, არის სხვადასხვა იდეის წინ წამოწევა, ძირითადად, პარლამენტში. ინვვესტორები გაფაციცებით ელიან, თუ რა შესაძლო გავლენას იქონიებენ ეს იდეები კრიტიკულ სექტორებზე. სინამდვილეში ყველაზე მეტად საჭიროა ის, რომ ხელმძღვანელობას ხელთ ეპყრას მკაფიო პოლიტიკა: "ამას გავაკეთებთ, ამას არ გავაკეთებთ, ესაა ამ კონკრეტული თარიღისთვის დათქმული სამიზნეები და ასე შემდეგ; მოკლედ, ბიზნესმენებო და ინვესტორებო არაფერზე არ იდარდოთ, ყველაფერი რიგზეა". იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება და საქართველო ფულის მოზიდვას შეძლებს.