რატომ გაუქმდა უვიზო რეჟიმი ირანთან - მარკ მალენის ანალიზი
28-07-2014
რატომ გაუქმდა უვიზო რეჟიმი ირანთან - მარკ მალენის ანალიზი
ირანსა და საქართველოს ხანგრძლივი და არც ისე იდეალური წარსული აქვთ, მაგრამ ორსაუკუნოვანი გათიშულობის შემდეგ მხარეებმა ურთიერთობა ნულიდან დაიწყეს. ირანის საკითხში წინა მთავრობა თავის ტიპურ პოლიტიკას ატარებდა: ჭკვიანური პრინციპები, უხეირო შესრულება. მაშინ მათ უვიზო რეჟიმი გამოაცხადეს ქვეყანასთან, რომლის ეკონომიკა განადგურების პირას იყო კორუფციისა და საერთაშორისო სანქციებისაგან. ცხადია, საქართველოში ირანელები ჩამოვიდნენ - 99% საკმაოდ განათლებული, დასავლური მსოფლმხედველობის მქონე შეძლებული ხალხი იყო, 1% კი ფულის გამთეთრებელი ან კიდევ უარესი.

"ქართული ოცნების" პოლიტიკას ირანის
საკითხში ლოგიკური არც ახსნა აქვს და არც მოტივაცია. ახალ მთავრობას, ერთი მხრივ, ამერიკელები უმტკიცებდნენ, რომ საჭირო იყო ფულის გათეთრების აღკვეთა. ევროპელები, რომელთა სიტყვასაც ამ შემთხვევაში მეტი წონა ჰქონდა (ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინა პერიოდი იყო) ეშინოდათ, ირანელებს საქართველო, რომელიც მალე შენგენის ზონის წევრი გახდება, ევროპაში შესაღწევად
უკანა კარად არ გამოეყენებინათ.

ქართველებს თავისი საწუხარიც ჰქონდათ, რაც განპირობებული იყო ისტორიული ინტერპრეტაციებითა და საზოგადოების უკმაყოფილებით. როგორც წესი, ქართველებს არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, თუ ევროპელები ჩამოვლიან და აქ ფულს დააბანდებენ, თუკი მათ თეთრი კანი ექნებათ და ქრისტიანები იქნებიან. მაგრამ მუქი კანის მქონე, თანაც მუსლიმი ხალხი ბევრს აღიზიანებს. ერთი საინტერესო ფაქტიც - იშვიათად, რომ ევროპელმა ან ამერიკელმა ქართული ისწავლოს ან ბავშვი ქართულ სკოლაში შეიყვანოს, აი, ირანელები კი ორივეს აკეთებდნენ. მიუხედავად ამისა, ირანელები, ისტორიული თუ სხვა მიზეზების გამო, ბევრს თვალში არ მოსდიოდა.

ახალმა მთავრობამ კი ცივი გონებით განსჯის ნაცვლად, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა და ვაშინგტონისა და ბრიუსელის არც ისე მკაფიოდ გამოხატულ სურვილებზე დაყრდნობით ირანელების უმრავლესობას აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინა. ახალმა მთავრობამ ასევე "გადმოაკოპირა" ევროპელების მთავარი საწუხარი: "ისინი ჩვენი სამსახურების წასართმევად მოდიან!" - არადა, ირანელების უმრავლესობა აქ სამუშაოდ კი არა, დასახარჯად, ფულის დასაბანდებლად ჩამოდიოდა.

ახლა კი ვითარება შეიცვალა - ირანელები ცოტანი დარჩნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, დარჩნენ ფულის გამთეთრებლები, რომლებიც ყოველთვის პოულობენ გზას, კანონს გვერდი აუარონ. აი, იმ ოჯახებს კი, ვინც აქ ბინა შეიძინეს და ბავშვები სკოლაში შეიყვანეს, ქვეყნიდან წასვლამ მოუწიათ და რაც ყველაზე საინტერესოა, უმეტესობა ირანში კი არ დაბრუნდა, არამედ ევროპისაკენ აიღო გეზი.

ვითარება იცვლება ირანშიც. მოლაპარაკება ბირთვულ პროგრამაზე წინ მიდის, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში შეთანხმებასაც მიაღწევენ, რაც სანქციების დასასრულს ნიშნავს. შესაბამისად, ირანი გაიხსნება, რასაც ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ვიდრე იმ საერთაშორისო მოთამაშეებისათვის, რომელთაც სურდათ, საქართველოს უვიზო რეჟიმი გაეუქმებინათ. თურქეთის მსგავსად, ირანთან ურთიერთობა საქართველოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას შეიძენს. მაშინ როდესაც რუსეთი ნელ-ნელა საკუთარი თავის გარე სამყაროსაგან სრულ იზოლაციას ახდენს, ირანის როლი რეგიონში გაიზრდება. შეამჩნევს კი საქართველო ამას და მოასწრებს კი ამის თავის სასარგებლოდ გამოყენებას? მათ, ვისაც საქართველოს ბედი ანაღვლებთ, არ აწყენდათ, ამ საკითხზე დაფიქრება.

იხ. ბლოგის ინგლისური ვერსია
15 აგვისტო 2014 04:55
ეროვნული ხელისუფლების გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს...
eL
04 აგვისტო 2014 12:42
ზოგ-ზოგიერთებს არ გეწყინოთ, მაგრამ მე პირველ რიგში ჩემი საქართველო მანაღვლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ირანი და ბურკინა-ფასო.
eqsperti
31 ივლისი 2014 12:15
ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა, საქართველო მხოლოდ რეგიონალური როლით უნდა დაკმაყოფილდესოო!

არადა, რიგმა ფაქტორ-გარემოებებმა უკვე ათასწლეულებია, საქართველოს შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი როლი არგუნა (კარგია ეს, ცუდი თუ არც ისე, სხვა საქმეა!). სწორედ ამის გამო მოისწრაფოდა ჩვენსკენ ამდენი დამპყრობელი - ურჯულო თუ ქრისტიანი!
სხვათაშორის, არც გამსახუდიაც ცდილობდა განსაკუთრებით მასშტაბური როლის შემსრულებლად ეხილა ჩვენი ქვეყანა (მხოლოდ კავკასიის ხალხების ინტელქტუალური მაკავშირებლის პოზიცია ხიბლავდა) და რითი დამთავრდა ეს ყველაფერი, კარგად ვიცით! მსოფლიოს თავისი ინტერესები აქვს, რომლებსაც საკუთარი უნდა შეუხამო!!!!!!
დრო მიდის, ბევრი რამ იცვლება, მალე ირანიც ნორმალურ სახელმწიფოდ იქცევა (როდისმე, ალბათ, რუსეთიც). ახალი ხელისუფლება კი ახალ რეალობებს ვერ თუ არ ითვალისწინებს - აკრძალვებით საქმე წინ ვერ წავა! დასავლეთს სურდა საქართველოს მეშვეობით კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინა ირანზე და დაებრუნებინა ის იმ გზაზე, რომელსაც შაჰი წარმატებით კვალავდა (მაგრამ რეტროგრადების ქმედებები და ქვეყნის წინსვლის დროებით შეფერხება მხოლოდ საქართველოს ხვედრი არ ყოფილა!).

ირანსა და ევროპას შორის ხიდის გადება კი ქვეყანას ბევრ სიკეთეს ჰპირდება!!
არის საშიშრობები ამ გზაზე?!! რა თქმა უნდა, არის!!! მაგრამ ხელისუფლებას სწორედ იმის გამო ირჩევს ხალხი, რომ მან ჭკვიანური კანონშემოქმედებით ეს საფრთხეები აგვაცილოს! და შეძლებს ამას ჩვენი მომღერალ-მსახიობ-რეჟისორ-პოეტ-სპეციალისტებით დაკომპლექტებული პარლამენტი?!!

რედაქტორის რჩევით