მიშას საქმე - ჭეშმარიტება თუ შურისძიება? - კვირის პალიტრა

მიშას საქმე - ჭეშმარიტება თუ შურისძიება?

როგორ უნდა მოვეკიდოთ მიშასთვის და პატიმრობის შეფარდების საკითხს? როდესაც ახლანდელი მთავრობა ამაზე საუბრობს, მაგალითად სარკოზი მოჰყავს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სავსებით ნორმალურია. თუმცა, ფრანგ სოციალისტებს სარკოზისა და მისი თანამოაზრეების დაკავება სახელმწიფო პრიორიტეტად ნამდვილად არ უქცევიათ. მისი დაკავება განაპირობა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ენთუზიაზმით სავსე პროკურორების მუშაობამ, რომელთაც უტყუარი სამხილები შეაგროვეს. საქართველოში კი პროკურორები არც შევარდნაძისა და არც მიშას დროს სამხილების შეგროვებით თავს არ იწუხებდნენ. როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბევრს სჯერა, რომ მთავარი მოტივი ამ საქმეში შურისძიებაა და საქართველოში ბევრს უხარია კიდეც ეს.

მაგრამ დასჯაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების დადგენაა. შევარდნაძე და მისი გუნდი კორუმპირებული იყვნენ. როდესაც ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი მოვიდა, მან ეს ხალხი დასაჯა, მაგრამ კანონის უზენაესობის იგნორირების ხარჯზე. დროთა განმავლობაში მორჩილი და დამყოლი სასამართლო სისტემა "ნაციონალებს" ისე გაუტკბა, რომ ვინც თვალში არ მოუვიდოდათ, ყოველგვარი სამხილის გარეშე უკრავდნენ ციხეში თავს. რა თქმა უნდა, ეს საშინელება იყო და ბევრს, ძალიან ბევრს, სწორედ ამიტომაც სძულდა და ეშინოდა მათი. ახლა კი სწორედ ამ ხალხს სურს მათი დასჯა და უხარიათ, როდესაც მორიგი დაპატიმრების ან ქვეყნიდან გაქცევის ამბავს გაიგებენ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ცუდია, რომ ამ ხალხის ციხეში ჩასმა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენა.

საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი აღფრთოვანებული არ არის სააკაშვილის საქმის ამგვარი განვითარებით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: მათ შორის არიან ისინიც, ვინც თავის დროზე თვალს ხუჭავდა მიშას დროს ჩადენილ დანაშაულებზე. თუმცა, უფრო მეტს უბრალოდ სურს, საქართველომ გადააბიჯოს ამ ყველაფერს და გზა განაგრძოს - შიშობენ, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის ანგარიშის გასწორება შესაძლოა ტრადიციად იქცეს.

მიუხედავად ამისა, "ნაციონალური მოძრაობა" არ იყენებს მისთვის მიცემულ შანსს, უარს აცხადებს, ბოდიშის მოხდაზე იმისთვის, რაც ჩაიდინა, მეტიც, არ სურს, აღიაროს ჩადენილი დანაშაული. ყველამ იცის, რომ მათ შექმნეს სახელმწიფო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო ხალხის ციხეში ჩაყრაზე ყოველგვარი სამხილის და ზოგჯერ მიზეზის გარეშე. ამაზე ქართველ საზოგადოებაში საერთო კონსენსუსი არსებობს და მიუხედავად ამისა, "ნაციონალები" უარს აცხადებენ, აღიარონ ეს და სხვა მრავალი ცუდი საქციელი, რომელიც ჩაიდინეს. მაგრამ, ერთი მხრივ, ძნელია აღიარო, როდესაც იცი, რომ მეორე მხარე უმნიშვნელო საბაბის გაჩენისთანავე მზად არის, შენც ციხეში მიგაბრძანოს. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მართებთ, ქვეყანას პატიება სთხოვონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს.

რა უფრო ადრე მოხდება - ახალ მთავრობას მოსწყინდება ძველის ციხეში ჩასმა თუ ყოფილი მთავრობა აღიარებს დანაშაულს და პატიებას ითხოვს? მე თუ მკითხავთ, ამ ხალხის ციხეში ჩასმასა და მათთვის ახალი პლატფორმის მიცემას აჯობებდა, ყველაფერი ძირისძირობამდე გამოეძიათ და უმცირესი დეტალების ჩართვით გამოექვეყნებინათ. თუ "ნაციონალური მოძრაობა" მაინც უარს იტყვის, იყოს გულწრფელი და აღიაროს, რაც ჩაიდინა, ის პოლიტიკური უმნიშვნელობისთვის არის განწირული.

იხ. ბლოგის ინგლისური ვერსია