როგორ შემოვიღოთ რეგულაციები?
17-08-2014
როგორ შემოვიღოთ რეგულაციები?
საქართველომ უნდა ისწავლოს რეგულირება. ეს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა და წარმატებით იშვიათად თუ განხორციელებულა. საბჭოთა პერიოდში არსებობდა რამდენიმე ეფექტური რეგულაცია, მაგრამ უმეტესობა უვარგისი იყო. ვინაიდან თითქმის ყველა გადაწყვეტილებას მოსკოვში იღებდნენ, რეგულაციებს კონკრეტული ადგილების საჭიროებებთან ცოტა ჰქონდა საერთო. თავად რეგულაციები, როგორც წესი, სანამ შემსრულებელთან მიაღწევდა, უკვე პირობით ხასიათს იძენდა. მათი პირველადი დანიშნულება აღარავის ახსოვდა. შევარდნაძის ხანაში რეგულაციის დანიშნულება თანამდებობის პირისთვის ფულის შოვნისთვის გამამართლებელი საბუთის ფუნქციას ასრულებდა. ეს სისტემა ადამიანებს ნებას
რთავდა, რეგულაცია უგულებელეყოთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამდებობის პირს ფულს გადაუხდიდნენ. მიშას მმართველობის დროს კახა ბენდუქიძის შეხედულებების თანახმად მოქმედებდნენ. ის პრინციპულად ვერ იტანდა სახელმწიფო რეგულაციებს და თვლიდა, რომ ბაზარი დაარეგულირებდა ყველაფერს. მისი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე რეგულაცია სასურველი იყო (თუმცა, მას არ სწამდა,
რომ შეიძლება სასარგებლო რეგულაცია არსებობდეს), სახელმწიფოს მაინც არ შესწევდა უნარი ეფექტური რეგულაციის გატარებისა.

სწორი ხედვისა და ესტონეთის სახელმწიფოს დახმარებით საქართველოში სახელმწიფო რეგულაციის დიდი ნაწილი ონლაინრეჟიმში გადავიდა. ამან გააადვილა პოლიციელების მიერ ქრთამის აღების კონტროლი. ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი საჯარო და სამოქალაქო რეესტრები იქმნებოდა, რომლებიც ახლა უფრო დახვეწილია, ვიდრე მსგავსი დაწესებულებები ბევრად მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, სხვა სექტორებმა ასეთივე დადებითი ცვლილებები ვერ განიცადეს, არადა, რეგულაციები მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ. საწვავის ხარისხი ძალიან დაბალია. მანქანები საქართველოში მეტად აბინძურებენ გარემოს, ვიდრე დასავლეთ ევროპაში, რადგან არ არსებობს მექანიზმი რომელიც საერთაშორისო ემისიის სტანდარტებს დააწესებს და საწვავის ხარისხს გააკონტროლებს.
მეტყევეობაც დაურეგულირებელია და ტყეების ჩეხა კვლავ პრობლემაა. იგივე ითქმის საკვების უსაფრთხოებაზეც და თუ საქართველოს ევროკავშირში უნდა საკვები პროდუქტის ექსპორტირება, ძალიან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს.

მშენებლობის პროცესი და თავად შენობებიც საოცრად სახიფათოა. საზოგადოდ, ეკონომიკაში, სამომხმარებლო და კომერციულ საქონელზე რეგულაციის ნაკლებობაა. როგორ უნდა გავატაროთ რეგულაციები ეფექტურად? ახალ მთავრობას ვთავაზობ სამ იდეას იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:

1) განსაზღვრეთ, რომელი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობებია პასუხისმგებელი რეგულაციაზე, რომ პროცესი იყოს ნათელი. რომელ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ ქალაქები ლოკალურად და რომელ გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს ეროვნული მასშტაბი? ყველა რეგულაციას სჭირდება მკაფიოდ განსაზღვრა, რათა იყოს საჯაროდ განხილული, გადაწყვეტილი, ადმინისტრირებული და გაუმჯობესებული. აუცილებლად გააკონტროლეთ, პასუხისმგებელთა ჯაჭვის სათავეში ისეთი ადამიანი იდგეს, რომელიც ხალხის არჩეულია.

2) მაგალითი აიღეთ ევროკავშირისგან. ევროკავშირი საუკეთესო რეგულატორია მსოფლიოში. ჩინეთში ქარხანა, რომელიც რამეს აწარმოებს, ყველაზე ფრთხილად ევროკავშირის სპეციფიკაციებს ეპყრობა, რადგან, თუ ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილეს, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად დააკმაყოფილებენ ნაკლებად მკაცრი ამერიკისა და სხვა ქვეყნების სტანდარტებსაც.

3) დაეკითხეთ გარშემო მყოფებს. ხშირად, როდესაც პარლამენტის წევრი ან სამინისტროს თანამშრომელი რაიმეს რეგულაციის საჭიროებას დაინახავს, მაშინვე იწყებს კანონის წერას და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ცვლილება. ამას ნუ დაუშვებთ! სხვებსაც დაელაპარაკეთ, ვისზეც შეიძლება რეგულაციამ იმოქმედოს. დაეკითხეთ მათ, ვინც იმპლემენტაციის გარშემო ტრიალებს. აქამდე არც ერთ ქართულ მმართველობას არ შეუმუშავებია რეგულაციის წარმატებული პოლიტიკა ან გეგმა. ვიმედოვნებთ, ეს პირველი წარმატებული შემთხვევა იქნება.

იხ. ბლოგის ინგლისური ვერსია
DINO_ZAUR
19 აგვისტო 2014 13:29
ჰმ, ძაან ზოგადად წერია, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მართალია ბ-ნი მარკი.

რედაქტორის რჩევით