დამოუკიდებელი შოტლანდია
16-09-2014
დამოუკიდებელი შოტლანდია
18 სექტემბერს შოტლანდია არჩევნების საშუალებით გადაწყვეტს, გახდეს თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამჟამად გამოკითხვები აჩვენებენ, რომ დამოუკიდებლობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები თანაბარი რაოდენობის არიან და ამიტომ რეფერენდუმის შედეგის გამოცნობა შეუძლებელია. ამ რეფერენდუმის შედეგებმა, შესაძლოა, საქართველოს მნიშვნელოვანი გაკვეთილები ასწავლოს. პირველი იმის გააზრებაა, რომ დამოუკიდებლობა არც საშიშია და არც არასწორი. მოვლენები ისე ვითარდება ხოლმე, რომ ხალხს დროდადრო დამოუკიდებლობა უნდება. დიდი ქალაქები, დიდი კორპორაციები და ისეთი დიდი კონფედერაციები როგორიც ევროკავშირია, თანდათან უფრო და უფრო მნიშვნელოვანი
ხდება და ამიტომ ჩვეულებრივი, ძველი ერი-სახელმწიფოები მნიშვნელობას კარგავენ.

თუ შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოს გამოეყოფა, ის მაშინვე ეცდება, ევროკავშირს რაც შეიძლება, დაუახლოვდეს. კატალონიამ და ესპანეთმაც შესაძლოა იგივე გააკეთონ. ეს ორი პატარა ქვეყანა ალბათ ძალიან მალე შეუერთდება ევროკავშირს და ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირისათვის. ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი
პროცესი გახდეს იმ კუთხით, რომ ევროკავშირი ევროპის შეერთებულ შტატებად გადაიქცეს. გაერთიანებული სამეფო ძლიერია და როგორც წესი ახერხებს ევრო-კავშირისგან უფრო დიდი დისტანციის დაჭერას, ვიდრე ეს სხვა ევროპულ ქვეყნებს გამოსდით. ინგლისი შოტლანდიის გარეშე დასუსტდება და შესაძლოა მეტ კომპრომისზე წასვლა მოუწიოს ევროკავშირთან.

მაგრამ რატომ უნდა ამდენ შოტლანდიელს დამოუკიდებლობა? ბევრი თვლის, რომ როდესაც შოტლანდიის ინდუსტრია და ნახშირმრეწველობა მოკვდა სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში, ის საბანკო საქმემ შეცვალა ლონდონში, შოტლანდიას კი არაფერი დარჩა. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, შოტლანდიელები დიდი უმრავლესობით ლეიბორისტულ პარტიას აძლევენ ხმას, მაგრამ როდესაც გაერთიანებულ სამეფოს კონსერვატიული სახელმწიფო მართავდა, შოტლანდიელები თავიანთი ხმების მიუხედავად კონსერვატორების მიერ მართულად თვლიდნენ თავს. ბევრი შოტლანდიელი ინგლისელებისგან კულტურულად განსხვავებულად თვლის თავს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. იმ ემიგრანტებზე რა ვთქვათ, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოვიდნენ გაერთიანებულ სამეფოში? ისინი თავს არა ინგლისელებად არამედ ბრიტანელებად თვლიან. ექნება რაიმე დატვირთვა განსაზღვრება "ბრიტანელს", თუ შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოს გამოეყოფა? კიდევ რამდენ ხანს დარჩება ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებულ სამეფოში? მოუნდება თუ არა უელსს ინგლისთან მარტო დარჩენა?

არჩევნებში თუ დამოუკიდებლობამ გაიმარჯვა, მოლაპარაკებები გართულდება. ვინ გადაიხდის პენსიებს და ჰიდროკარბონის გადასახადებს? გართულდება საზღვრების კონტროლი, განსაკუთრებით კი თავდაცვა, რადგან შოტლანდიას გრძელი სანაპირო ხაზი აქვს. ამ ყველაფერზე მოლაპარაკებების წარმოება იქნება საჭირო. მოლაპარაკებები თუ გაჭირდა, ამან შესაძლოა იმხელა გულისწყრომა გამოიწვიოს, რომ უსაფრთხოების საკითხებიც კი წამოიწიოს. ეს ორი სახელმწიფო შესაძლოა, ერთმანეთის მტრები გახდნენ. ბევრი ჩეხოსლოვაკელი ფიქრობს, რომ მათი გაყოფა ზედმეტად სწრაფად მოხდა და ერთად დარჩენის შემთხვევაში უკეთესად იცხოვრებდნენ. როდესაც ერიტრეა ეთიოპიას გამოეყო, ვალუტასთან და საბანკო საქმესთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ, რამაც დამოუკიდებლობიდან ექვსი წლის შემდეგ ომი გამოიწვია.

ცხადია, რომ მთელი ეს პროცესი იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ უნდა დაბალანსდეს ძალაუფლება ცენტრსა და რეგიონებს შორის. საქართველოს ამ ბალანსისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. ახლა როდესაც მერები არჩევნების მეშვეობით ინიშნებიან, ამის შანსი გაჩნდა. ვნახოთ, რამდენად დამოუკიდებლები იქნებიან ისინი და რამხელა უფლებამოსილება მიეცემათ იმისათვის, რომ ამომრჩევლების ცხოვრება გააუმჯობესონ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ და ცენტრალური მთავრობის პოზიციის საწინააღმდეგო აზრი საჯაროდ დაუსჯელად გამოთქვან.

მთელი ეს შოტლანდიის პროცესი ევროპული და ბრიტანული დემოკრატიის და სტაბილურობის შთამბეჭდავი ილუსტრაციაა. ამავდროულად ის აჩვენებს კრემლის ფარისევლობას და იმას, რომ რუსეთი მოძალადე სეპარატისტებს ეხმარება უკრაინაში. შოტლანდიაში კი პროცესები ძალიან ნელა, ათწლეულები ვითარდებოდა და ძალიან კარგი მიზეზითაც. შეადარეთ ეს ყირიმის შემთხვევის სიყალბეს. ცხადია, რომ კრემლს მეზობელთა შორის სეპარატისტების დახმარების მეთოდი აქვს. საკითხავია როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია მაგრამ ევროპა ნამდვილად ეცდება დააკვირდეს შოტლანდიას არჩევნების დროს და მას შემდეგ იმისთვის, რომ მინიშნებები ამოიკითხოს.
joni
22 სექტემბერი 2014 10:52
როგორც ერთ კომენტარში ამოვიკითხე თანამედროვე შოტლანდიელები მართლაც არ არიან ძველი ბრიუსები და უოლესები, ესენი მომხმარებელთა პრაგმატულ მასას შეადგენენ, რომელთათვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკურ კეთილდღეობას აქვს და არა ისე, როგორც ქართველები 90-იანების დასაწყისში, ოღონდ დამოუკიდებელობას მივაღწიოთ და ბალახს მოვძოვთო, თუმცა შოტლანდიელებს მსოფლიოში ცნობენ როგორც დამოუკიდებელ ერს და მათ ამისთვის ბრიტანეთში საკმარისი უფლებები გააჩნიათ, საქართველოს იქამდე ბევრი უკლია, ტერიტორიულ მოწყობას ვგულისხმობ და ა.შ, თუმცა მას ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოუწევს, მეგრული ენისთვის სტატუსის მინიჭება და ა.შ.
ana-S
22 სექტემბერი 2014 10:37
ვის დაკარგვიხარ შე საცოდავო, ვითომ სახელმწიფოს, ვითომ პატრიოტო.
ანა
20 სექტემბერი 2014 13:22
უსახელო,
კაცუნებთან კამათი არასაინტერესოა. მე მოვრჩი.
თქვენი საქციელი ჩემი ბავშვობისდროინდელ თამაშს მაგონებს-,,შერჩენობიას" ვეძახდით. აბა ჰე, ბოლო სიტყვა თქვენზე იყოს. როგორც ჩანს ვეღარ გაიზარდეთ. რა თქმა უნდა საცოდავი ვარ თქვენთან უაზრო კამათში ძვირფასი დრო რომ დავკარგე. გავითვალისწინებ. შეგიძლიათ აბრუნოთ ჩემი სახელი მიცემით ბრუნვაში რამდენჯერაც გაგეხარდებათ. ერთბაშად რამე არ დამაკლოთ.

რედაქტორის რჩევით