შუაშისტის მანიფესტი
შუაშისტის მანიფესტი
1) შუაში ყოფნა საუკეთესო პოლიტიკური მდებარეობაა. ჩემთვის მიკერძოებულობა ორივე მხარეს დაუბრალებია. ძალაუფლების მფლობელების ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერები, როგორც წესი, გაჩუმებას ირჩევან მაშინ როდესაც, როგორც ყოველთვის, მოვლენები საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებს სვლას. Mმე თუ საკუთარ თავს შუაში მოვათავსებ მაშინ იძულებული გავხდები, საკითხის ორივე მხარე დავინახო. ერთადერთი დრო, როდესაც შუაში დგომა არ ღირს, მაშინაა როდესაც პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარე იმდენად აგრესიული ან კორუმპირებულია, რომ ერთადერთი გამოსავალი სრულიად განსხვავებული ხედვაა. საკითხი ასე არ დგას საქართველოში და
ასე რომ იყოს, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეიქმნას. იმისათვის, რომ შუაში არ იდგე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზებია საჭირო.

2) მე ტოლერანტულობისა და საყოველთაო პატივისცემის მწამს. არც საქართველოს და არც მსოფლიოს არ ვუყურებ, როგორც ბრძოლას ბოროტსა და კეთილს შორის. არ ვფიქრობ, რომ ადამიანები კარგები ან ცუდები არიან და ზოგადად
ასეთ განსჯას თავს ვარიდებ. როგორც წესი, განსჯა უბრალოდ მარტივი გამოსავალია ჩვენთვის უცნობ ან დამაბნეველ ახალ იდეასა თუ პრაქტიკასთან პირისპირ შეხვედრისას. მნიშვნელოვანი კი მოქმედებაა და ის, თუ როგორ მოქმედებს ის სხვა ადამიანებზე, ეკონომიკასა და ბუნებაზე. იმის ზედმეტად სწრაფად განსჯა თუ რას ამბობენ, ან რისი სჯერად ადამიანებს დროის უაზრო ხარჯვაა, რომელიც გამოცდილებიდან ცოდნის მიღებას უშლის ხელს.

3) მას შემდეგ, რაც შევარდნაძე გადადგა, სამი წლის განმავლობაში ახალი მთავრობა გამუდმებით იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ ეჩქარებოდათ და რა მოკლე მანდატი ჰქონდათ. ამით ამართლებდნენ თავიანთი უარესი გადაწყვეტილებების უმრავლესობას. როცა დემოკრატიულ სახელმწიფოში რომელიმე პარტია მოდის მთავრობაში, თავიდან ის პოპულარულია და დროთა განმავლობაში ამ პოპულარობას თანდათან კარგავს, მანამ სანამ სხვა პარტია ან ლიდერი არ გადმოიბირებს მოსახლეობის უმრავლესობას. ყოველთვის ასე ხდება და იმ პარტიას რომლის ხელშიცაა ძალაუფლება, არ უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ოპოზიცია აირჩიოს. არასდროს. თუ ისინი თავად ირჩევენ ოპოზიციას, მაშინ ეს ოპოზიცია არ არის. მთავრობა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ამომრჩეველი სულელია, დიდ ხანს ვერ გასტანს. მთავრობას უნდა ჰქონდეს ხედვა არა მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის, არამედ მოსახლეობისთვის და პოსახლეობის შეხედულებების შეცვლას დრო სჭირდება.

4) მე ინსტიტუციების უფრო მჯერა, ვიდრე ინდივიდების. ინდივიდები იცვლებიან, განსაკუთრებით ისინი, ვინც გარკვეული დროის განმავლობაში ძალაუფლებას ფლობენ და როგორც წესი უკეთესობისკენ არა. დიადი ინდივიდუალური ლიდერი ააშენებს და გაამყარებს ინსტიტუციებს და იმ შეზღუდვებით იცხოვრებს ,რომლებსაც ისინი მოიტანენ. სუსტი ლიდერი კი გაანადგურებს ინსტიტუციებს იმ შემთხვევაში, თუ ეს წინ გადაეღობება. ის ინსტინქტი, რომ ინდივიდუალური პოლიტიკოსის გვჯეროდეს და არა ინსტიტუციების, უმწიფარი დემოკრატიის ნიშანია. კონსტიტუციასთან თამაშმა და კრიმინალური სამართლის სისტემის განადგურებამ გაანადგურა ნაციონალური მოძრაობა. ახლანდელი მთავრობის დამოკიდებულება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავდეს, შესაძლოა სუსტი ინსტინქტების ილუსტრაცია იყოს.

5) მე ადამიანების აზრებს ვცემ პატივს. მირჩევნია იდეა, გეგმა ან შემოთავაზება გავარჩიო, ვიდრე ის თუ ვინ მოიფიქრა ეს იდეა. ის ინსტინქტი, რომ აზრის გამჟღერებელს დავესხათ თავს, სისუსტის მაჩვენებელია. მესმის, რომ ყველაფერი არ ვიცი და სხვა ადამიანებს ჩემგან განსხვავებული გამოცდილებები აქვთ. არ ვენდობი ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფაზე გადადიან ან სწრაფად ბრაზდებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კარგი ორატორები ან საინტერესო მოსაუბრეები არიან. იმ ადამიანების ღია გონებით მოსმენა, რომლებიც არ გვეთანხმებიან, მნიშვნელოვანი უნარია, განსაკუთრებით ძალაუფლების მქონეთათვის.

6) მე პატივს ვცემ მათ, ვინც ბოდიშს იხდის და დანაშაულს აღიარებს. მე ამას არ ვუყურებ, როგორც სისუსტეს. თვითდაკვირვება და საკუთარი თავის ცნობა კარგი მთავრობის ფუნდამენტური ნაწილია. სიჯიუტე სისუსტეა.

7) მე მჯერა კავშირების. საქართველო უფრო დიდი სამყაროს ნაწილია. ეს ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე უნდა იყოს. საქართველო მსოფლიოს ცენტრი არაა. ის იმპერიებით გარშემორტყმული პატარა ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა იზოლაციიდან გამოდის. მას დანარჩენი მსოფლიოს კარგად შეცნობა სჭირდება, განსაკუთრებით კი საკუთარი მეზობლების. საქართველოს წარმატება საერთოს გამონახვაზე იქნება დამოკიდებული და არა განსხვავებულობის დამტკიცებაზე.

8) მე მჯერა მრავალფეროვნების. სხვადასხვა აზრები, რელიგიები, და ეროვნული ჯგუფები ყველანი სიმტკიცის წყაროა. ის ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებისგან შედგება, რომლებიც მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ერთმანეთთან, უფრო ძლიერია, ვიდრე ის ქვეყანა, სადაც ყველა ერთნაირია. ცოდნა ნებისმიერი რამისგან შეიძლება მივიღოთ, ხშირად კი მოულოდნელი წყაროებიდან. არავინ და არც ერთი ერი არ სჯობს სხვას და ის ადამიანები ვინც ასე თვლიან, ჩამორჩენილები არიან.

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები