საპასპორტო დილემა - კვირის პალიტრა

საპასპორტო დილემა

როგორც მითხრეს, ზურაბ ადეიშვილი კომპიუტერს უჯდა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს, რომელიც 2003 წლის იანვარში ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა პრეზიდენტის სკამიდან იმისათვის, რომ პარლამენტის სპიკერი გამხდარიყო. ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომლის აქტიური ვერსიაც კომპიუტერში ჰქონდა, ქართველებს თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები გამხდარიყვნენ საქართველოს მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ბურჯანაძე ღელავდა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად, მაგრამ მალულად აიღებდნენ რუსულ და სომხურ მოქალაქეობას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უკვე ჰქონდა სხვა ქვეყნის პასპორტი. ის ურყევი იყო და ამიტომაც კომპრომისი, რომელსაც მიაღწიეს, სხვა მოქალაქეობის მიღებისთანავე საქართველოს მოქალაქეობის დათმობას ითვალისწინებდა. ინდივიდს შემდგომ პრეზიდენტის ნებართვის აღება მოუწევდა, რათა თავიდან მინიჭებოდა საქართველოს მოქალაქეობა და ამ ნებართვის გაცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლო. ბურჯანაძე ურყევი იყო და გადაწყვეტილება, როგორც ყოველთვის, ნაჩქარევად მიიღეს. სალომე ზურაბიშვილისა და კახა ბენდუქიძისათვის მოქალაქეობის მიცემა იმიტომ უნდოდათ, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ და მათთვის სამინისტროები ჩაებარებინათ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მმართველობითი სტრუქტურის შეცვლა უნდოდათ ისე, რომ ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო და იმავდროულად, სააკაშვილი მაინც ყველაფრის სათავეში დარჩენილიყო. ისინი ამ ცვლილებების გატარებას ძალით აწვებოდნენ და ძველ პარლამენტს აიძულებდნენ, სამ დღეში მიეღო კანონი.

მე ყოველთვის არასწორად მეჩვენებოდა, რომ პრეზიდენტი გასცემდა მოქალაქეობის უფლებას. მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ასეთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის, რომ ინდივიდის ერთი ან ორივე მშობელი ქართველია, რომ რაღაც დროის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა ან რაიმე ტესტი ჩააბარა, ან განსაზღვრული ოდენობის ინვესტიცია გააკეთა საქართველოში. რა კრიტერიუმებიც უნდა იყოს, ისინი კანონით უნდა იყოს განსაზღვრული და არა კონკრეტული ინდივიდის მიერ. ისეთი პათეტიკური შემთხვევებიც იყო, როდესაც მიშა ჩამოსულ თანამდებობის პირებს გადასცემდა ქართულ პასპორტებს, როგორც სახალისო საჩუქრებს. ამაზე სევდიანი ამბავი კი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობრივი სტატუსის მისი პოლიტიკიდან მოშორებისათვის გამოყენება იყო. მთავრობა ყოველთვის ახერხებდა სამართლებრივი კუთხეების მოჭრას ოპოზიციისგან განსხვავებით.

ახლა კი ფორმალურმა მთავრობამ არაფორმალური მთავრობის კვალდაკვალ გადაწყვიტა, რომ არჩეული პრეზიდენტი არ მოსწონს. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც პრეზიდენტი წყვეტს, ვინ მიიღებს მოქალაქეობას და ვინ - არა. ამას წინათ, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, უნდა გადაეცეს თუ არა გასაოცრად კორუმპირებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს მოქალაქეობა. მაგრამ უნდა წყვეტდეს თუ არა პრეზიდენტი ასეთ რამეს? რა იქნებოდა მაშინ, თუ მოქალაქეობას ჩვეულებრივი ადამიანი მოითხოვდა, რომელიც პრეზიდენტს პირადად არ მოსწონს? საერთოდ, რატომ არის პრეზიდენტის განაჩენი აუცილებელი?

ბევრი კარგი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ინდივიდების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და განაჩენის გამოტანის პრაქტიკა მოვიშოროთ. გაიხსენეთ შევარდნაძის დრო, როდესაც თუკი რაიმე გჭირდებოდა სახელმწიფოსგან, ვიღაც კონკრეტული პირი წყვეტდა, მიიღებდი თუ არა იმას, რაც გინდოდა და ამისათვის ფული უნდა გადაგეხადა. პასპორტის აღება თუ დაგჭირდებოდა, ვიღაცისთვის უნდა გადაგეხადა ფული, რომ მას შენთვის პასპორტის მოცემის გადაწყვეტილება მიეღო. Aამ ადამიანებს ბევრი ფული ჰქონდათ გადახდილი საკუთარ თანამდებობაში და ამ ფულის უკან ამოღება უნდოდათ. ის, ვისაც გზების დაგება ევალებოდა, არ აგებდა გზებს. როდესაც ადამიანებისგან ფულს აიღებდა, რამდენიმე გზას დააგებდა, დანარჩენი კი დაუგებელი რჩებოდა. ახლა იმდენი წვრილმანი კორუფცია აღარ არის, მაგრამ მაინც უამრავი უსარგებლო გადაწყვეტილებაა, რომლებმაც ადვილად შეიძლება კორუფციას შეუწყოს ხელი როგორც მაღალ, ასევე დაბალ დონეებზე. და საერთოდაც, რომ არ იყოს კორუფცია, უფრო სწრაფი და ადვილია, კანონი წყვეტდეს ყველაფერს და არა ინდივიდი.

თითქმის ყველა დასავლური ქვეყანა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პასპორტებს ყიდის და მათი ფასი დაბლა იწევს. ისინი არ ამბობენ, რომ პასპორტებს ყიდიან, მაგრამ სინამდვილეში ასეა. თუკი განსაზღვრული ოდენობის ინვესტიციას გააკეთებ და რამდენიმე წელიწადს დაიცდი, შენ და შენი ოჯახის წევრები პასპორტებს მიიღებთ. საქართველოს თბილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ევროპაში საქართველოს პასპორტი ბევრად გამოსადეგია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების პასპორტები. ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ უბრალოდ დაუშვათ ორმაგი მოქალაქეობა წინასწარ განსაზღვრული პირობებით და მოიშოროთ სრულიად უსარგებლო ბიუროკრატია. საქართველო, როგორც პროგრესული ქვეყანა, კარგ მაგალითს შექმნიდა და სხვებს გაუსწრებდა ამ საკითხში. მეორე მხრივ, კონსტიტუციის ისე შეცვლა, რომ ახლა პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს მოქალაქეობის მინიჭების უფლება, არასწორი იქნებოდა. ეს პარლამენტის დროს სამარცხვინო კინკლაობაში გაფლანგავდა.

წაიკითხეთ ბლოგი ინგლისურად