მოახლოებული არჩევნები ამერიკაში - კვირის პალიტრა

მოახლოებული არჩევნები ამერიკაში

ორიოდ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართება. ასეთი არჩევნები იმ ლუწ წლებში იმართება, როცა საპრეზიდენტო არჩევნები არაა დანიშნული. საქართველოსაგან განსხვავებით, სადაც ერთი პარლამენტი არსებობს, ამერიკაში ორი პალატა გვაქვს: კონგრესი და სენატი. კონგრესში 435 წევრია, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 700 000 ადამიანს წარმოადგენს, ხოლო სენატს ყოველი შტატიდან ორი წარმომადგენელი ჰყავს. კონგრესის წევრებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. სენატორების ვადა ექვს წელიწადს შეადგენს და ყოველ ორ წელიწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების ერთი მესამედის დასაკავებლად. ამჟამად სენატს დემოკრატები აკონტროლებენ, ხოლო კონგრესს – რესპუბლიკელები.

ობამა უკვე ექვსი წელი პრეზიდენტია და ორი წელიღა დარჩა ვადის ამოწურვამდე. მისი პოპულარობა დაეცა, თურმცა არა იმდენად, რამდენაც ბუშის ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე. დემოკრატების მთელი ყურადრება ახლა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზეა ფოკუსირებული და არა კონგრესის არჩევნებზე. სავარაუდოდ, მათი კანდიდატი ჰილარი კლინტონი იქნება. რესპუბლიკელები, მათგან განსხვავებით, სენატზე კონტროლის მოპოვებით არიან დაინტერესებული და წინასწარი კვლევებით ამის 60% შანსი აქვთ.

რესპუბლიკელები სამ სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, რაც ართულებს მოსახლეობისთვის მათ პოლიტიკაში გარკვევას. პირველი, ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი ლიბერტარიანელები არიან და, სავარაუდოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად რენდ პოლს მოიაზრებენ. მათი რწმენით, მთავრობა არ უნდა ერეოდეს ადამიანის ცხოვრებაში და მთავრობა უნდა იყოს, რაც შეიძლება, მცირერიცხოვანი. ჭეშმარიტი ლიბერტარიანელები ბევრნი არ არიან, მაგრამ მათ იდეოლოგიას და რიტორიკას აქა-იქ იზიარებს ხოლმე რესპუბლიკური პარტია. მეორე ჯგუფს შეგვიძლია ვუწოდოთ "მდიდარი, ხანშიშესული, თეთრკანიანები". ყველა მათგანი მდიდარი არ არის, მაგრამ ჯგუფის ლიდერები ნამდვილად არიან მდიდრები. მათი სურვილია, მთავრობამ მათი ოჯახების და ბიზნესების ინტერესები დაიცვას. ხშირად მათ მოიხსენიებენ როგორც "ერთ პროცენტს". 2012 წლის არჩევნებზე ბევრი კანდიდატი იყო სხვადასხვა ჯგუფიდან, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ვინაიდან ამ ჯგუფს აქვს ფული, მან თავისი კანდიდატი გაიყვანა – მიტ რომნი, რომელიც ობამასთან დამარცხდა. მესამე ჯგუფს წაროადგენს ე.წ "ჩაის პარტია", რომელიც რესპუბლიკელებმა შექმნეს როგორც ობამას საწინააღმდეგო ჯგუფი, მაგრამ ბოლო დროს მათ თავისი საკუთარი მიზნები გაუჩნდათ მისი წევრების უდიდეს ნაწილს თეთრკანიანი, პროვინციელი და გაუნათლებელი ადამიანები შეადგენენ. უმრავლესობა რასისტი, ქსენოფობი ან ჰომოფობია.

ეს სამი ჯგუფი იბრძვის რესპუბლიკურ პრაიმერში თავიანთი კანდიდატების გასაყვანად, რომელიც ჰილარი კლინტონს დაუპირისპირდება. ისინი ერთმანეთს ებრძვიან, თუმცა მათ ობამას სიძულვილი აერთიანებთ ამ სიძულვილშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჯერ გაურკვეველია, ვინ იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი, მაგრამ ცხადია, მას მდიდარი თეთრკანიანები შეარჩევენ და წინ საინტერესო პროცესი გველის.

თუ მოახლოებულ სენატის არჩევნებში რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს, ობამას საქმე გაურთულდება, შეიძლება ითქვას, მას ხელ-ფეხი შეეკვრება. ორივე პალატა ერთად ძლიერი ძალაა და მეტ ძალაუფლებას ფლობს. ვიდრე ნებისმიერი ევროპული პარლამენტი. პრეზიდენტის ძალაუფლება არაფორმალურია, მაგრამ თუ დემოკრატებმა სენატზე კონტროლი დაკარგეს, პრეზიდენტი თითქმის ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ გაიტანს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოსთვის? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად ძალიან პოლარიზებულია, უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს ასეთი დაპირისპირება, მაგალითად, აშშ-ში. საქართველოში დიდ პატივს სცემენ რონალდ რეიგანს, ვინაიდან არსებობს განცდა, თითქოს რესპუბლიკელები უფრო უპირისპირდებიან რუსეთს და საქართველოს უჭერენ მხარს, ვიდრე დემოკრატები. ეს არ არის მართალი. უბრალოდ, დემოკრატების რიტორიკა ნაკლებად აგრესიულია რესპუბლიკელებთან შედარებით. მაგალითად, ობამას ბუშზე მეტად რეალისტური პოლიტიკა ჰქონდა სააკაშვილისადმი. ამერიკაში ვინც უნდა გაიმარჯვოს, საქართველოსადმი პოლიტიკა არ შეიცვლება. მიზნები იგივე დარჩება: ევროკავშირთან და ნატოსთან თანდათანობითი ინტეგრაცია, მშვიდობა, სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი მედია, ძლიერი და ღია ეკონომიკა. ეს მიზნები ერთი და იგივეა რესპუბლიკელებისა და დემოკრატებისთვის და მათი უმრავლესობა ქართველ ხალხსაც სურს.